დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯეს” ოფისში “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა “კონფლიქტები საქართველოში, არსებული ვითარება და გამოწვევები.” შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ -ოსურ ურთიერთობებზე, შეიარაღებაზე, რუსეთის გავლენაზე ჩვენს რეგიონში და სამომავლო პერსპექტივებზე. მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ელიკო ბენდელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, იმართება, მრგვალი მაგიდები, სემინარ დისკუსიები, სადაც ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის, სომხეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ღებულობენ მონაწილეობას. “ჩვენ უკვე მესამე წელია, რაც ზუგდიდში ჩამოვდივართ, ვხვდებით ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებს სამშვიდობო თემატიკა და ვცდილობთ მათთან ერთად ვიმსჯელოთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რა მდგომარეობა გვაქვს და სად შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ”. დღევანდელ შეხვედრაზე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიური სახლის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა ისაუბრა აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. მისი თქმით, აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება მძიმეა, დაუსჯელობის სინდრომი მაღალია და კორუფციაც მძინვარებს. კანაშვილის განმარტებით, ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის დგას საოკუპაციო ძალები და გაყოფილი საზოგადოება. “თუმცა ქართული საზოგადოება არასამთავრობო სექტორი და მთავრობა დგამს ნაბიჯებს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადმოდის აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც იღებენ სამედიცინო დახმარებას. გადმოდიან სავაჭროდ და დასასვენებლად, რაც აჩვენებს, რომ პოზიტიური დინამიკა არის.” კანაშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს საზღვრის კვეთის საკითხი. მისი თქმით, საზღვრის გადმოკვეთის გამო ძალიან ბევრი ადამიანია დაპატიმრებული. “სამუშაო ბევრია, ახლო მომავალში რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ”. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის მოალაპარაკებების ფორმატზე. შეხვედრის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ნანა კალანდარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ მცირე წარმატებებია.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ს ფარგლებში, პროექტს „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარესთან“ ერთად, შვეიცარიულ საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS/EPER”-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მდგარი მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.