- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცირე საგამოფენო სივრცეში XIX საუკუნის II ნახევრის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების დარბაზი დღეს ოფიციალურად ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გახსნა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმოჩენილი მასალა ძირითადად წარმოადგენს დადიანისეულ სამზარეულო ჭურჭლის ნაკრებს და სამთავრობო სასახლის შესწავლის პროცესში აღმოჩენილ სხვადასხვა სახის მასალას.
ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებზე კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა რევაზ პაპუაშვილმა ისაუბრა.
დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობის საექსპოზიციო სივრცეში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხვა არტეფაქტებთან ერთად დაათვალიეროს წარმოდგენილი ნიმუშები.
ღონისძიების დასასრულს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს უსლარ ლატარიას ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცა.