- დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია.
ამავე ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერი ირმის “მყვირალობის” პერიოდია. ამ დროს, ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.
“მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით”.-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.