- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გამოფენა „მარადისობის გზა“ მოეწყო, რომელიც ქართული ისტორიული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა, ბესიკ არახამიამ მიესალმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მეცნიერის მასშტაბურ მოღვაწეობაზე. ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და განვლილი გზის შესახებ მსმენელებს ასევე ესაუბრნენ ისტორიკოსები: კოტე ჭიალია და ლაშა ჯიქია, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა.

ღონისძიების ორგანიზატორმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის აბონემენტის განყოფილების უფროსმა ინგა ქარჩავამ მიმოიხილა ნაშრომი – “ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდში“.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ცაიშისა და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეცნიერის მიერ გამოცემული წიგნები, მის შესახებ შექმნილი ლიტერატურა, ფოტო და საარქივო მასალები.
ღონისძიების ბოლოს დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ეპისტოლურ მემკვიდრეობას მიეძღვნა.
