- ეს გახუნებული წერილი 1945 წლის 16 ივლისითაა დათარიღებული. ავტორია ომის მონაწილე ალიოშა გერგედავა. წერილი გაზეთ “ზუგდიდის“ რედაქციის არქივში ინახება. არ ვიცით, როგორ მოხვდა რედაქციაში-ვინ მოუტანა ჟურნალისტებს და რატომ. წერილის შინაარსს აუღელვებლად ვერ წაიკითხავთ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ქართველი მონაწილეების ცხოვრებამ და ღვაწლმა დიახაც უნდა აგვაღელვოს.
“სალამი ჩემო ძვირფასო მშობლებო და ყველა ნათესავებო. გისურვებთ იცხოვროთ მუდამ ჯანმრთელად და კარგად. მე თუ მკითხავთ არამიშავს, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. ფრონტზე წამიყვანეს 5 ივლისს, ვიყავით ჟიტომირის ოლქში და ქალაქ ჟიტომირში (რუკაში გახედეთ და დაინახავთ). იქ დავიკავეთ ერთი ადგილი და ვიყავით. მეორე დღეს მოგვიხდა შეტაკება.
ბევრი დაიხოცა და ვინც გადავრჩით, დავიხიეთ უკან. ჩავარდით ერთ ტყეში და გარს შემოგვერტყა გერმანია. მაგრამ იქიდან გამოვიპარეთ ღამით და ოთხი დღე და ღამე ვიარეთ. ფეხით მოვედით ერთ სადგურში. სულ ოცდაათი კაცი ვიყავით გადარჩენილი. ჩავჯექით მატარებელში და ჩამოვედით კიევში და ისე, რომ ახლა ვზივართ კიევის სადგურში და ვწერ ამას. რამდენიმე წუთის შემდეგ, მივალთ შტაბში და იქიდან გადაგვაგზავნიან ფრონტზე. ნუ, ასე, რომ ჯერჯერობით არამიშავს და აწი რა მომივა რა ვიცი. აწი თქვენ იცით, გულს ნუ შეიწუხებთ. თქვენ რა გიჭირთ, იცხოვრებთ კარგად. აწი მშვიდობით.
გწერთ თქვენი შვილი, თქვენი ნახვის მონატრებული შვილი ალიოშა გერგედავა. ფრონტზე რომ წამიყვანენ იქიდან, წერილის გაგზავნა არ შეიძლება და ასე, რომ ნუ შეგეშინდებათ”.
16.07.41
რედაქცია სიამოვნებით უმასპინძლებს იმ ადამიანებს, ვინც იციან ალიოშა გერგედავას შესახებ. ვფიქრობთ, ამ წერილის ბედიც-ვის დარჩეს ის, ჩვენს რედაქციას, მუზეუმს, თუ მეომრის ახლობლები დაიბრუნებენ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ.
გაზეთ “ზუგდიდის“ რედაქცია