დღეს, დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, სოფლის ცენტრში ორი კილომეტრი სიგრძის გზის დაგებას. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა, მაგრამ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი განმარტებით, გუშინ იმყოფებოდა ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოსახლეობას გააცნეს გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ვადები. “ოქტომბერი-ახალკახათის გზის მშენებლობა დაწყებულია, გასული წლიდან, რომელიც გაგრძელდა წელს. ოქტომბრის ძირითადი ნაწილი, დასრულებულია, ხოლო ამ ნაწილის 23 აგვისტოს გამოცხადდა უკვე ახალკახათის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობის ტენდერი, რომელიც სამწუხაროდ, 13 სექტემბერს უარყოფითი შედეგით დასრულდა, ვინაიდან გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ გამოასწორა დოკუმენტური ხარვეზი და შესაბამისად, გამოცხადდა იმავე დღეს, ხელახალი ტენდერი, რომლის დასრულების თარიღი, გახლავთ 19 ოქტომბერი, ამის შესახებ სოფლის მოსახლეობა ჩავაყენეთ საქმის კურსში. შევთანხმდით იმ პროცედურებზეც, რომელიც გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, სჭირდება მერიას, რათა ხელშეკრულება გააფორმოს და ვუთხარით კიდევაც, სავარაუდო ვადები სამშენებლო სამუშაოების ჩატარების. აქედან გამომდინარე, მოსახლეობასთან ამოვწურეთ ყველა შეკითხვები, რომელიც მათ გააჩნდათ. გვითხრეს, რომ კომუნიკაცია 19 ოქტომბრის მერე ისევ გვექნებოდა ერთმანეთთან და ზუსტ თარიღსაც დავუსახელებდით სამუშაოების წარმოების. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად ვერ ვხვდები დღევანდელი აქცია რა მიზანს ემსახურებოდა.”
აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდნენ “ენმ” წარმომადგენლები.
ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.