- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული, ახალგაზრდული, ფორუმი გამართეს. “ზუგდიდელების” მოხალისე ჟურნალისტმა ნანა თოლორაიამ, რომელიც არის ახალგაზრდული სათათბიროს ადამიანის უფელბათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და თავად იყო ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე, ჩაწერა ინტერვიუები ფორუმელებთან.
-“ახალგაზრდული ფორუმი 2022’’, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო ახალგაზრდებისათვის, რომ გვესაუბრა ახალგაზრდულ პრობლემებზე, როგორიც არის თუნდაც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები… ნელ-ნელა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს მსგავსი ღონისძებები, რადგან პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და მათი მომავლის უკეთესობისაკენ შეცვლას… მე მომეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ფორუმელებს. საინტერესო აღმოჩნდა მათი ხედვა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:
ნინო სიჭინავა, მერიის ახალგაზრდული განყოფილების” უფროსი: -“ფორუმი უნიკალური პლატფორმაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ასევე რეგიონისთვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა, ასევე უწყებათაშორის საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნება და იმ საკითხების წამოწევა რაც გამოწვევაა ჩვენს მუნიციპალიტეტში, ეს საშუალებას გვაძლევს ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს უკეთესი მომავლისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის ოთხწლიანი გეგმას ვადა ეწურება 2022 წელს. სწორედ ეს გახდა საფუძველი ჩაგვეტარებინა ახალგაზრდული ფორუმი, რათა ყოფილიყო ერთგვარი შეჯამება, თუ რა გამოწვევები დარჩა მუნიციპალიტეტს ახალგაზრდულ სფეროში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, დაგეგმა რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი, რის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთად ისაუბრეს საერთო ღირებულებებზე, გამოწვევებსა და ძირითად პრობლემებზე.
ფორუმის შედეგი გახლავთ ახალგაზრდების ჩართვა მათთან დაკავშირებული პოლიტიკის სტრატეგიულ ფორმულირებაში და ამ პოლიტიკის განხორციელების ოპერატიული ეფექტიანობის შესახებ მათივე შეხედულებებისა და მოსაზრებების ასახვა პოლიტიკაში. მათგან მიღებული რეკომენდაციები, რომლებიც თემატურ ჯგუფებში მუშაობისას გამოვლინდა, შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რაც სტრატეგიის მომდევნო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობის პროცესის მონაწილე ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. სურვილი მაქვს, რომ ამ ღონისძიების შედეგად გამოვავლინოთ ის დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას ადგილობრივ პროცესებში”.
თეკლა ჯღარკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების პროექტების მართვის მთავარი სპეციალისტი: “ახალგაზრდულ სფეროსაც ჭირდება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომ ყველა ახალგაზრდისთვის მომუშავე ორგანიზაციამ, დაწესებულებამ, თუ ინდივიდუალურმა პირებმა, იმუშაონ საერთო, ერთიანი, ახალგაზრდებისთვის სასურველი რეალობის შექმნისთვის. ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ახალგაზრდებს აღეწერათ მათი თვალით დანახული რეგიონალური ახალგაზრდული ეკოსისტემა, ყურადღება გაემახვილებინათ ბარიერებზე, რომლებსაც აწყდებიან და გაეზიარებინათ ახალგაზრდული ხედვა, როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები. ფორუმის პერიოდში ახალგზარდებისგან მიღებული ეს ინფორმაცია იქნება ერთ-ერთი საფუძველი მომავალი წლების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საჭიროებების პოლიტიკის დოკუმენტისა.
ჯერ შედეგებამდე გრძელი და ალბათ, დაბრკოლებებით სავსე გზა გვექნება გასავლელი. მიზანი არის ის, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პოლიტიკის დოკუმენტი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევებზე იყოს დაფუძნებული და სამუშაო მიზნები განისაზღვროს სწორედ, ახალგაზრდული საჭიროებებიდან გამომდინარე. ფორუმი იყო პირველი ეტაპი, გაგვეგო ახალგაზრდების საჭიროებები. მეორე ეტაპებია ახალგაზრდებისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტად და რეკომენდაციად ქცევა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებას მივაწვდით. შედეგი კი იქნება მაშინ, როდესაც ამ რეკომენდაციების და დოკუმენტების საფუძველზე, ადგილობრივ დონეზე, მომუშავე ყველა ორგანიზაცია, თუ დაწესებულება, ვეცდებით ახალგაზრდების საჭიროებებს, მოთხოვნებს და სურვილებს მოვერგოთ. ეს რთული, შრომატევადი თუმცა ღირებული და მნიშვნელოვანი პროცესია.”
საუბარი ჩაიწერა ნანა თოლორაიამ
“ზუგდიდელები” შემდეგ გამოცემებშიც გააგრძელებს ფორუმელებთან საუბარს