სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია.

სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში.  ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ კომპანიაში, მაგრამ დავოჯახდი და მეუღლესთან ერთად დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში. ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ მუშაობა დავიწყე ასოციაცია „ათინათში“, სადაც ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. თავდაპირველად ვიყავი სოციალური მედიის მენეჯერი. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ კოორდინატორი. ასევე, ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში ვიყავი ჩართული. ახლა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ლიდერთა სკოლის ერთ-ერთი მონაწილე ვარ.

რაც შეეხება ახალ სამსახურს, ჩემი დიდი სურვილი იყო, ახალგაზრდებისათვის ხელი შემეწყო და ამან განაპირობა, რომ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ვარ. ჩვენი გუნდი ძალიან მოტივირებულია. გვაქვს, სამომავლო გეგმები და იმედია ჩვენს დაკისრებულ მოვალეობებს თავს გავართმევთ.

რაც შეეხება პროექტებს, დავიწყეთ ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. პირველი გახლავთ, მოხალისეთა კლუბის შექმნა. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა. დავიწყეთ აპლიკაციების გადარჩევის პროცესი. მოხალისეთა კლუბის წევრებისთვის გასაუბრება დაიწყო. რაც შეეხება მეორე პროექტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოვაცხადეთ ახალგაზრდული სათათბიროს წევრების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ასაკის სტუდენტებს.

ახალგაზრდული სათათბიროს მიზანია სტუდენტების და მოსწავლეების ჩართულობა, მათი გააქტიურება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობაში. პროექტის ფარგლებში, მათ უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სათათბიროში იქნება 6 დეპარტამენტი, რომლებსაც ეყოლებათ თავმჯდომარე და მოადგილე. ისინი იმუშავებენ დეპარტამენტების საჭიროებების და მიზნების მისაწევად. სათათბიროს წევრები სტაჟირების პროგრამას გაივლიან საკრებულოში არსებულ კომიტეტებში. ერთი სიტყვით, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. 

ჩემი გუნდის წევრები არიან: თეკლე ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. ირაკლის ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განუხორციელებია. 2016 წელს დასახელდა წლის საუკეთესო მოხალისედ საქართველოში. მუშაობს საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში. მისი ყოფნა ჩვენს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია.

თეკლე არის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი. როგორც ირაკლის, თეკლას ყოფნაც სასახლეში მნიშვნელოვანია, სტუდენტებთან კომუნიკაცია უფრო გაგვიადვილდება. თეკლსაც აქვს თავისი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდული მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი ჩავდოთ საქმეში და მეტ ახალგაზრდას გავუწოდოთ დახმარების ხელი. ძალიან მალე სასახლეში ახალი ოთახი (სივრცე) გვექნება, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს. ახალ სივრცეში ახლგაზრდებს ექნებათ ყველანაირი რესურსი, იმისათვის, რომ  დაინტერესდნენ და ჩვენთან ერთად ითანამშრომლონ. დიდი სურვილი გვაქვს, მათ სასიამოვნო გარემო შევუქმნათ.

ირაკლი ჯიქია: „-დავამთავრე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.  2010 წლიდან ჩართული ვარ ახალგაზრდულ საქმიანობებში. თავიდან იყო ასოციაცია „დეა“,  შემდეგ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პრაქტიკულად განვახორციელეთ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების განვითარებისთვის. ასევე, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მთავარი ტრენერი ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. სასახლეში ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთ ძლიერ გუნდთან ყოფნა,  რომელიც მუდამ შედეგზეა ორიენტირებული.

 ახალგაზრდული განყოფილება ყოველთვის მზად არის, როგორც რეკომენდაციის კუთხით, ასევე პირდაპირი ჩართულობის ფორმით ახალგაზრდულ ინიციატივებს დაუჭიროს მხარი. ჩვენი მთავარი მიზანია, პროექტები მუნიციპალიტეტის დონეზე იქცეს პროგრამებად.

თეკლა ჯღარკავა:  “როგორც იცით, მე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. სუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. მეცხრე კლასიდან აქტიურად ჩავერთე არაფორმალურ სექტორში. „ათინათი” არის ის ორგანიზაცია, რომელმაც გამზარდა. შემდეგ იყო „დეა“. ამის გარდა, სხვადასხვა პროექტში და აქტივობაში ვიყავი ჩართული.

სასახლე ჩემთვის ახალი სფეროა. იმედია, კარგად გავუმკალვდები იმ პასუხისმგებლობას, რასაც „სასახლელი“ ჰქვია. სალომესთან და ირაკლისთან, ერთად საქმის კეთება ჩემთვის საპასუხისმგებლოა და ვფიქრობ, მათგან ძალიან ბევრს ვისწავლი. მინდა ჩემი ბენეფიტები ჩავდო ამ საქმეში. დიდი სურვილი მაქვს ზუგდიდი იყოს ახალგაზრდული ქალაქი”.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.