“ახალგაზრდებმა არ უნდა ითაკილონ ნარაზენში დაბრუნება”


სოფელი ნარაზენი ცნობილი იყო თავისი თავკაცებით, მშრომელი ხალხით. ამიტომაც იყო ნარაზენი ერთ-ერთი ღონიერი სოფელი ზუგდიდის რაიონში. დღეს, ამ სოფლის ისტორიაში პირველად, მისი ხელმძღვანელი, ანუ პირველი პირი მანდილოსანია, – ნანა ჯანჯღავა, რომელსაც თანასოფლელები უკვე ენდობიან, პატივს სცემენ.
– მეხამუშება ინტერვიუს ჩაწერა, ამ სოფელს ისეთი თავკაცები ჰყოლია. აქ დავიბადე და გავიზარდე. უმაღლესი განათლება მივიღე საზღვარგარეთ, რუსეთში. პროფესიით ეკონომისტი ვარ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ჩემი სოფლის ბიბლიოთეკის გამგედ დავიწყე და 12 წელი დავყავი ამ თანამდებობაზე.
ამ წლებში ბიბლიოთეკას გაუკეთდა შესანიშნავი რემონტი, აღიჭურვა კომპიუტერებით, წიგნადი ფონდი 7 ათასიდან 13 ათასამდე გაიზარდა. შემდეგ 3 წელი ვიმუშავე ნარაზენის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად. შემდეგ მოხდა რეორგანიზაცია. გავიარე ტესტირება და დავინიშნე სოფლის რწმუნებულად. ვიცი, რომ ეს თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლოა, – ჩემი გამზრდელი ხალხის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ქალი ხელმძღვანელის მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოში, მაგრამ იმედია, შევძლებ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. ნარაზენის ინფრატსრუქტურა ყოველთვის სამაგალითო იყო, მაგრამ გაკეთებულს მოვლა და განახლება სჭირდება. ახალ მოთხოვნებს შესაბამისი პასუხი. როგორც მე მიცნობს სოფელი ჩემი ტკივილითა და სიხარულით, ისე ვიცნობ მეც თითქმის ყველა ნარაზენელის სატკივარსა და სიხარულს და მათ გვერდით დავდგები.
-რის გაკეთებას ჰპირდებით ნარაზენელებს?
-დაგეგმილია სოფლის გაზიფიცირება, ნარაზენი-ჭაქვინჯი-ყულიშკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, შიდა გზების რემონტი. მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს უშენდება სახლი. მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შეკეთება. მუშაობისას ახალი პრიორიტეტები იკვეთება. მთელი სოფელია ჩემი გუნდი, ვისთან ერთადაც ვიბრძოლებ მიზნის მისაღწევად. მე ამ სოფლის მომავლისთვის ისე ვიზრუნებ, როგორც ვზრუნავ ჩემი ოჯახისთვის, მეუღლე 12 წლის წინ დამეღუპა, მყავს 2 ვაჟიშვილი, უფროსი შვილი დავით თოდუა, წელს ამთავრებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატს (100%-იან გრანტით) და მაგისტრატურისთვის ემზადება. უმცროსი გიორგი თოდუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე – 4 კურსის სტუდენტია. პარალელურად, სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება. სწორედ მათი წარმატებები განმაწყობენ დაუღალავად ვიზრუნო ჩემი სოფლის მომავლისთვის. დიახ, ჩემი სოფლის ახალგაზრდობა განათლებული და ნასწავლი უნდა იყოს. მათი სოფელი კი ისეთი, რომ აქ დაბრუნება არ ითაკილონ.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!