ასმათ ხუბულავა: “მიყვარს ადამიანები და სიამოვნებით ვემსახურები მათ”


წლებია, ზუგდიდში, ფუნქციონირებს “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი”, რომელიც ამ ეტაპზე, 12800–ზე მეტ ზუგდიდელს ემსახურება. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტომატოლოგიურ, თუ სამკურნალო მასაჟის კაბინეტებში, სილამაზის სალონებში, ამ ორგანიზაციის წევრები, სარგებლობენ მნიშვნელოვანი შეღავათებით. 
ამ და სხვა თემებზე კავშირის თავმჯდომარე ასმათ ხუბულავა თავად გვიამბობს.

–ორიოდ სიტყვით გვითხარით, როგორი ისტორია აქვს “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირს?
–15 წლის წინ, როცა საქართველოში იყო მძიმე სოციალური ფონი, ჩვენს ორგანიზაციაში, ნებაყოფლობით, გაერთიანდნენ პედაგოგები, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში, ერთმანეთისთვის, გაეწიათ დახმარება. თავდაპირველად, კავშირში, სხვადასხვა სკოლის ექვსასამდე პედაგოგი გაწევრიანდა. ამჟამად კი, ჩვენ, 12800-ზე მეტ ზუგდიდელს ვემსახურებით. კავშირი დღითიდღე იზრდება. აქ, ზუგდიდის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი. დებულების თანახმად, სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირში, გაერთიანებულ ადამიანებს, ყველაზე დაბალ ფასებში ემსახურებიან ზუგდიდის ტერიტორიაზე განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები, კლინიკები: “უნივერსალი 2016”, “სანუსი”, “კურაციო ზ”, “ევექსი”, “ექსპრეს მედიკალი”, “მედიკი”, “ლაიფი”. სტომატოლოგები, მასაჟისტები. ექიმები, რომლებიც ამ კლინიკებში მუშაობენ და გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. სწორედ ამიტომ, ავადმყოფობის შემთხვევაში, ენდობიან და მიმართავენ მათ.
–რა ფასდაკლებებით სარგებლობენ თქვენი ორგანიზაციის წევრები ამ კლინიკებში?
–ექიმებთან ვიზიტი, წევრებისთვის, უზრუნველყოფილია 40-50%–იანი ფასდაკლებით. ლაბორატორიული გამოკვლევები და ზოგადად დიაგნოსტიკა ტარდება–35-50%–იანი ფასდაკლებით. სტომატოლოგიაში (კბილის ამოღება, დაბჟენვა, ჩასმა, პროტეზირება, მკურნალობა და ა.შ) გათვალისწინებულია 40%–იანი ფასდაკლება. გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა ვრცელდება 30%–იანი ფასდაკლება. სამკურნალო მასაჟის კაბინეტებში, ასევე  40 %– იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული. რადგან კავშირის წევრების უმეტესობა ქალბატონები არიან, მათ 50%–იანი ფასდაკლებით ემსახურებიან სალონები “ქეთი” და “ბომონდი”.

–კავშირს აქვს, ასევე, ერთი სასურველი სერვისი…
–კავშირის წევრთა პროფილაქტიკურ–გამაჯანსაღებელი კუთხით, დებულებაში გათვალისწინებულია, მათი დასვენების უზრუნველყოფა რესპუბლიკისა და უცხოეთის კურორტებზე. ასევე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ყოველწლიურად, კურორტებზე, სპეციალური საგზურით ვაგზავნით დაახლოებით 1000-მდე დამსვენებელს. მათი უმრავლესობა კმაყოფილია იქ არსებული პირობებით. ჩვენი წარმატება განპირობებულია იმით, რომ წევრებს ვთავაზობთ ხარისხიან მომსახურეობას ყველა მიმართულებით, ყველაზე დაბალ ფასში. საწევრო შემოსატანი ყველა ზემოთხსენებული მომსახურების მისაღებად, ოჯახისთვის (3, ან 3–ზე მეტი წევრი) თვეში მხოლოდ ორი ლარია.
–კავშირის საქმიანობა წარმატებულია, წარმატებული ხართ თქვენც, როგორია ფორმულა, რომელმაც ეს განაპირობა?
–ვარ შრომისმოყვარე და მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მიყვარს ადამიანები და შემიძლია უანგაროდ ვემსახურო მათ. მიხარია ყოველი დღის გათენება, რადგან ვიცი, რომ მელოდებიან ადამიანები, რომლებსაც ვჭირდები და ვეიმედები. ჩემი წარმატება აზრს დაკარგავს, თუ ის ჩემს ხალხს არ მოვახმარე. არ მაშინებს შეცდომები, რადგან მუდმივად ვსწავლობ მათზე. მთელი ცხოვრება ვიბრძვი სიკეთისთვის, ღირებულებებისა და სიმართლისთვის.
–ოჯახზეც გვითხარით…
–მყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ჩემი მეუღლე ბიძინა ივარდავა ჩემი ცხოვრების მეგზური, დასაყრდენი და მეგობარია. უფროსი შვილი ლალი იურისტია, რომელიც ჩემთან ერთად უძღვება ჩვენს დიდ ორგანიზაციას. ვაჟიშვილი მანუჩარ ივარდავა-ფეხბურთელია. შვილიშვილი ანდრია ივარდავა პირველი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. ჩემო ოჯახი ჩემი ფუძეა, რომელზეც მყარად ვდგავარ.
–”ზუგდიდელები” გაძლევთ შესაძლებლობას, დამდეგი წელი მიულოცოთ ზუგდიდელებს.
–წარმატებულ, იღბლიან და მშვიდობიან წელს ვუსურვებ ზუგდიდელებს და საქართველოს. 2018 წელი ყოფილიყოს ოცნებების და სურვილების ახდენის წელი. მეტი პოზიტივი, შემოქმედებითი წინსვლა და ფინანსური სიძლიერე დაგბედებოდეთ. გამრავლდით და გაიხარეთ. კარს მომდგარი ახალი წელი აკურთხოს უფალმა, როგორც სიმტკიცის, ერთიანობის, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის გაღვივების დამაგვირგვინებელი წელი. მხოლოდ ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

ანა სართანია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!