- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „ტერიტორიული თავდაცვის შტაბის“ სხდომაზე გასცა ბრძანება უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
“შეხვედრისას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ ძირითადი ძალისხმევა სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე იყოს მიმართული“, – აცხადებენ ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და მოისმინეს მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.