- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილები საყვირებითა და საპროტესტო ტრანსფარანტებით მერიის შესასვლელ კარებთან იდგნენ და ხვდებოდნენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან გამოვიდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან იყვნენ შეკრებილები და აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს მსვლელობა ჰქონდათ ქალაქის ქუჩებში. აქციის ორგანიზატორები, მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გამოსულიყვნენ და პროტესტში მიეღოთ მონაწილეობა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, განლაგდნენ გადასასვლელ ხაზთან, ”ზებრასთან” და რამდენიმე წუთით ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს.
აქციის მონაწილეებთან ერთად, გადაადგილდებიან სამართალდამცავები.
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.