- პარლამენტის დეპუტატმა და “ნაციონალური მოძრაობის ” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, ის რომ დღეს ვერ აირჩა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება “ქართულ ოცნებას” და ეკისრება სისხლის სამართლის დამნაშავე მირანდა მესხს, რომელმაც ჩვენ დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, როდესაც წაგვართვა გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და შედეგები გადაწერა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამიტომაც, ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნილია “ქართული ოცნების” მხრიდან. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, მეორედ ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და ეს ნიშნავს სრულ პარალიზებას არამხოლოდ საკრებულოსი, ეს ნიშნავს სრულ პარალიზებას მერიის, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მძიმე პოლოტიკური კრიზისი, რომელიც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურობაზე და თითოეული ზუგდიდელის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორი იქნება შემდეგი შეკრება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს გარდა, სხვა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში, ვგულისხმობ გახარიას პარტიას, გააცნობიეროს რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის არცერთი თანამდებობები ზუგდიდის საკრებულოში, ჩვენ მზად ვართ მათთან განვიხილოთ ყველა წინანადადება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან მზად, რომ შემდეგი საკრებულო იყოს არა სანოტარო ბიურო, არამედ იყოს ორგანო, რომელიც იბრძოლებს ზუგდიდში გამეფებული კორუფციის, ნეპოტიზმის წინააღმდეგ. დაინტერესდება ზუგდიდის ააიპიების საკითხით, სადაც სამიათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და იღებს ხელფას გაუგებარია რისთვის. ამიტომ, ეს არის ის პრინციპული საკითხები, რისთვისაც, ჩვენ ზუგდიდელებმა მოგვცეს ხმა და რისთვისაც უარი უთხრეს “ქართულ ოცნებას”. ამიტომაც ეს კონსულტაციები გაგრძელდება და დაველოდოთ მომავალ საკრებულოს სხდომას”. – განაცხადა ანა წითლიძემ.
დღეს, ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ისევ გადაიდო. სხდომა დატოვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ქვორუმი ვერ შედგა.