გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მეთხილეები გააფრთხილა, რომ მათ სასარგებლოდ იმუშაონ.
“გუშინ მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ალექსანდრე მოწერელია, გასცა ბრძანება თხილის ქარხნის მეპატრონეებზე, რომ მათ აღრიცხონ ყველა თანამშრომელი, მოახდინონ მათზე ზემოქმედება, რომ მათ ხმა მისცენ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. თუ ეს დავალება არ იქნება შესრულებული, მაშინ ყველა ამ ქარხანაში შევა არჩევნების მეორე დღეს, ფინანსური პოლიცია. მანვე გასცა დავალება, ყველა იმ ადამიანს თხილის ქარხანაში, რომელიც იქნება საეჭვო მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ჩამოართვან პირადობის მოწმობები.”
ანა წითლიძემ მეთხილეთა ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ერთ-ერთ საწარმოდ ფაიფურში მდებარე ობიექტი დაასახელა. ანა წითლიძე ამბობს, რომ ალექსანდრე მოწერელია უნდა შეეშვას უკანონო დავალებების გაცემას. მისი განმარტებით, მეწარმეებს ყველა ინფორმაცია მოაქვთ გაერთინებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში. ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ჩააყენებენ საქმის კურსში. “მივმართავ თხილის ქარხნის თანამშრომლებს: არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს თქვენი პირადობის მოწმობები, თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება ხმა მისცეთ იმ კანდიდატს, ვისაც თქვენ გინდათ. სისხლის სამართლის დანაშაულია თქვენზე იძულების სახით ზემოქმედება. თითოეული ჩვენთაგანის უფლებებს ჩვენ აუცილებლად დავიცავთ”. დღევანდელ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ვიზიტზე ზუგდიდში, როცა ის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად შეხვდა თხილის ექსპორტიორებს და მეწარმეებს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღავნლის ბრალდებებს უპასუხეს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში. შტაბის შეხვედრების ორგანიზატორმა მერი შენგელიამ “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებები უარყო. ” თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მეთხილეებთან და მათ დაელაპარაკოთ. მსგავს საუბარს ან დაშინების ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, შეხვედრა ეხებოდა თხილის სექტორში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა გიორგი გახარია, რომელიც ვიცე- პრემიერია და ამ რანგში ესწრებოდა.”