ანაკლია დამსვენებლების მოლოდინში


zugdidelebi.ge  ანაკლიას ესტუმრა და იმ მოსახლეობის მცირე ნაწილს შეხვდა, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი საზაფხულო სეზონი იქნება წელს. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ზაფხულს, წინა წლებთან შედარებით, დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ადგილობრივი მოსახლოება და მცირე ბიზნესსექტორის რამდენიმე წარმომადგენელი გაკვირებული შენიშნავს, რომ ანაკლიაში ტურისტები დღემდე არ არიან, რამაც დიდი ზარალი მიაყენა, როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობასაც. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე, ამჟამად უფუნქციო, კაფისა და მარკეტის მეპატრონესაც. ისინიც ჩივიან ჩვენთან, რომ წინა წლებთან შედარებით, მათი შემოსავალი წელს საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც იძულებული გახდნენ დაეხურათ ბიზნესი. ანაკლიის ცენტრში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი მარკეტი. რაც შეეხება ანაკლიის მოსახლეობის კერძო ბინებს, მათი უმრავლესობა, რომლებიც ქირავდება როგორც ქართველ ასევე უცხოელ დამსვენებელზე, ჯერჯერობით, გაუქირავებელია. რამდენიმე ჰოსტელი კი, რომელსაც ჩვენ მივაკითხეთ, ან დახურული იყო, ან ყველა ადგილი თავისუფალი ჰქონდათ. და თუ სადმე იყო გაქირავებული, მხოლოდ ერთი, ან მაქსიმუმ ორი ადგილი. ბუნგალოების უმრავლესობა საქათმედაა ქცეული…
რაც შეეხება ახალ აკვაპარკს, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, – ჩვენი სტუმრობის დღეს უკმაყოფილო, მობუზღუნე მომხმარებელით სავსე დაგვხვდა,- დაუვიწყარი დღის გასატარებლად შორი გზიდან მოსულ მოქალაქეებს უშუქო და შესაბამისად, უფუნქციო აკვაპარკი დაუხვდათ. მართალია, აკვაპარკის ხელმძღვანელობა ადგილზე არ იმყოფებოდა, მაგრამ ,,კომპეტენტურმა პირმა”, სიტუაცია აგვიხსნა, აკვაპარკის ტერიტორიაზე არ შეგვიშვა-რა არის იქ სანახავიო და თან ხალხს მიმართა – დაელოდეთ, ალბათ შუქი მალე მოვაო.
ჩვენ არ დავლოდებივართ შუქს, რადგან ჟურნალისტებთან საუბრის სურვილი გამოთქვეს ანაკლიელებმა.

მაია ჩარგაზია, 44 წლის, ეკოლოგი: _ „ვაქირავებ ოთახებს, ერთი ღამის ღრებულება 10-15 ლარია. გასულ წლებთან შედარებით, წელს, დამსვენებლები ნაკლებადაა, არადა ვფიქრობდით, რომ დამსვენებლის რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდებოდა და ჩვენც მეტი შემოსავალი გვექნებოდა. იმედებს ,,გემფესტივალზე” ვამყარებთ, რომელიც ერთ კვირაში გაიხსნება. ამ ეტაპზე, მხოლოდ რუსი დამსვენებლები მყავს. შარშან, ასეთ დროს, ჩემთან ტევა არ იყო. Aარ ვიცი, რას დავაბრალო. “
თამაზ ბარამია, 64 წლის, მძღოლი: _ „ერთი ღამე 20 ლარად ვაქირავებ ოთახს. ამ ეტაპზე, სტუმრები უკრაინიდან და ზუგდიდიდან მყავს. შარშან, ამ დროს, 30 ადგილი მქონდა გაქირავებლი, წელს კი, დამსვენებლების ნაკლებობაა. ანაკლიელები იმედებს ფსტივალზე ვამყარებთ. შეიძლება მოვიდეს ხალხი. უამინდობას აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ ამინდი აქ არაფერ შუაშია“
ქეთევან ყოლბაია, 28 წლის, ფარმაცევტი: „ზაფხულის სეზონს ყველა ანაკლიელი ელოდება, რომ საარსებო მინიმუმი იშოვონ. როგორც ყვლა ადგილობრივი, ისე ჩვენც ვაქირავებთ ოთახებს. წინა წლებში უფრო მეტი ოთახი გვქონდა გაქირავებული. წელს კი, მხოლოდ ერთი, ისიც ძველ კლიენტებზე, რომლებიც უკვე მეოთხე წელია ჩამოდიან ლიტვადან. სოფელს სხვა შემოსავალი არ აქვს და წელს ამანაც არ გაამართლა “.
ოთარ ჩეხერია, 60 წლის, ინჟინერ-მშენებელი: _ „ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა, შეიძლება აქ ბიზნესმა გაიხაროს?! ჩვენ კაფე გასულ ზაფხულს სესხით გავხსენით სპეციალურად ,,კაზანტიპისათვის”. მეგონა ფესტივალი მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ახლა ვემზადებით ,,გემ ფესტივალისთვის” და ველოდოებით ხალხის ჩამოსვლას სხვადასხვა ქვეყნიდან. იქნებ, წელს მაინც…“
მასალა მოამზადეს ეკა ფარულავამ და ლუკა კიტიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.