ამბავი სამ დაზე


ზუგდიდელ დებს: ელენე, მარიამ და ბარბარე ქორთუებს ერთი  საერთო გატაცება აქვთ-ხელოვნება. ელენე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ხელოვნების განხრით, მან, წელს, 50 პროცენტიანი გრანტის მოპოვება შესძლო. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, ბარბარე კი, უკვე, სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტია. მარიამმა და ბარბარემ შიდა 100 პროცენტიანი გრანტი აიღეს. სამივე და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მხოლოდ, ბარბარემ  ბოლო წელი თბილისის 85-ე სკოლაში ისწავლა და ის  დაამთავრა. სამივეს ძალიან უყვარს ხატვა.

-მარიამ, როგორ შეეჩვიე ახალ გარემოს, უნივერსიტეტს და ზოგადად როგორია სტუდენტური ცხოვრება?

მარიამი: – ნორმალურად. ნელ-ნელა ვეჩვევი ყველაფერს, გარემოს, მეგობრებს და სწავლის პირობებს.

ელენე: – მე უკვე ერთი წელია სტუდენტი ვარ. სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ საინტერესოა.

ბარბარე: – ძირითადად მაინც სწავლაზე ვართ გადართულები. საინტერესოა სწავლის პროცესი, სკოლასავით შეზღუდული და დამთრგუნველი გარემო არაა.

– გოგონებო, თქვენ, ყველამ ხელოვნების განხრით ჩააბარეთ, იქნებ გვითხრათ რატომ აარჩიეთ ეს მიმართულება?

ბარბარე: – ბავშვობიდან ვხატავ. ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე, სხვა პროფესია არც არასდროს განმიხილავს. თან დედაჩვენის ხელშეწყობით, პატარაობიდანვე, მუდამ გვქონდა ხელოვნებასთან კავშირი.barbare

ელენე: – ბავშვობიდანვე ამ საქმეში ვართ ჩართული არა მარტო ჩვენ, მთლიანად ოჯახი. შესაბამისად ამან გავლენა იქონია. თან ერთადერთი სფერო, სადაც თავს შედარებით კომფორტულად ვგრძნობ და პლუს სიამოვნებასაც მანიჭებს, ამასთანავე განვითარების შესაძლებლობასაც  მაძლევს, ესაა.

მარიამი: – მეც ბავშობიდან ვხატავ. ნიჭს ნელ-ნელა ვანვითარებდი და ყოველ დღე ვცდილობდი გუშინდელზე უკეთ დამეხატა. რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როცა სხვა პროფესიებსაც განვიხილავდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამხატვრო ავირჩიე.

-იქნებ, გაიხსენოთ პირველად რა დახატეთ?

ბარბარე: – მახსოვს, პირველად წიწილა კვერცხში დავხატე (იცინის).

მარიამი: – მე ცეცხლი დავხატე. ოღონდ არ ვიცი, მაშინ რასთან გავაიგივე.

ელენე: – მე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ჩვეულებრივ ვხატავდი სხვა დანარჩენი ბავშვებივით არაფერი განსაკუთრებული.

-როგორც ვიცი, პირველი გამოფენა უკვე გქონდათ?

ელენე: – დიახ, პირველი გამოფენა გვქონდა ზუგდიდის არტ-გალერეაში. ზუგდიდელებმა ჩვენი ნამუშევრები დადებითად შეაფასეს. გამოფენები გვქონია, როგორც პერსონალური, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათი მხარდაჭერით.

ბარბარე: – პირველი გამოფენის დროს, ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მინდა გითხრათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია SOS ბავშთა სოფელი, ყველნაირად გვეხმარებოდა განვითარებაში. მათი ხელშეწყობით შევძელით ჩვენი სურვილებისა და მიზნების ასრულება. გამოფენაში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა დედაჩვენი, რომელიც ქვილთზე მუშაობს.

ელენე: – გამოფენაზე, დედიკოსი და ჩვენი ნამუშევრები იყო ერთობლივად წარმოდგენილი. საზოგადოება ჩვენი ნამუშევრებით კმაყოფილი დარჩა, რაც ერთობ სასიამოვნოა.

-როგორც ვიცი, დედათქვენთან, ქალბატონ ნანასთან ერთად, სხვადასხვა ნივთებზე მუშაობთ…

ბარბარე: – დიახ, ჩვენ  სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ ნივთებს, ვმუშაობთ მის გადაკეთებაზე. ეს არის ნივთები, რომლებსაც ადამიანები არ იყენებენ და აგდებენ. ერთი შეხედვით უვარგისი და გამოუსადეგარი ძველი ტანსაცმლის, ჭურჭლის, ჟურნალ-გაზეთების, პარკებისა თუ ათასგვარი წვრილმანი ნივთისაგან, რომლითც სავსეა ყოველდღიურობა, ჩვენი ვქმნით ახალ სამოსს, სამკაულს, ჩანთებს, სათამაშოებს, სუვენირებს, ინტერიერის აქსესუარებს, თეატრალურ კოსტიუმებსა თუ დეკორაციებს. ჩვენ ვახალისებთ სამყაროს და თითქოსდა არაფრისგან ვქმნით მშვენიერებას მათთვის, ვისაც უყვარს განსხვავებული, გამორჩეული და ექსკლუზიური ნივთები.10341665_1049481565094402_3321884685386005045_n

-მარიამ, ფეისბუქზე “ქავერად” გიდევს ყველასათვის საყვარელი მულტფილმის „ბავშვები 402 ოთახიდან“ პერსონაჟების ფოტო…

მარიამი: – დიახ, ეს ჩემი დახატულია. ნახატზე ერთი დღე ვმუშაობდი. ვეცადე, თითოეული მათგანი მულტფილმის გმირებისთვის მიმემსგავსებინა.

– გამოგივიდა კიდეც. საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდით?

ელენე: -რაც მთავარია, შრომა არ მეზარება. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ზოგჯერ გამბედაობა მაკლია, არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული. მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და მგონია, რომ ზოგჯერ ბოლომდე არ ვიხარჯები.

ბარბარე: -მე გახლავართ, პოზიტიური, პირდაპირი და შრომისმოყვარე ადამიანი. ცოტა გამბედაობა მეც მაკლია.

მარიამი: -მე ვარ, ზარმაცი, ყოველთვის მინდა დღის გეგმა ჩამოვწერო და უფრო ორგანიზებული ვიყო, მაგრამ ყოველთვის სახვალიოდ ვდებ.mariami

-გოგონებო, როგორია თქვენი ერთი დღე?

ელენე: -დილა ადრე იწყება და პირდაპირ უნივერსიტეტში გავრბივართ სამივე. იქ გააჩნია ცხრილს, ზოგჯერ დღის ბოლომდე ვრჩებით, ზოგჯერ უფრო ადრე მოვდივართ. მოსულზე პირდაპირ ხვალიდნელ მასალას ვამუშავებთ.

ბარბარე: -გვიან ვიძინებთ, ადრე ვდგებით, მივდივართ ლექციებზე. მე ვხატავ, ვკითხულობ, მეორე დღისთვის  ვამზადებ დავალებებს. (დასახატებს)

მარიამი: -დილით ადრე ადგომა, სახლიდან ნასაუზმევი გასვლა, გაჭედილი ავტობუსით მგზავრობა, უნივერსიტეტში მისვლა და საღამოს დავალებების შესრულება,-აი, ესაა ჩემი დღე.

-როგორია დიდ ქალაქში ცხოვრება?

ბარბარე: -ერთადერთი გზა მღლის, 1 საათი ვუნდებით მინიმუმ გზას. მრავალფეროვნებაა ყველანაირად. სახლში მისულს ხან გურულის, ხან სვანის, ხან აჭარელის აქცენტი მაქვს აკიდებული (იღიმის).

ელენე: – აქვს დადებითიც და უარყოფითიც. არ მომწონს ხმაური, ძალიან დამღლელია და პლუს დაბინძურებული ჰაერი, ზოგ ადგილას მართლა ჭირს სუნთქვა, იმდენად საშინელია. კარგია ალბათ ის, რომ ეჩვევი სწრაფი რიტმით ცხოვრებას. ახალი გამოწვევები დგება. ყოველ დღე, უამრავ ხალხთან გიწევს კომუნიკაცია და ახალი დაბრკოლებების გადალახვა.kkk

-ალბათ, თქვენი ქალაქი გენატრებათ?

ელენე: – ზუგდიდი ძალიან გვენატრება.

მარიამი: – ჩვენი ქალაქი უფრო მყუდრო და წყნარია.

– ზუგდიდში თქვენს ოჯახს კარგად იცნობენ…

ელენე: -დედა-ნანა გაბრავა- დიასახლისია, კერავს ძალიან კარგად. მისგან გვერგო ეს ნიჭიც. მამა -რეზო ქორთუა ჟურნალისტია, მამიდა -ნაზიბროლა ქორთუა მუზეუმში მუშაობს ხელნაწერთა ფონდის მცველია. აწ განსვენებული ბაბუა ისაკ ქორთუა “მებრძლის” რედაქტორი იყო. ბევრმა არ იცის, სამწუხაროდ, რომ ლექსებსაც წერდა. ძალიან ბევრი ლექსია მისი ცნობილი. ჩემთვის პირადად მისი ეს დაფარული ნაწილი, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი რედაქტორობა.

ბარბარე: -ოჯახის წევრები ყოველთვის მხარში გვიდგანან, ბევრი არასდროს არ გვქონია, მაგრამ ეს არასდროს არ გვიგვრძვნია. განათლების მნიშვნელობასა და მის აუცილებლობას პატარაობიდანვე გვინერგავდნენ.ბარბარე

ბატონ, ისაკ ქორთუას, ალბათ, ოჯახში ხშირად ახსენებენ…

-ელენე: გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან კეთილი და ალალი ადამიანი იყო. არაფერი ენანებოდა, ყველას ეხმარებოდა თუკი რამით შეიძლებოდა დახმარება. ძალიან უყვარდა მიწაზე მუშაობა, თავისი სოფელი და დედა. თავისუფალ დროს ლექსებს წერდა. და ალბათ ეს ანიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას.

– ბატონ რეზოს, ხომ არ უნდოდა ერთ-ერთი თქვენგანი ჟურნალისტი ყოფილიყო?

ბარბარე: – არა, ესეთი “გართულებები” არ გვაქვს ოჯახში, საბედნიეროდ. ჩვენს სიტყვაზე ყოველთვის მყარად ვდგავართ ხოლმე. სამომავლო პროფესიის არჩევა ბებია-ბაბუების “კაპრიზებს” არ უნდა დაუთმო და იმ საქმეს არ უნდა მოკიდო ხელი, რომელიც არც მოგწონს და არც გამოგდის.

-გოგონებო რაზე ოცნებობთ?

ბარბარე: – ოცნებებს გეგმებად ვსახავთ და ვახორციელებთ, სამომავლო გეგმებს ჯერ ვერ გავამხელთ, სამაგიეროდ შედეგებს დავდებთ მალე.

მარიამი: – მეც იგივე აზრის ვარ, წინასწარ არ მიყვარს ჩემს გეგმებზე საუბარი.

– წარმატებებს გისურვებთ.

ეკა ფარულავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!