ავთანდილ (გუჯუ) ჯალაღონიას ხსოვნა


  • სევდიანი იყო საქართველოში 1993 წელი, გაუსაძლისი წუხილით, ტკივილით და იარებით. მამულისთვის უღმერთოდ წამებულებს დავტიროდით. ბედი კი, ახალ განსაცდელს გვიმზადებდა თურმე. ავთანდილ ჯალაღონია 29 წლის იყო მხოლოდ. სიკეთითა და სიცოცხლის წყურვილით სავსე, როგორ არ ჰგავდა ამ ქვეყნიდან წამსვლელს, შეჰხაროდა ხვალინდელ დღეს, ლამაზ სიცოცხლეს და ლაღად დააბიჯებდა ამ ქვეყანაზე.

მეგობრობასა და სიყვარულში კაცი ვერ შეედრებოდა, უხვად აფრქვევდა სიკეთის სხივებს, ყველას სიხარულს და მწუხარებას ერთნაირად იზიარებდა. ხალისიანი იყო, იუმორით სავსე, შესანიშნავი გარეგნობის, ამაყი, დიდსულოვანი ვაჟკაცი, საქმისთვის მუდამ შემართული, ერთგული ამხანაგი და მეგობარი. ასეთად დარჩება იგი მეგობრების ხსოვნაში.

ლამაზი გაელვება იყო ავთანდილ ჯალაღონიას სიცოცხლე. დაიბადა 1964 წელს მარიამობის თვეს. თურმე ტკივილი როგორ ამაღლებს ადამიანს… მსხვერპლად შეწირულ ქართველებზე წუხდა, დარდობდა, მაგრამ იმედის თვალით შეჰყურებდა მომავალს. ელოდა ახალს, თვითონ ერთი წუთით ვერ ისვენებდა, გვერდით ედგა ზუგდიდელ ახალგაზრდობას, იყო საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი, ღირსეულ ჯარისკაცად ითვლებოდა, მართლაც რომ უღმერთო იყო მისი სიკვდილი 1993 წლის 5 ოქტომბერს.

ბევრი, ძალიან ბევრი ნატვრა, ოცნება ჩაიყოლია თან, მაგრამ მაინც არ წაშლილა უკვალოდ მისი სიჭაბუკე, დატოვა მოგონებათა საოცრად ლამაზი სამყარო, რომელიც იმედის სანთელს არ უქრობს მის საყვარელ ოჯახს, ძვირფას და სპეტაკ მეუღლეს, მის ვაჟიშვილს, ქალიშვილს, შაოსან დედას, დას, ძმას და მის ნაცნობ-მეგობრებს.

29 წელია მას შემდეგ, რაც ცრემლებით იხსენებენ და იგონებენ ავთანდილს. ცხოვრება გრძელდება. მის სახელს დავიწყება არ უწერია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ავთანდილ (გუჯუ) ჯალაღონიას ლამაზი და სუფთა სული.

მეგობრები


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!