ადრე, მეტი სიყვარული გვქონდა ერთმანეთის


აპრილის მზიანი დღეა, გადავწყვიტე ვწვეოდი ღვაწლმოსილ, დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ მერი (ნელი) ჩიკვატია-შეროზიას. ქალბატონ ნელისთან ოჯახში შესულს, მხვდება ალუბლის ბაღები და ვაზის გაფურჩქნული კვირტები, ჭიშკართან მეგებებიან ქალბატონი მერი (ნელი), მისი შვილი, რძალი და შვილიშვილი, მალე მთელი უბნის საზოგადოება, შეროზიების საგვარეულო იკრიბება. 90 წლის ქალბატონი, დამსახურებული პედაგოგი, სასიამოვნო მოსაუბრეა.

-ქალბატონო მერი, გაეცანით “ზუგდიდელებს”

-დავიბადე 1929 წელს, 29 აგვისტოს, ორსანტიელი ვარ, და-ძმას, დედა და ბებია გვზრდიდა. 1936 წელს, 7 წლის შემიყვანეს ორსანტიის სკოლაში, ოქროს მედალზე დავამთავრე. შემდეგ ჩავირიცხე ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ორსანტიის სკოლაში და დავინიშნე ქვემო ორსანტიის სკოლის გამგე–მასწავლებლად. მოგვიანებით, სწავლა გავაგრძელე ქუთაისში, პედაგოგიური მეთოდიკის ფაკულტეტზე, შემდეგ დავოჯახდი. ოჯახი შევქმენი ახალსოფლელ, სოციალისტური შრომის გმირთან, დავით შეროზიასთან და მუშაობა გავაგრძელე ახალსოფლის სკოლა-ინტერნატში. ძალიან გამიძნელდა შორი მანძილიდან სიარული, გავიგე, სოფელ ბაღმარანში მუშაობდა ერთი მასწავლებელი, რომელსაც უმძიმდა სიარული სიშორის გამო. ერთმანეთს გადავუცვალეთ სამუშაო ადგილები. ქალბატონი ლეილა ესებუა გადავიდა სკოლა ინტერნატში, მე კი, სოფელ ბაღმარანში. ახალსოფლის სკოლა-ინტერნატის დირექტორი იყო ცხონებული ამბაკო ჭითანავა, მოადგილე ნარგიზა კალანდია. ძალიან გამიჭირდა ახალსოფლის სკოლა-ინტერნატის ბავშვების, პედ-კოლექტივის დატოვება. ვითვლებოდი სანიმუშო პედაგოგად ქალბატონ ლილი იოსავასთან ერთად. ბავშვებთან მუშაობა არ გამჭირვებია, კლას-კომპლექტი იყო, 1 და მე-3, მე-2 და მე-4 კლასები. წარსულს რომ გადავხედავ, მიხარია, გამიზრდია კარგი ახალგაზრდები. ზოგი იურისტია, ზოგი ეკონომისტი, ზოგი ფილოლოგი, ზოგი ბიზნესმენი. მიხარია და ვამაყობ შედეგით. 65 წლის რომ გავხდი, მივატოვე სკოლაში მუშაობა, მინდოდა ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის დამეთმო ჩემი ადგილი და ასეც მოხდა. წამოსვლისას, ბავშვებს დავემშვიდობე, ბავშვებო, მე გემშვიდობებით და მივდივარ-მეთქი. ეს იყო 1994 წელი, რატომ მასწავლებელო?- იყო ბავშვების ჟრიამული, როგორ მასწავლებელო, რატომ გვტოვებთ? ახლაც ჩამესმის მათი ხმა, წლების განმავლობაში, ზარის წკრიალი რომ მესმოდა, ცუდად ვხვდებოდი, ბავშვებთან რომ არ ვიყავი, მაგრამ მივეჩვიე, დრო მკურნალია.

-ქალბატონო მერი, თქვენზე ამბობენ, ძალიან თბილი პედაგოგი იყოო, რას გაიხსენებდით პედაგოგიური მოღვაწეობიდან?

-ბევრი რამ მახსენდება ჩემი მუშაობიდან, ვიყავი პედაგოგიური კოლექტივის თავმჯდომარე, მენდობოდა დირექტორი, დირექტორი იყო ბატონი იონა ხუცურუა. ჩემთან მუშაობდა ქალბატონი ზაირა თირქია, შესანიშნავი პედაგოგი, ასევე კარგი ურთიერთობა მქონდა პედაგოგებთან ნორა და ბუჟღუ ჩუხუებთან. მახსენდება, ორივე მხარეს იყო ჩაის პლანტაციები და ჩაის მკრეფავებს დიდი სიყვარულით ვესალმებოდი-ასე გრძელდებოდა მრავალი წელი.

-ქალბატონო მერი ბაღმარანი რატომ ერქვა ამ სოფელს?

-ძველად, დადიანებს ჰქონდათ მარანი, ბაღი… გააერთიანეს ეს სიტყვები და “ბაღ-მარანი” შეარქვეს ამ ადგილს.

-ბავშვებთან მუშაობის თქვენეული მეთოდი როგორი იყო?

-ე.ი. ბავშვი თუ დააშავებდა, მას მე კლასელების წინაშე არავითარ შემთხვევაში არ გავკიცხავდი, გავუშვებდი ყველა ბავშვს გარეთ და მას გავაჩერებდი, ჩემთან ვაძლევდი რჩევა–დარიგებას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ასე დავიმსახურე ბავშვების სიყვარული. არ მახსოვს, ვინმე ჩემგან თუ იყო ნაწყენი.

-ქალბატონო, მერი, რა არის რასაც გადმოიტანდით ძველიდან ახალ დროში?

-ახლანდელ დროში ყველაფერი მოსაწონია, მაღლა დგას განვითარების დონე, მაგრამ ძველ დროში ერთმანეთის სიყვარული უფრო იყო, ვინემ ახლა.

 -თქვენი მეუღლე დავით შეროზია სოციალისტური შრომის გმირი იყო. თქვენი ურთიერთობა სითბოთი გამოირჩეოდაო, ამბობენ…

-1961 წელს შევქმენი ოჯახი, გაცნობით… სიყვარულით ნამდვილად არ შეგვიქმნია ოჯახი, მაგრამ ძალიან თბილი ადამიანი იყო. არასდროს მახსოვს მისგან წყენა. 37 წლის ასაკში იყო რომ გავყევი ცოლად. ძალიან ტკბილი ოჯახი დამხვდა, მე ამ სითბოთი მოვედი ამ ასაკამდე. ორი შვილი გვეყოლა, გოგა და ლაურა შეროზიები, ლაურა დაოჯახებულია, ცხოვრობს თბილისში, ფარმაცევტია. ყავს მეუღლე და 2 სტუდენტი შვილი: ანზორი და გიორგი ბერუაშვილები. გოგას მეუღლე ქეთინო გულორდავა, ჩვენი ოჯახის წამყვანია, მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი და ძალიან ვაფასებ. ორივე ცოლ-ქმარი მუშაობს. ჰყავთ პატარა ქალიშვილი მარიამი, მეხუთეკლასელი. მე მათი მადლობელი ვარ. ამ ასაკამდე მათი დახმარებით, სიყვარულით და ხელშეწყობით მოვედი.

-ქალბატონო მერი, თქვენი აზრით, რა არის მთავარი ადამიანში…

-პირველ რიგში, მიყვარს და ვაფასებ გამჭრიახ ადამიანს, პატიოსანს, მახსენდება ლევან გოთუას სიტყვები “მოწიფულობაში უნდა იყო გამჭრიახი და პატიოსანი”. უზრდელობა არ მიყვარს ოჯახში, რომ იგინებიან იქ ბავშვი საღი გონებით ვერ გაიზრდება.

-და ბოლოს…

-აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ზუგდიდელებს, უფალს მადლობა, რომ ჩემს საგვარეულოსთან ერთად ვიკრიბებით ამ დღეს და ვზეიმობთ, ასევე ვუსურვებ ყველა ზუგდიდელს მშვიდობას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას.

რ. ქირია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!