ჯაბუების ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს


“ზუგდიდელები” ადრე წერდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლხიდაში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ჯონი ჯაბუას მრავალშვილიან ოჯახზე, რომელიც  პატარა ხის სახლში ცხოვრობდა. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა, — არც ერთი წევრი არ მუშაობდა, მათი საარსებო წყარო 396 ლარი იყო, რომელიც სოციალური დახმარებიდან ერიცხებოდათ. ოჯახს ექვსი შვილი ჰყავს.

ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თამარ ცირდავა “ზუგდიდელებს” დაუკავშირდა და უთხრა, მისი 14 წლის ქალიშვილის ვერიკო ჯაბუას  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. “ზუგდიდელებთან” ქალაბტონი თამარი ამბობს, რომ ვერიკოს  სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ბავშვი ოთხ თვეზე მეტია, თბილისში იაშვილის კლინიკაში იმყოფება. ოჯახს არ გააჩნია თანხა რომ გოგონას მკურნალობა საზღვარგარეთ გაგრძელდეს. სასორწარკვეთილი დედა საზოგადოებას სთხოვს დახმარებას.

“ჩემი ოჯახი ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაშია. ორივე თირკმელი გათიშულია. ვერიკო დიალეზზე მყავს. მეხუთე სტადია აქვს.  თვეში ერთხელ საჭიროებს სისხლის გადასხმას. ბავშვი სულ ცუდად არის, მაღალი წნევები აწუხებს. ვერიკოს სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. მითხრეს, შენი თირკმელი არ გამოდგებაო. ყველაფერს დავთმობდი, ვერიკოს ნაცვლად, მე რომ ვიყო. ბავშვის ანალიზები, რომ გავაგზავნოთ გერმანიაში, პირველ რიგში, 2500 ლარია საჭირო, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ამის გარდა, თბილისში ხუთი თვეა ნაქირავებში ვცხოვრობ. თანხის უქონლობის გამო, აქედანაც უნდა გავიდე. არ ვიცი, რა ვქნა და რა გზას დავადგე. ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს. იმედი მაქვს, უფლის და კეთილი ადამიანების დახმარების და მათი მხარდაჭერის.  იქნებ, არიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს გულისტკივილს გამოეხმაურებიან, ან იქნებ, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩემი შვილი იხსნან სიკვდილისგან.”

ქალბატონმა  თამარ ცირდავამ მოგვაწოდა სპეციალური ანგარიშის ნომერი, რომელსაც ვაქვეყნებთ. იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თანხებს ჩარიცხავენ  ამ ანგარიშზე გოგონას გადასარჩენად. თიბისი ბანკი.   GE39TB7677245061100077 მიმღები ვერიკო ჯაბუა 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!