“სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა”


დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პროექტის “სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა” დასკვნითი რეგიონალური შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ძირითად შედეგებზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების უფლებების რეალიზების მიმართულებით. პროექტს ზუგდიდში ახორციელებდა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა “თანაზიარის” ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. “პროექტი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო. რეგიონში ეს იყო პირველი მცდელობა, პრობლემა, რომლის გამო შეიქმნა პროექტი.”-თქვა “თანაზიარის” ხელმძვანელმა.

პროექტში განხორციელებულ საქმიანობებზე და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა “ველფეარ ფაუნდეიშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა სიმონ გაბრიჭიძემ. მისი განმარტებით, პროექტი სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და მოხდა მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. სიმონ გაბრიჭიძის ინფორმაციით, 2016 წლიდან 2018 წლის მარტამდე დაახლოებით ორიათასამდე ბავშვი იქნა გასინჯული სმენის სკრინინგზე, აქედან, 132 დასჭირდა მეორადი გამოკვლევა, 19 ბავშვი გამოვლინდა, რომელმაც ვერ გაიარა მეორადი გამოკვლევა. საჭირო გახდა სმენისდაქვეითების ზუსტი ხარისხის დადგენა და გაიგზავნა თბილისში აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რათა მომხდარიყო დახმარება და ზუსტი დიაგნოზის დადგენა. ” სამეგრელოში დაინერგა ახალშობილთა სმენის სკრინინგი. ყველა ახალშობილს 2016 წლის ივნისიდან მოყოლებული, რომლებიც დაიბადნენ ზუგდიდის სამშობიარო სახლებში მათ შეუმოწმდათ სმენა. პროექტის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მშობლების და მეტყველების თერაპევტების მომზადება. ჩვენი მიზანი იყო მშობელთა ორგანიზაციებისთვის შეგვეწყო ხელი. ჩამოყალიბებულიყო სმენადაქვეითებულ ბავშვთა, მშობელთა ორგანიზაცია, რომლებიც შემდგომ, უფრო აქტიურად მოახდენდნენ თავიანთი შვილების დაცვას”. სიმონ გაბრიჭიძის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მოხდა მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბება თბილისა და ზუგდიდში. სიმონ გაბრიჭიძე ამბობს, რომ მომავალში დაგეგმილი აქვთ, რომ უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ რეაბილიატაციის სერვისების განვითარებაზე. “ასეთი ბავშვებისთვის დღის ცენტრების ჩამოყალიბებაზე სადაც მათ ექნებათ ხელმისაწვდომობა ყველა სპეციალისტზე. გვინდა ასეთი კომპლექსური ცენტრების ჩამოყალიბება და სარეაბილიტაციო ცენტრების გაძლიერებას შევუწყოთ ხელი მომავალი პროექტის ფარგლებში”.

სმენადაქვეითებული მოზარდის ნათესავმა აზა ბეჭვაიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და აუცილოებლობაზე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრების გამართვა მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვების მიზნით. “ჩვენი მუნიციპალიტეტი დიდი მუნიციპალიტეტია, ვიღაცისთვის ბიუჯეტი შეიძლება  იყოს დიდი სხვებთან შედარებით, მაგრამ დამერწმუნეთ მწირია. არის უამრავი გამოწვევა, პრობლემა და ამიტომ მუნიციპალიტეტს ყველა პრობლემის მოგვარების ამბიცია არ უნდა ჰქონდეს, თუმცა პრიორიტეტების დასახვის პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები გაკეთდეს სწორად”. ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ 2019 წელს აქცენტი გაკეთდება სკრინინგზე. “ადრეული ასაკიდან, ბავშვი დაბადებიდანვე უნდა იყოს ამ კულტურით გაზრდილი, უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ თავისი ჯანმრთელობა დააყენოს პირველ ადგილზე და ჰქონდეს კულტურა სკრინინგული გამოკვლევის ჩატარების. ამიტომ ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ”-თქვა სხულუხიამ.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და “ველფეარ ფაუნდეიშენთან” ერთად მას ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები “სთეფ ფორვარდი”, “თაირისი”, და “თანაზიარი”. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან” დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!