მშვიდობიანი აქცია ენგურის ხიდზე


აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე, მშვიადობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები წარწერით: “გაისად სოხუმში!” “არა ოკუპაციას!” “არა კოლაბორაციონიზმს, მტერთან თანამშრომლობას!” “აფხაზეთი საქართველოა!” “გალი-თანამედროვე რუსული გულაგი.” “დაიცავი დედა-ენა!” 

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ჟურნალისტმა ლაშა ბერულვამ: „ჩვენ მოვედით, რათა ერთად დავდგეთ ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები და სწორედ აქ, ამ ადგილიდან, საიდანაც 2008 წელს რუსი ოკუპანტების უამრავი ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა შემოვიდა სამეგრელოში, ვთქვათ მთელი საქართველოს გასაგონად – “არა რუსულ ოკუპაციას!” ” არა აგრესიას!”  “შეაჩერე ოკუპაცია!”  მთელი საქართველო იქცევა ერთ დიდ ჯაჭვად და ის ჯაჭვი აუცილებლად  ჩაანაცვლებს იმ მავთულხლართებს, რომელიც მიცოცავენ ჩვენი ქვეყნის სიღრმისკენ და ეს იქნება რუსული აგრესიის დასასრული საქართველოში“.

ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეებს მიმართა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. მისი თქმით, აქ მოსვლით უნდოდათ ეთქვათ ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირისთვის, რომ “აფხაზეთი არის საქართველო და საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი არის სოხუმი. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და არასოდეს არ დავუთმობთ ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა და ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“.

აქციაზე იმყოფებოდა „აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია. ” ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ ვუთხრათ პუტინს, რომელიც ჩამოდის თუ ჩამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე,  ყველაზე ვერაგ, პირსისხლიან, თავხედ აგრესორს, რომ ჩვენ არ გაგვნელებია უკან დაბრუნების სურვილი. ჩვენ გვჯერა უკან დაბრუნების. ეს აუცილებლად მოხდება. საქართველო გამთლიანდება. ჩვენ დავბრუნდებით. ქვეყანა იზეიმებს მთლიანობას და გამარჯვებას“.

აქცია ცოცხალი ჯაჭვით დასრულდა, მასში მონაწილეობა მიიღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ევროპულმა საქართველომ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WVaBczMn4vs[/embedyt]

აქციის მონაწილეებმა მშვიდობის სიმბოლურად მტრედები ცაში ააფრინეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!