მეგობრები დიდ გზაზე…


წლევანდელი კურსდამთავრებულები, კლასელები  და განუყრელი მეგობრები, ყოფილი „ჯიელსელები“ ქეთი ჯეჯელავა  და ლუკა კიტია სამედიცინოზე აბარებენ.  მეგობრებს თავიდან იურისტობა უნდოდათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება – “ექიმები უნდა გავხდეთ,” სპონტანურად მიიღეს. მომავალი ქირურგები ამბობენ, რომ  მართალია, სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდებით, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით, პირველი კურსის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნებაო. 

ქეთი: თავიდან რუხის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, მოგვიანებით, პირველ საჯარო სკოლაში გადავედი, მეშვიდე კლასიდან „ჯიელსში“. სკოლის უძლიერესმა პედაგოგებმა მომცეს სტიმული და მოტივაცია იმისა, რომ ვერცხლის მედალოსანი გავმხდარვიყავი. ყველაზე მეტად მწყდება გული ჩვენს მასწავლებლებზე, ისინი ყველა საქმეში გვერდში გვედგნენ და მგულშემატკივრობდნენ. ჩვენს კლასში ორმა დავამთავრეთ ვერცხლის მედალზე. მე და დიანა ხვიტიამ.

ლუკა: „ჯიელსმა“ მომცა ზოგადი განათლება და ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში დამეხმარება საზოგადოებათან ურთიერთობაში. ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა, ჩვენი ორი კლასელის ლუკა გაბელაიას და თაკო ჯალაღონიას წარმატება. მათ შესძლეს გრანტის მოიპოვება და სანდიეგოს უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გადავცე ჩვენს პედაგოგებს, ქალბატონებს: ნესტან ფიფიას და თინიკო ლოლუას.

-მეგობრებმა რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინოზე ჩაბარება?

-ქეთი: თავიდან, იურისტობა მინდოდა, მაგრამ ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე, მივხვდი, ვერ შევძლებდი ამ პროფესიაში განვითარებას. ცოტა ლოიალური და რბილი  ხასიათი მაქვს, იურისტობის ხასიათს არ შეესაბამება. თან იქ უფრო მოზეპირე ხალხია საჭირო, რაც ჩემთვის არ არის საინტერესო. ამიტომ გადავწყვიტე, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მიმაჩნია, რომ ეს ის სფეროა, რაც ყველაზე მეტად მომწონს. კონკრეტული სფერო ჯერ არ მაქვს არჩეული, მაგრამ ზოგადად ქირურგია მაინტერესებს. ძალიან მიყვარს ადამიანების დახმარება და მათთვის პრობლემების მოგვარება, შეიძლება ხასიათის ამ მხარემაც იქონია გავლენა. ოჯახის წევრებს თავიდან ძალიან გაუკვირდათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ   განსაკუთრებულად მომიწონა დედამ, რადგან თვითონაც მედიკოსია.

ლუკა: მე და ქეთის არჩეული პროფესიის სწავლა საქართველოში არ გვინდა. გერმანიაში ვაპირებთ წასვლას. იქ სწავლის მაღალი დონეა. თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. გამოცდები იანვრის თვეში გვექნება და ამის შემდეგ ვნახოთ, რა როგორ იქნება, ისე, ჩვენი  დიდი სურვილია, მოვხვდეთ მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში.

-მანამ ეროვნულ გამოცდებს აბარებთ, აქ, საქართველოში… საგამოცდო ტესტები როგორი სირთულის იყო?

ქეთი: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი იყო, ან ძალიან რთული. აბიტურიენტი, რომელიც მომზადებულია გამოცდებისთვის და შრომობს 11 წლის განმავლობაში, აუცილებლად მიიღებს მისთვის სასურველ შედეგს.

ლუკა: საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულის იყო. ვისაც ზოგადი განათლება აქვს, მისთვის რთული და ძნელი არ იქნებოდა. ბოლო გამოცდა 18 ივლისს ბიოლოგიაში გვაქვს და იმედია, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.

-რეპეტიტორებთან ემზადებოდით?

ლუკა: ბოლო თვეს ჩვენს მასწავლებელთან დავდიოდით, მხოლოდ ორ საგანში ვმეცადინეობდით.

ქეთი: მთელი წელი, რომ გვემეცადინა ამის დროც არ გვქონდა.

-გრანტზე თუ გიფიქრიათ?

ქეთი: სიმართლე, რომ გითხრათ, გრანტზე  არ გვიფიქრია. ვნახოთ რა შედეგები გვექნება.

-რადგან გერმანიაში გსურთ სწავლის გაგრძელება, ენა სრულფასოვნად გეცოდინებათ…

ლუკა: პატარობიდანვე გვინდოდა გერმანიაში სწავლა, შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ოცნებაა, ამიტომ ენის შესწავლა ადრე დავიწყეთ და ახლა სრულფასოვნად ვფლობთ.

-წლებია მეგობრობთ, სულ ერთად ხართ, როგორ დაახასითებდით ერთმანეთს?

ლუკა: ჩვენ მერვე კლასიდან ვმეგობრობთ. ქეთი ძალიან მეგობრული ადამიანია, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ყურადღებიანი.

ქეთი: ლუკა ორიგინალური ადამიანია. მომთმენი, მშვიდი, გაწონასწორებული და კრეატიული. არ არსებობს საკითხი და თემა, რომელიც არ იცის. ყველა სფეროში ერკვევა. ყოველდღე მისგან სიახლეებს იგებ. იმდენად კომბინირებული ადამიანია, რომ მის ნაკლს ვერ შეამჩნევ, თუმცა ცოტა ემოციურია. ძალიან ცოტა მეგობრები მყავს. ბავშვობის ორი მეგობარი და ერთადერთია ლუკა, რომელიც სკოლიდან მომყვება. ნდობის მომენტი მაქვს. ერთგულია, რაც იშვიათად არის ადამიანებში.

-ალბათ, გერმანია იქნება თქვენი საყვარელი ქვეყანა…

ქეთი: ყველა ქვეყანა თავისებურად ლამაზი, მომხიბლავი და მიმზიდველია. არ მიმაჩნია,  რომელიმე ქვეყანა იყოს, რომელიმეზე აღმატებული. განსაკუთრებულად მაინც ჩემი ქვეყანა მიყვარს.

-გერმანელები პუნქტუალურები არიან…

ქეთი: მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ლეგენდაა, რადგან, ვინც ჩავიდა, ყველა გვიდასტურებს, რომ ეს არ არი სწორი. მეგრელები უფრო პუნქტუალურები ვართ, ვიდრე გერმანელები.

ლუკა: ვინც გერმანიაში იმყოფებოდა იმათგან ვიცით, რომ ეს არ არის მართალი.

-როგორია თქვენი თავისუფლი დრო?

ქეთი: წელს თავისუფალი დრო არ გვქონია. გასულ წლებში მე და ლუკა სხვადასხვა აქტივობებში ვღებულობდით მონაწილეობას. ვთანამშრომლობდით სხვადასხვა გამოცემებთან. ისე ძალიან მიყვარს კალათბურთი, მაგრამ წელს ვერ მოვახერხე, მეთამაშა.

ლუკა: თავისუფალი დრო, როცა გვქონდა, მაშინაც სხვადასხვა ღონისძიებებში ვღებულობდით მონაწილეობას. ვიყავი საყმაწვილო ჟურნალ „სარკმელის“ ნომრის რედაქტორი, დავდიოდი სამეგრელოს განვითარების ცენტრში და სამოქალაქო კლუბებში.

– თქვენი ოჯახები ქალაქში ცნობილები არიან…

-ქეთი: დედა ხათუნა ჯანაშია პროფესიით ექთანია, მამა – გოჩა ჯეჯელავა ისტორიკოსი. ამჟამად სახლში მე, ბებია და ბიძაჩემი ვცხოვრობთ. მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან, კერძოდ, საფრანგეთში. ჩემი სწავლა-აღზრდის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბებიას, ლიანა ქარჩავას, რომელიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდა და ზუგდიდელები კარგად იცნობენ..

ლუკა: ჩემი ოჯახი მუდამ გვერდში მედგა. ნებისმიერ საქმეში მშობლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ამ მხრივ მე გამიმართლა, რადგან, ოჯახი საჭირო დროს და ადგილას მუდამ ჩემს გვერდით არის. დედაჩემი ნათია გვილიაა, რომელიც მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგია, მამა გიორგი კიტია პროფესიით, ეკონომისტია. მყავს უმცროსი და- მერი. ბაბუაჩემი ვაჟა კიტიაა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შ.პ.ს „ზუგდიდსერვისს“. ბებია-ფერიდე ნოდიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს აღზრდაში.

-წლების შემდეგ, მეგობრებს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?

ქეთი: ძალიან მინდა ვიყო მედიცინის სფეროში. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მაინც და მაინც წარმატებული ადამიანი ვიყო. იმედია ამ პროფესიაში ვიპოვი ჩემს თავს და შრომით მივაღწევ შედეგს.

ლუკა: ვიცით, ძალიან ძნელ და რთულ საქმეს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, შრომის შედეგად ყველაფერს მივაღწევთ. ჩვენ მიზანი დავისახეთ და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ჩვენ აუცილებლად ვისწავლით გერმანიაში და მიღებულ ცოდნას ჩვენს ქალაქს მოვახმართ.

ეკა ფარულავა

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!