ძმები გამისონიები…


„ძმები გამისონიები“ -ასე მინდა ერქვას ამ წერილს, უფრო სწორად, ამბავს ორ ბიჭზე, ორ ძმაზე, ორ ბატონზე, ორ ექიმზე,- ლაშა და საბა გამისონიებზე. მათ უნდა იცნობდეთ, კარგი ქართველები არიან და თავიანთი საქმის იმ ეტაპზე, პროფესიონალები რომ ხდებიან უკვე. ზუგდიდელები არიან… თუმცა… ლაშა გამისონია მაფრთხილებს, ჩვენ გალელები ვართ, არ დაგავიწყდეთო… ახლა ერთი ძმა გერმანიაშია, ერთიც თბილისში. საბა ამბობს, რომ მისთვის მაგალითია ლაშა,-წარმატებულია და იმდენი კეთილი საქმე აქვს უკვე გაკეთებული, ვერ წარმოიდგენთო. ლაშამ ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და იწვალა.
ლაშა გამისონია: ეს არის გზა მომვლელობიდან ექიმობამდე. ძალიან რთული გზა იყო, მაგრამ დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, ჩემზე ბევრად მძიმე ისტორიებიც მომისმენია და ბევრად მსუბუქებიც. მომვლელობის წლებს დავარქმევდი სიმდაბლეში და სიყვარულში განმტკიცების წლებს ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის და შესაძლებლობების ბევრად ახლოს გაცნობის, სასწაულების, დიდი ტკივილების, იმედების, ბრძოლის და გამოცდების, უთვალავი გამოცდების წლებს. აქ გავხდი ბევრად ეკლესიური და ჩემს წარმატებებსა თუ სასწაულებს როგორ ვუწოდო არ ვიცი… იქნებ, „ღვთის საჩუქარი“? საქართველოში, ყველა გზა ვცადე, რომ გავმხდარიყავი კარგი ექიმი. მე და საბამ ჯერ დავიწყეთ სანიტრობით, მერე ექთანად ვმუშაობდით, ხან სასწრაფოში, ხან სხვადასხვა კლინიკაში. მერე უსტატუსოდ ვიყავი საოპერაციოებში. ხან „დამხმარე“ მერქვა, ხან „პრაქტიკანტი“, ხან „სტაჟიორი“ და ჩვენი მანკიერი სისტემის და უპერსპეტივობის გამო, საბოლოდ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი გერმანიაში და არ ვნანობ.
ჩემს პროფილს ასე ჰქვია-ანესთეზია და ინტენსიური თერაპია (ანუ „რეანიმაცია“-როგორც სამშობლოში ვუწოდებთ). საქართველოში დაყოფილია ეს ორი მიმართულება, აქ ერთადაა. კლინიკა, სადაც ვმუშაობ, ერთ პატარა ქალაქში მდებარეობს, რომელიც საქართველოსავით გორაკ-ბორცვიანია და ზოგჯერ ვხუმრობ კიდევაც, მდინარეები და წყაროები მაკლია, თორემ აქაც პატარა საქართველო გვაქვს მეთქი.
ჩვენს კლინიკათა ქსელში, რამდენიმე ჩემი მეგობარი და კოლეგა დავასაქმე, ამას სიამაყით არ ვამბობ, სწორად გამიგეთ (ზოგიერთი იმ ქართველების გასაგონად ვამბობ, ვინც აქ წლებია მოღვაწეობს), თითოეულმა მათგანმა, ბევრი იწვალა და ნამვილად იმსახურებდნენ შანსს. იმედი მაქვს, თვითონაც, როცა „შედგებიან“, ბევრ ადამიანს დაეხმარებიან, გაუმართავენ ხელს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იზრუნებენ. მე ვიცი, რა რთულია გერმანიაში „მოიკიდო ფეხი“. საქართველოში კი, ინფორმაციული ვაკუუმია. იმდენი სირთულეები გამოვიარე, სანამ აქამდე მოვიდოდი, იმდენი დაპირება მიმიღია გერმანიიდან, იმდენი იმედგაცრუება მქონია… გული მწყდება ხოლმე, ახლა, ნათლად ვხედავ, თუ აქ მოღვაწე ექიმი მოინდომებს, ყოველთვის შეძლებს დაეხმაროს პერსპექტიულ კოლეგას, ნიჭიერ თანამემამულეს, შეძლებს გერმანიაში ჩამოიყვანოს და დაასაქმოს, არაა აუცლებელი ყველამ ის წვალება გამოიაროს რაც აქ დამწყებებმა გამოიარეს. არც მე და არც საბას, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი, ვინც გზას გაგვიკვალავდა, არ გამოგვიჩნდა, მიუხედავად ბევრი დაპირებისა და ლამაზი სიტყვებისა. ობიექტური და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის გაცემასთან ერთად, საკუთარი თავის გარდა, სხვაზე ფიქრი უჭირთ დღეს ადამიანებს. მერე ალბათ თვითონ აღარ სჩანან განსაკუთრებულებად და ვერ ელევიან ამ სტატუსს. გერმანიაში განათლების მიღებისთვის და სწავლის გაგრძელებისთვის სჭირო ყველა ინფორმაციას ვფლობ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და მუდამ დაგვიანებით ვპასუხობ წერილებზე. თითქმის ყველა სირთულე და ცვლილება გერმანულ კანომდებლობაში საკუთარ თავზე ვიწვნიე და ყოველთვის ყველა მიმართულებით ვცდილობდი გამეკვლია გზა, ამიტომ დამიგროვდა ამდენი ინფორმაცია. უბრალოდ, ღმერთმა ისე ინება, საუკეთესო გზა კარიერული წინსვლისთვის თავად გამომიჩინა. ახლა კი, აქ პატარა საქართველო გვაქვს. უკვე ხუთნი ვართ.
ქართველი ემიგრანტები ხართ გერმანიაში…
– მინდა ვთხოვო ჩვენს ქართველ მოსახლეობას, ნურასოდეს მოიხსენიებენ ემიგრანტებს აუგად, თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რამდენად რთულია უცხო მიწაზე ცხოვრება, უცხო ენაზე მომავლის შენება და ბრძოლა არსებობისთვის, მარტოობაში, როცა შენი თავის გარდა, მშველელი, აღარავინ გყავს და არც წყლის მიმწოდებელი ვინმე, რომც კვდებოდე. ათასობით ემიგრანტი არჩენს უამრავ ოჯახს, ზოგს რა მიზანი აქვს, ზოგს რა, ყველას „ერთ ტაფაზე ნუ შეწვავთ“. განსაჯეთ მუდამ გონებით და გულით. არცერთი სამსახური, სადაც პატიოსნად ლუკმა პურს შოულობ, არაა სამარცხვინო. ადამიანობა და ქართველობა სამსახურით და სტატუსით არ განისაზღვრება.
საუბარში საბა გამისონია ჩაერთო.
საბა: ლაშას მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მას ძალიან უყვარს ადამიანები, გამოხატავს კიდეც ამას, ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, უკვე წარმატებული პიროვნებაა.
საბა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია ბატონი ფრიდონ თოდუას კლინიკაში. პროფესიით ონკოლოგია. ამბობს, რომ ონკოლოგიური დაავადებები განკურნებადია თუ დიაგნოზი ადრეულ პერიოდში დაისვა და მკურნალობა სწორად წარიმართა.
ლაშა: ძალიან მომწონს რომ საბამ ეს რთული დარგი აირჩია, ონკოლოგია ეს ის სფეროა, სადაც ექიმებმა კიდევ ძალიან ბევრი რამ უნდა თქვან და დარწმუნებული ვარ, საბას პიროვნული ხასიათიდან და ღირსებებიდან გამომდინარე, საქართველოს მისი სახით, მალე, ძალიან ძლიერი და პაციენტებისთვის საყვარელი ონკოლოგი ეყოლება. სამწუხაროდ, საქართველოში იმდენად სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობაა, ონკოლოგები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხალხი იმდენადაა დაკავებულია ყოველდღიურობით, არც უფიქრდება საიდან მოდის ამდენი ონკოლოგიური დაავადება. არის სფეროები, სადაც გერმანელებს ვჯობივართ. მაგრამ ზოგადად, იმდენად წინაა გერმანია საქართველოსთან შედარებით, ტექნიკური, პრევენციული, ჰიგიენური, ინოვაციური და ბევრი სხვა მიმართულებით, რომ ათეულობით წლები დაგვჭირდება ისეთი ჯანსაღი სისტემა ავაშენოთ როგორც გერმანიაში.
ლაშა, ხშირად ვფიქრობ, ნუთუ აუცილებელია პროფესიული სრულყოფისთვის საზღვარგარეთული პრაქტიკა…
– საქართველოში გვყავს ბევრი კარგი პედაგოგი, რომელთა შთაგონებისა თუ მითითებების წყალობით მოვედი სწორედ აქამდე, მაგრამ სისტემაა მანკიერი და ძლიერი ინდივიდები არ გვყავს სამწუხაროდ, ისეთი რომ სისტემა შეცალონ და ათასობით ადამიანს, რომელთაც გულით სურთ კარგი ექიმები გახდნენ, დაანახონ კარიერული კიბე, რომლის გავლაც მოუწევთ. სიყვარული გვაკლია და გათითოკაცებულები ვართ. საქართველოში კი განათლება ბიზნესადაა ქცეული, ჩვენს ქვეყანას, ყოველწლიურად, 800 კურსდამთავრებილი ექიმი არ სჭირდება და თაობებს ფაქტიურად გასაწირად იმეტებენ, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს, ყველა საკუთარ ფინანსებზე და საკუთარ თავზე ფიქრობს. სამედიცინო დარგში ამერიკას და გერმანიას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, ჩვენი ქვეყანა კი, ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური მძიმე მდგომარეობის გამო, ბევრად ნელა უბამს მხარს თანამედროვე მიღწევებს თუ ინოვაციებს მედიცინაში.
საბა: დიახ, აუცილებელზე აუცილებელია საზღვარგარეტული პრაქტიკა. მე დეკემბერში მინდოდა წასვლა გერმანიაში კიდევ ორი თვით პრაქტიკაზე, რადგან იქ სრულიად განსხვავებული რამის კეთება და სწავლა მომიწევს. მინდოდა შინაგან სნეულებებში გამევლო კიდევ ორთვიანი პრაქტიკა, მაგრამ ამ ეტაპზე, არ გამოდის, რადგან მარტში გამოცდისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადო. ზოგადი ონკოლოგია და ქიმიოთერაპია არ მაკმაკოფილებს და უფრო ამიტომ მინდა გერმანიაში წასვლა. იქ სხვა სისტემაა, სანამ თერაპიაში არ მიიღებ მინიმუმ 3 წლიან სამუშაო გამოცდილებას, ონკოლოგი ვერ გახდები. მარტში ვამთავრებ საქართველოში რეზიდენტურას, ალბათ, მაისსა თუ ივნისში იქნება სალიცენზიო გამოცდაც.
-ბიჭებო, ხომ იცით, მე ტყუპები მეგონეთ…
საბა: – უნივესრსიტეტში ყველას ტყუპები ვეგონეთ, მომგებიანი იყო ტყუპობა და არც ვამხელდით ხოლმე სინამდვილეს. თუმცა ხასიათები განსხვავებული გვაქვს. მაგალითად, ლაშა ხშირად უსმენს სიმღერებს, უყვარს ველოსიპედით სეირნობა, ექსტრემალური სპორტი, უფრო კომუნიკაბელურია, უფრო დადებითი ემოციის მატარებელი, უფრო მზრუნველია, უფრო მოსიყვარულე, უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს… აი, მე, ბევრ მოძრაობას მირჩევნია დავისვენო, არც ისეთი თბილი არ ვარ, როგორც ლაშა. ბევრ რაღაცაში მას ვბაძავ, რადგან ცხოვრებამ მიჩვენა, რომ ზოგჯერ თავს უნდა დააძალო რაღაც, მერე ამჩნევ, რომ ნელ-ნელა გამოგდის.
ლაშა: მე და საბას ბევრჯერ გვიკამათია, თუმცა ხელით არასოდეს შევხებივართ ერთმანეთს, მსოფლმხედველობა და წარმოდგენა ცხოვრების საზრისზე ერთნაირი გვაქვს, ამიტომ ის ჩემი სულის ნაწილია და დასაყრდენი. მუდამ დაუნდობლად ვეუბნებით ერთმანეთს სიმართლეს და ცხარედაც ვკამათობთ, ხოლმე, შემდგომ ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა უკვე იშვიათად. ის წლები, თუ თვეები, როცა საბასთან ერთად მიცხოვრია, მუდამ იყო ერთი დიდი ჰარმონიის, უანგარო სიყვარულის და სიმშვიდის წლები. ზოგიერთი მეუბნება ძმაა და აბა, რა იქნებაო,-ამაში არაა საქმე… უამრავი ნათესავი მინახავს, ერთმანეთს რომ მტრობენ და უჭირთ ერთმანეთის გვერდით, უბრალოდ, ზემოთაღნიშნულშია საქმე და იმაში, რომ საბას აქვს მორჩილების, სიყვარულის, თავმდაბლობის, ვაჟკაცობის, იუმორის დიდი უნარი. ადრე ფიცხი იყო ძალიან, ახლა შეიცვალა და ადამიანებს მუდამ სიყვარულით უდგება. თუმცა, დღესაც ვერცერთი, ვერ ვიტანთ ჩაგვრას და უზრდელობას.
ძმები სკოლიდანვე იყვნენ ძალიან მოწესრიგებულები და მიზანმიმართულები. მე მათ ვეუბნები-ეს დედის, ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ქალბატონის, ქრისტინა კილანავას დამსახურებაა ალბათ მეთქი. საბა მეუბნება არა მარტო დედის, მამასაც და მამიდასაც ჩვენი ცხოვრების ამ გზით წარმართვაში თავისი წვლილი და როლი ჰქონდა და აქვსო.
ლაშა:-მამაზე, ერთხელ, ერთი პოსტი დავწერე ფეისბუქზე,-ის არის და იქნება პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის მქონე, ოჯახისთვის თავგადადებული მამის და მამაკაცის ეტალონი ჩემთვის-მეთქი და ზუსტად ასეა. ახლა კი, არ ეწყინება დედაზე რომ ვილაპარაკო. დედა – საოცარი გვყავს. ვთვლი, რომ ასეთი ქალები, დღეს, ძალიან ცოტანი არიან, თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. დედას ძალიან დიდი გული აქვს, ნერვიულობს აბსოლუტურად ყველა ადამიანზე, ვისაც უჭირს, არის უსაზღვროდ განათლებული და მისგან მუდმივად გვესმოდა, წაიკითხე, წაიკითხე, წაიკითხე და ჩვენც ვკითხულობდით. არის ძალიან აქტიური საზოგადო მოღვაწე, ეხმარება თავისი პროფესიით უამრავ ადამიანს, შემდგარი და ცნობილი ქალბატონია კარიერული თვალსაზრისით. დედაზე როცა ვფიქრობ, მუდამ, ამოტივტივდება ხოლმე ჩემს წარმოსახვაში, ათობით ფურცლებით და სათვალით ხელში. სულ რაღაც პროექტზე მუშაობს და ნერვიულობს კიდევ იმაზე, შემდგომ, კონფერენციაზე, სიტყვით რომ გამოვა, რას გაუსვას ხაზი მონოლოგისას. იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ასეთი ქალები ცოტანი არიან მეთქი. ამ ყველაფრის პარალელურად, დედა ძალიან კარგი დიასახლისია. გაკვეთილებსაც მუდამ იბარებდა და არასოდეს გვიგვრძვნია, რომ დედა გვაკლდა, მიუხედავად მისი ასეთი აქტიური საზოგადო მოღვაწეობისა. აქ კიდევ უფრო ვიგრძენი, თუ როგორ ვუყვარვარ დედას, იმიტომ რომ დედა ის ქალია, რომელიც ჩემთან ერთად, სპეციალურად, იღვიძებს იქ, შორეულ სქართველოში, უთენია, ყოველი სამუშაო დღის დილის 7 საათზე და მუდამ კარგ სამუშაო დღეს და ბევრ კეთილ სურვილს იმეტებს ჩემთვის დაუზარელად, მე კი მუდამ გავრბივარ სამსახურში და პასუხად ერთი სმაილის მეტს ვერაფერს ვიმეტებ, ხშირად. ჩვენს აღზრდაში მამიდამაც დიდი როლი ითამაშა, მას საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია და ჩვენ, მისთვის, შვილებივით ვართ, ჩვენზე ამოსდის მზე და მთვარე და უსაზღვროდ ვუყვარვართ…”

სრული ჟურნალი “ზუგდიდელები” #52


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!