ნანა კვაშილავა: «…და ყველაფერი რაც მაბადია, მინდა სიყვარულს საჩუქრად მივცე…»

44328543_337790783435882_8190496156661317632_n

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს. ამბობს, რომ მისი ბიოგრაფია არაფრით გამორჩეული არ არის. თუმცა, მისმა პირველმა კრებულმა «ღიმილი ჩემი ავტოგრაფია», რომლის პრეზენტაცია სულ ახლახან შედგა, მის ბიოგრაფიას განსაკუთრებული ელვარება შესძინა. 

საუბარი პოეტ ნანა კვაშილავაზეა. ინტერვიუ თბილ გარემოში შედგა.

–»მე თითქმის არ მაქვს ბიოგრაფია,

გული სამყაროს უბეში მიცემს

და ყველაფერი რაც მაბადია,

მინდა სიყვარულს საჩუქრად მივცე… »

და მაინც… დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში. წარჩინებით დავამთავრე ზუგდიდის #9 საშუალო სკოლა. იმავე წელს, გავხდი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავედი თბილისის სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც წითელ დიპლომზე 1990 წელს დავამთავრე. ამ დროისთვის, უკვე მყავდა ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ზუგდიდის #6 საშუალო სკოლაში. შემდეგ დგება ურთულესი პერიოდი არამარტო ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. აფხაზეთის ომი და მასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემები. ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი, სამი მცირეწლოვანი შვილით, დავბინავდით რუსეთში და არ გვეგონა ასე დიდხანს თუ შემოვრჩემოდით ამ ცივ ქვეყანას.

–როდის დაიწყეთ შემოქმედებითი საქმიანობა?
–წერა ძალიან ადრე დავიწყე, მეხსიერებას ეს სტრიქონები შემორჩა, როგორც პირველი პოეტური მცდელობა: `

»ამ ფანჯრის მიღმა სამყაროა ვრცელი,
და ფანჯრის რაფა მევიწროება,
მინდა ჩიტივით გავშალო ფრთები
ვნახო ლურჯი ცის უსაზღვროება.»
ძალიან მწვავედ განვიცდიდი ურთიერთობის დეფიციტს, მშობლებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან განშორებას და უმზეობას. მზენაკლულ ქვეყანაში კი წერა იყო ჩემთვის გამოსავალი, ნუგეში და შვებაც. სწორედ იქ შევქმენი ბევრი ლექსი. ცისკენ მარადიული ლტოლვა, ყოფის არტახებიდან თავის დაღწევა… აი, მიზეზი და მიზანი ჩემი გონისმიერი და სულისმიერი ძიებისა… არ ვიცი, რამდენად ვახერხებ ყოველივე ამის ლექსებით გაოხატავს, მაგრამ ძალიან გულწრფელი და უშუალო ვარ.
–თქვენ უკვე გქონდათ პირველი კრებულის პრეზენტაცია…
–»ღიმილი ჩემი ავტოგრაფია», ასე ქვია ჩემს კრებულს, რომლის წარდგენაც ახლახან შედგა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავესე დღე იყო. პირველია და ამიტომ განსაკუთრებით ძვირფასი ჩემთვის. «ჩემი პოეტური ღიმილები»- ჩემს ლექსებს ასე დავარქვი. ყველას გულთან მივიდა იმ სითბოთი და მოფერებით, რომლითაც იწერებოდა. მთავარია, მკითხველთან უშუალო კონტაქტი შედგა.
–ძირითადად რა თემატიკაზე წერთ?
–ჩემს პატრიოტულ ლირიკას ლეიტმოტივად გასდევს ნოსტალგიური ნოტები… ვწერ  სხვადასხვა თემატიკის ლექსებს, ვარ ცოცხალი ემოციების მატარებელი და შესაბამისი განწყობა ჩემთვის აუცილებელი პირობაა შემოქმედებითი გახარჯვისთვის. ვწერ სამშობლოზე, სიყვარულზე, ასევე ფილოსოფიური დატვირთვის ლექსებს, საბავშვო ლექსებს და ვეწევი მთარგმნელობით საქმიანობას. ვთარგმნი რუსულ პოეზიას.
–შვილები თუ წერენ?
–უმცროსი ქალიშვილი წერს, მაგრამ ძირითადად პროზას. ახლა რომანსაა შეჭიდებული და ვნახოთ რა იქნება.
–რას ურჩევთ ახალბედა პოეტებს?
–არ მიყვარს რჩევის მიცემა, ყველაზე საუკეთესო რჩევა პირადი მაგალითია. სურვილით კი, ყველას წარმატებებს ვუსურვებ პოეზიის უკიდეგანო გალაქტიკაში.
–სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ…
–6 ნოემბერს, თბილისის მწერალთა სახლში დაგეგმილია, ჩემი კრებულის პრეზენტაცია, ხოლო ნოემბრის ბოლოს, უკვე მოსკოვში მელოდებიან კრებულით ხელში. გაისად ახალი პოეტური კრებულის გამოცემას ვგეგმავ. რედაქტორი და კრებულის სახელწოდებაც უკვე შერჩეულია. მასალა საკმარისზე მეტია. იმედია, ახალი ლექსებიც დაემატება.
–წარმატებები.
–მადლობა თქვენც.
 ანა სართანია

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes