არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ


  • 17 არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება

“საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვეხმიანებით 15 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, ტელეწამყვან  გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა. კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, უწყება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  გაბუნიას ლიკვიდაციასთან კავშირზე პირდაპირ არ საუბრობს, მაგრამ არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად  საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ე.წ. ბორდერიზაციის გზით,  რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მხრიდან პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები.

ბოლო წლებში საქართველოში  განსაკუთრებით გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუფარავად მოქმედებენ რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები. რუსული რბილი ძალიდან მომდინარე საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ხაზს უსვამს თავის ანგარიშებში. ამ ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების  ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს. მნიშვნელოვანია, რომ   მთავრობამ   მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა  წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

თხოვნით მივმართავთ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას”,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი
  3. მედიის განვითარების ფონდი
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. ლიბერალური აკადემია თბილისი
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  10. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  14. საფარი
  15. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  16. მწვანე ალტერნატივა
  17. ცენტრი “ემპათია”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!