„იზრუნე ჯანმრთელობაზე, როცა ჯანმრთელი ხარ“

  • Covid-19, ჩეხეთის კარიტასი საქართველოში და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი
  • ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, საინფორმაციო შეხვედრაზე „კიბოს სკრინინგის გამოწვევა-2020“, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა  გამართეს ზუგდიდში, ამბობს, რომ პანდემია განიხილება როგორც კიბოს სკრინინგის გამოწვევა, რომ COVID-19 პანდემიამ  ახალი  პრევენციული ღონისძიებების განხორციელების და უნარ-ჩვევების შეთვისების აუცილებლობა დააყენა ახალ რეალობაში, კვლავ მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მედიკოსებისათვის „ონკოლოგიური სიფხიზლის“ შეხსენება.  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებებში როგორც ინფორმაციის გავრცელების, ასევე სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაუმჯობესების კუთხით რეგიონში.

კამპანიას, „კიბოს სკრინინგის გამოწვევა-2020“, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სერიოზული წინაპირობა აქვს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის სახით, რომელიც როგორც ცენტრის კონსულტანტი ბექა იოსელიანი ამბობს, 2019 წელს დაფუძნდა ჩეხეთის კარიტასის და  ონკოპრევენციის ცენტრის მიერ, დონორის „ჩეხეთის განვითარების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით, იმ „ხვრელის“ ამოსავსებად, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სკრინინგული სერვისების განვითარებას. მანამდე კი, მედიკოსები, იძულებული იყვნენ, კიბოს პრევენციისთვის, პაციენტი თბილისში, ქუთაისში, ან სხვა მსხვილ ქალაქში გაეგზავნათ. ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ზოგადად საქართველოში და რეგიონში „კიბოს ავადობის და სიკვდილიანობის მაღალი ტვირთი“ არსებობს.  იოსელიანი ამბობს, რომ „დონორმა გამონახა ფინანსური შესაძლებლობა იმისთთვის, რომ ზუგდიდში, სამეგრელოს ცენტრში, აშენებულიყო მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სკრინინცენტრი, რომელიც ადგილზე დაფარავს ამ მოსახლეობის საჭიროებებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით.“

როგორც საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, პანდემიის შემდეგ, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში სრული მზაობაა პოსტპანდემიურ მდგომარეობაში მიიღოს ვიზიტორები და მათ მაღალი ხარისხით, უფასოდ მიაწოდოს სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებული სკრინინგული სერვისები.

  • ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, სახელმწიფო სკრინინგული პროგრამის ფარგლებში, ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს,  საშვილოსნოს ყელის კობოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და პროსტატის კიბოს სკრინინგული კვლევები. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამული დაფინანსებით, სკრინინგ ცენტრში, შესაძლებელია, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენა ზუგდიდში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის.

რემა ღვამიჩავა, ზუგდიდის სკრინინ ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, მთელ მსოფლიოში, შემცირდა ონკოპრევენციისათვის ვიზიტორთა სკრინინგ ცენტრებში მიმართვიანობა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის და შეხვედრაზე მყოფი  მისი კოლეგების აზრით, ეს ძალიან ცუდი ფაქტია მომავლისთვის, რადგან სკრინინგ ცენტრებში დროულად აღმოჩენილი ყოველი ონკოშემთხვევა გადარჩენილი სიცოცხლეა. როგორც ღვამიჩავა ამბობს, ქართველი ონკოლოგები მზად არიან გაითვალისწინონ რეკომენდაციები და პანდემიის სავარაუდო ახალი ტალღის შემთხვევაში, კი არ გააჩერებენ სკრინინგის ცენტრების მუშაობას, როგორც ეს პანდემიის პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა, არამედ შეზღუდავენ პროგრამის გარკვეულ საქმიანობას  და მუშაობას მაინც გააგრძელებენ: „ჩვენ შევქმით ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევზღუდოთ პროგრამა, მაგრამ არ გავაჩეროთ, რადგან სკრინინგის და კერძოდ, კიბოს სკრინინგის პროგრამების გაჩერება,  ძალიან ცუდი შედეგის მომტანია მომავლისთვის. კიბოს სკრინინგის პროგრამების სწორად ორგანიზების შემთხვევაში, სავსებით რეალურია კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის 30-დან 40 პროცენტამდე შემცირება. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი 1 ივნისიდან სრული დატვირთვით მუშაობს და შესაძლებელია სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება  უფასოდ, რის შესაძლებლობასაც იძლევა სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროგრამები“.

  • ამისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრის ცხელ ხაზზე 032 2 4700 99 და ჩაეწეროთ წინასწარ თქვენი დროის გათვალისწინებით. ცენტრში გელოდებათ უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურა, მათ შორის „პრისტინას“ ბრენდული ფირმის, 2019 წლის უახლესი თაობის ციფრული მამოგრაფი, ექოსკოპი და ა.შ. შესაძლებელია, ადგილზე, კოლპოსკოპიის და ენდოსკოპიის ჩატარება უახლესი აპარატურით, მაღალკვალიფიციური კადრის მიერ. ცენტრს ასევე ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტები მენეჯმენტის მოწვევით.

სწორედ ასეთი აქცია გაიმართა 18 ივლისს, თბილისიდან მოწვეული ონკოდერმატოლოგის მიერ, რომელმაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით, უფასოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება ყველა დაინტერესებულ მხარეს. „ეს აქციაც სწორედ „სკრინინგის გამოწვევის“ ნაწილია, რომელიც სპეციალურად დაიგეგმა ივლისში, რადგან ეს თვე არის ულტრაიისფერი სხივებისაგან კანის დაცვის ცნობიერების ამაღლების თვე და ამდენად, შესაბამისი პერიოდია, კიდევ ერთხელ ყველამ გავიხსენოთ, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გავიხსენოთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა პირველ რიგში ჩვენი პასუხისმგებლობაა“,-ამბობს თამარ კურტანიძე.

სკრინინგ ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ასეთი სამედიცინო გამოკლევების აქციებს  და პოსტპანდემიურ მდგომარეობაში, მზადაა ვიზიტორები მიიღოს არა მარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან, არამედ აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონის საზღვრისპირა სოფლებიდან და  საქართველოს ნებისმიერი კუთხიდანაც კი.

შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის საქმიანობის  განვლილი პერიოდის ანგარიში, მიღწევები და COVID-19 პანდემიის გამო შეცვლილი რეალობა, საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლებელია, სკრინინგ ცენტრში  ჯგუფური ვიზიტების ტრანსპორტით უფასო უზრუნველყოფაც, მსგავსად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამისა.

  • ინფორმაციისთვის: ზუგდიდიდს სკრინინგ ცენტრში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში CCRG არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტებს განვითარების სფეროში ჯანდაცვის, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის, სამოქალაქო საზოგადოების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
  • CCRG საქარველოში 2008 წლიდან მუშაობს, ხოლო ოფიციალურად 2015 წელს დარეგისტრირდა ჩეხეთის  რესპუბლიკის კარიტასის CCRG ადგილობრივი წარმომადგენლობის სახით.

 

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.