ბერულავების მცირე ბიზნესი, რომელიც ყვავილის ერთი თესლით დაიწყო


  • ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩის N80-ში, ყვავილების სამყაროა. აქ ხუთი წელია მცენარეებს ადამიანებივით უვლიან და ეფერებიან. როგორც მასპინძელი, ლევან ბერულავა გვიყვება, მეგობარმა მისი მოწონებული ყვავილის თესლი აჩუქა. დათესა, მოუარა, გაახარა. მომდევნო წელს კი, იმდენი მოვიდა, უკვე ბევრი იყო და… ასე გაჩნდა ერთი ყვავილის თესლისგან ბერულავების საოჯახო ბიზნეს იდეა – ყვავილების და მწვანე მცენარეების მოშენება-მოვლა-გაყიდვა.

ყვავილების სახეობებს ემატებოდა და ემატებოდა სხვა ფერისა და ჯიშის მცენარეები. საჭირო გახდა მათი თვისებების, მოვლის, უკვე სხვა დონეზე შესწავლა და ლევანმაც ლიტერატურა მოიძია. ინტერესმა მასავით ყვავილების მოყვარული ადამიანების ჯგუფებს დააკავშირა. არაერთ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. მცირე დაფინანსებაც მიიღო წასახალისებლად, რომ გაფართოვდეს და მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცეთ მის კლიენტებს.

ბერულავების ბიზნესს უკვე მთელი საქართველო იცნობს. შეკვეთას სოციალურ გვერდზე გახსნილ ონლაინ მაღაზიაშიც იღებენ. თქვენც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ონლაინ, ასევე ესტუმროთ სახლშიც და თქვენი მოწონებული მცენარე „წამოიყვანოთ“. მერე კი, ისევ ნებისმიერ დროს, დაუკავშირდეთ და თქვენი რჩეული მცენარის მოვლა-პატრონობის რეკომენდაციები მიიღოთ ბერულავებისგან.

ლევან ბერულავა: – “მოყვარული მებაღე ვარ, ვაწარმოებ როგორც მინდვრის, ასევე ქოთნის სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს, მარადმწვანე ხე-მცენარეებს. ხუთი წელია ოჯახი ამ საქმიანობას ვეწევით, გავიარეთ ფერმერთა გადამზადების კურსები. თითოეულ მცენარეს თავისი ხასიათი აქვს. გავეცანით მათ თვისებებს. თან, პერიოდულად, ვამატებთ ახალი სახეობის და ჯიშის ყვავილებს, მცენარეებს. შრომატევადი საქმეა, მაგრამ წარმატებული საოჯახო ბიზნესი გამოგვივიდა. ოჯახის ოთხი წევრი ვართ დაკავებული მცენარეების მოვლით. მომავლისთვის გვინდა წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები: „კოლხური ბზა“ და „კავკასიური სოჭი“ მოვამრავლოთ და ვაწარმოოთ. ეს მცენარეები გადაშენების პირასაა და ამ საქმეს მხოლოდ ბიზნესის კუთხით არ ვუყურებთ. ეს საქმე საქართველოს სჭირდება… რეალიზებას რაც შეეხება, მათი რეალიზება ხდება როგორც საბითუმოდ, ისე საცალოდ. ჩვენი მომხმარებლები არიან არამარტო ზუგდიდელები, არამედ მთელი სამეგრელოს რეგიონი. ვთანამშრომლობთ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურებთან… ჩვენი კლიენტები არიან ყვავილების მაღაზიები და ზოგადად, ამ ტიპის ბიზნესით დაკავებული ადამიანები, უბრალოდ, ყვავილების მოყვარულებიც, – მოგეხსენებათ, მეგრელები და ჩვენ, ზუგდიდელები, გამორჩეულები ვართ ეზოების მოვლა-პატრონობით და გალამაზებით. დღეს, უკვე ბევრ ეზოს ამშვენებს მცენარეები, რომლებიც ჩვენი მზრუნველობით აღმოცენდნენ.

გინახავთ „კალისტემონით“, „ვინკით“, „პორტულაკით“, „კოხიით“, „ფლოქსით“, „გაზანიით“, „პეტუნიით“ერთად და ერთბაშად აყვავებული და გამწვანებული ეზო? მიაკითხეთ ბერულავების ოჯახს კომბინატის დასახლებაში, გორგასალის 80-ში და დატკბით… არ არსებობს არჩევანი ვერ გააკეთოთ და იქიდან ხელცარიელი წამოხვიდეთ,-თან აუცილებლად წამოიყვანთ თქვენი ეზოს გამლამაზებელ მცენარეებს, რომლებიც სულის სიმშვიდეს მოგგვრით და თქვენს გარემოს სამყაროს მშვენიერების ნაწილად გადააქცევს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 558 77 25 49


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.