108 ათასი ლარი უფასო სასადილოსთვის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფის მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში 130 ათასი ლარიდან, ბოლო შეთავაზებით108 000 ლარით, გამარჯვებულია ინდმეწარმე “თემური ქვარცხავა”, რომელსაც, უკვე მეორედ, უწევს სატენდერო ინფორმაციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი 250 ბენეფიციარის მომსახურება. ზუგდიდის უფასო სასადილოში შარშან 230 ბენეფიციარი ირიცხებოდა. თემურ ქვარცხავა ამბობს, რომ ის და მისი ჯგუფი, წელს 253 ბენეფიციარს მოემსახურებიან. სასადილო 3 იანვრიდან შეუდგა მუშაობას. “ნელ–ნელა ვლაგდებით. მთავარია, არ გვაქვს შეფერხებები. ადგილზე, ყოველდღე, 10–მდე ბენეფიციარი სადილობს, დანარჩენს სადილი სახლში მიაქვს.” –გვითხრა ქვარცხავამ, თუმცა, ჩანს, რომ ის ჟურნალისტებთან საუბარში ძალიან ფრთხილია, სამაგიეროდ, ჩვენთან საკმაოდ გახსნილად ისაუბრა მისმა მეუღლემ მანანა ლომაიამ, რომელიც სასადილოს მზარეული გახლავთ.

მანანა ლომაიას თქმით, მისთვის, მეუღლესთან ერთად, აქ დაბრუნება მნიშვნელოვანია. ცხრა საათზე უკვე სამსახურში არიან და საჭმლის მომზადებას იწყებენ. მზარეულს ეხმარება ქალბატონი ლია ჭითანავა. 11 საათზე იწყებენ სადილის გაცემას, მაგრამ  ბენეფიციარები თურმე, უფრო ადრე იკრიბებიან. მზარეულმა გვითხრა, რომ მათი მომსახურეობით კმაყოფილები არიან ისინი, მოსწონთ მათი ნახელავი და ხშირად კომპლიმენტებსაც ეუბნებიან.

მანანა ლომაია: „თავიდან, როცა სასადილოში მოვედი 27 წლის ვიყავი, აქურობა ძალიან შემიყვარდა. ბენეფიციარები ჩვენი ოჯახის წევრივით იყვნენ. ყველაფერს ერთად ვგეგმავდით, დაბადების დღეებიც გადაგვიხდია, გვიმღერია, ტკივილი და სიხარული ერთმანეთისთვის გაგვიზიარებია. სასადილოში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები დადიან. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი მოხუცი, მაგრამ ჩვენ შევძელით ყველასთვის გაგვეგო. როცა ტენდერი წავაგეთ, ძალიან დაგვწყდა გული, მიუხედავად ამისა, აქ ხშირად მოვდიოდი, ვკითხულობდი მათ ამბებს. ზოგიერთი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, არ მოსწონდა ჩვენი წინამორბედის მუშაობა. როცა ტენდერში გავიმარჯვეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 3 იანვარს შევუდექით, საქმიანობას. ბენეფიციარებს, ჩვენი აქ მოსვლა ძალიან გაუხარდათ, დანახვისას ზოგიერთი ტიროდა, ზოგიერთი მეფერებოდა და გულში მიკრავდა“.

ქალბატონი მანანა ამბობს, რომ კვების რაციონში ცვლილებია. ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ ხორცი, თევზი. აქვთ კაკაო, კისელი და კომპოტი. მენიუს დაემატა კვერცხი. ასევე ბარდას წვნიანი.

უფასო სასადილოს მომსახურებით კმაყოფილები არიან ბენეფიციარები. ნესტან სექანიამ, მერი ჯიქიამ, ლიანა ლაშკოვმა,ნაირა ზარანდიამ აღნიშნეს, რომ უფასო სასადილოში „ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესია, რაც მთავარია ხარისხიანია და გემრიელი.“

სასადილო 11 საათიდან 14 საათამდე მუშაობს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!