ხელსაქმე, რომელიც ბიზნესად იქცა


სალომე ქარდავა 25 წლისაა. დაამთავრა სასულიერო სემინარია, აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ფსიქოლოგია-რელიგიამცოდნეობის განხრით. პროფესიით არასდროს უმუშავია. ბაშვობიდან აინტერესებდა ქარგვა. 

თავიდან გართობის მიზნით ქარგავდა, მაგრამ როცა დამთვალიერებლებმა მისი ნამუშევრებით კმაყოფილება და აღტაცება გამოხატა, საქმეს სერიოზულად მიჰყო ხელი. პირველად ჯვარედინული ქარგვით დაიწყო და მალევე საქმე სერიოზულ ბიზნესად აქცია. ქარგავს, კერავს, ნატურალური ქვებისგან ქმნის სხვადასხვა ორიგინალურ აქსესუარს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჰქონდა პირველი გამოფენა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

–ყოველთვის მეგონა, ადამიანი დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს თუ მას საკუთარი საქმე უყვარს. მე კი ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას, ძალისხმევას და პასუხისმეგბლობას მოითხოვს, მაგრამ ქარგვას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. საქმე დიდ დროს მოითხოვს. რთულია, როცა ორ შვილს ზრდი, ხარ მეუღლე და ოჯახური ვალდებულებები გაკისრია და იმავდროულად აკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. თავიდან ვფიქრობდი, არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ ოჯახმა, შვილებმა მომცეს სტიმული, რომ არ დავნებებულიყავი და მეკეთებინა ის საქმე რაც მე მსიამოვნებს. ქარგვა ჩემთვის განტვირთვაა, ერთგვარი თერაპიაა. გადავწყვიტე არასამთავრობო ორგანიზაცია  “აფხაზეთის” პროექტში “ხელსაქმისა და მეწარმოების შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობაში” მიმეღო მონაწილეობა. ორგანიზაციაში “სუტაჟის” ტექნიკაში აქსესუარებზე მუშაობა შეგვასწავლეს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო  “აფხაზეთის” წარმომადგენლებს მარი შონიას, ნათია ჭანკვეტაძეს და “ირდას” ხელთნაკეთი აქსესუარების დამფუძნებელს ირინა ყორშიას. ამჟამად ვმუშაობ “ირდას” სახელოსნოში.

-შენი პირველი ნამუშევარი….

-პირველად მოვქარგე იტალიური ეზოს წინა ხედი ყვავილებით. მახსოვს, როცა ვმუშაობდი, ძალიან ვნერვიულობდი. ჩემს შესაძლებლობებში და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ… საბოლოოდ, ძალიან ლამაზი გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემთვის ყველა ნამუშევარი არის ძვირფასი, ყველას თავისი ისტორია აქვს. თითოეული მათგანი მახსენებს იმ პერიოდს, ემოციას და განწყობას, რაც ქარგვის პარალელურად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ქარგვა არის დიდი სიამოვნება. სასიამოვნოა იმის ხილვა, როცა შენი ნამუშევარი შედეგიანი და ეფექტურია, ამავდროულად, შენი ნამუშევრით სხვებიც კმაყოფილია.IMG_6453 -ამ დროისათვის რამდენი ნამუშევარი გაქვს შექმნილი?

-დაახლოებით ოცამდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი. გარკვეული რაოდენობა გაყიდული მაქვს.

-რამდენი ხანი მუშაობ ნამუშევრებზე?

-გააჩნია ნაქარგის ზომას და რამდენ ფერს გამოიყენებ. ახლახან, მოვქარგე იტალიის სანაპირო 58 ფერი გამოვიყენე. საყურეებზე ვმუშაობ დაახლოებით სამი სააათი, პატარა ზომის საყურეებზე საათნახევარი. ყველაფერი ჩემი გემოვნებითაა შექმნილი. ყოველთვის ვცდილობ ჩემი ნამუშევარი იყოს ორიგინალური და განსახვავებული. მინდა გითხრათ, რომ მუშაობის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო.

-როგორც ვიცი, შენი ნამუშევრები ძალიან მოსწონთ ტურისტებს…

-დიახ, ზუგდიდში ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტებისთვის ჩემი ნამუშევრები გამაქვს გასაყიდად. მამაკაცებს განსაკუთრებულად “კლაჩები” მოსწონთ საჩუქრად. ფასები მინიმალურია და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, შეკვეთებსაც ვღებულობ.

-შენი ნამუშევრები საზღვარგარეთაც გააგზავნე გასაყიდად…

-რამდენიმე თმის სამაგრი და საყურე გავაგზავნე. ძალიან მოეწონათ. ვგეგმავ, ჩემი ნამუშევრების ონლაინ გაყიდვას. მინდა ყველაფერი გემოვნებიანი და ფერებთან იყოს შეხამებული, ამავდროულად, იყოს კლასიკური დახვეწილი და თანამედროვე.

-ხატებს რატომ არ ქარგავ?

-სხვათაშორის, მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ჯერჯერობით თავს ვიკავებ. დადგება ჩემს ცხოვრებაში პერიოდი და აუცილებლად მოვქარგავ ხატებს.IMG_6472 -სალომე, ხელსაქმე ბიზნესად აქციე….

-როცა საქმეს იწყებ, ყოველთვის გჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. თავიდან საკმაოდ მიჭირდა, მაგრამ ოჯახის მხარდაჭერით, თანდათანობით, “დავლაგდი”. დღეს, ჩემი მოკრძალებული ხელსაქმით, შეიძლება ითქვას, რომ უკმაყოფილო არ ვარ. რაც მთავარია, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

-“ირდას” სახელოსნოში მუშაობ, როგორ ახერხებ,ორი შვილის დედა, დროის თანაბრად განაწილებას?

-დიახ, “ირდას” სახელოსნო ჰქვია, მაგრამ ის ჩვენი მეორე სახლია. სახელოსნოში დავსაქმდით სამი გოგო. დილით ცხრა საათზე ვიწყებთ მუშაობას და საღამოს ექვს საათამდე ვმუშაობთ.  ვქმნით სხვადასხვა აქსესუარს საყურეებს, ქამრებს, ჩანთებს, ყელსაბამებს და თმის სამაგრებს. მყუდრო გარემოა და არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. სახელოსნოში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, ვეკითხებით რჩევებს, აზრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ყველას უხარია ერთმანეთის წარმატება. ვცდილობთ, გემოვნებიანი და განსხვავებული ნამუშევრები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ვფიქრობ, ნებისმიერ საქმეში და წარმატების მისაღწევად ოჯახის მხარდაჭერას და თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ნებისმიერ იდეას, ინიციტივას ოჯახი ყოველთვის დადებითად ეკიდება. ჩემი დიდი გულშემატკივარი არის მეუღლე-ლევან ჯობავა, რომელიც მუდამ კრიტიკულია ჩემი ნამუშევრების მიმართ. სტიმულს მაძლევს და მუდამ მამხნევებს. ჩემი შესაძლებლობის მუდამ სჯეროდათ ჩემს მშობლებს, რომლებიც ენგურს გაღმა არიან და შორიდან მგულშემატკივრობენ.

-როგორც ვიცი, სკოლა აფხაზეთში დაამთავრე?IMG_6452 -აფხაზეთიდან ვარ, სოფელ ნაბაკევიდან, მეათე კლასამდე იქ ვცხოვრობდი. ჩემი დიდი სურვილია აფხაზეთის არაჩვეულებრივი და თვალწარმტაცი ადგილები მოვქარგო.

-ალბათ, საკუთარი სახელოსნოს გახსნას აპირებ.

-დიახ, აუცილებლად ვაპირებ სახელოსნოს გახსნას მეგობართან ერთად. ველოდებით დაფინანსებას.

წარმატებებს გისურვებთ.

ეკა ფარულავა  


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!