ქალბატონი, რომელიც ეიმედება სოფელს


რედაქციას, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი ქალბატონი გულნაზ ლუკავა ეწვია. მან დიდი მადლიერების გრძნობით გამოხატა სურვილი, მიულოცოს ახალი წელი საყვარელ ადამიანს, ძვირფას პიროვნებას, გაჭირვების ტალკვესს, ავადმყოფთა დიდ იმედს,  ექიმ ლალი ჩემიას  და დიდ მადლობა უთხრას საყვარელი დედის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.

მადლიერი პაციენტების სიმრავლის გამო, ჭაქვინჯის ამბულატორიას ვეწვიე. ექიმთან რამდენიმე ჭაქვინჯელის ვიზიტიც დაემთხვა ჩემს სტუმრობას. ლალი ჩემია, ექიმი თერაპევტი, აუჩქარებლად, ყურადღებით ისმენს მათ ჩივილებს. ამშვიდებს, აიმედებს, რომ მკურნალობის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. მისადაგებულ მედიკამენტებს ურჩევს. მან უკვე იცის, ვის რა წამალი უხდება, ან რომელი წამლის შეძენა შეუძლია, და ალბათ, ამიტომაა, რომ მთელ სოფელს ეიმედება. მეც ხომ მასთან მადლიერი პაციენტების მიწვევით ვარ.

ქალბატონი ლალი ჩემია, ჭაქვინჯში, 2001 წელს, განაწილებით მოხვდა და უკვე 16 წელია სოფლის გულისცემას აყურადებს, მის ჯანმრთელ სუნთქვას დარაჯობს. ჭაქვინჯელებს უყვართ თავიანთი რძალი–სნეულთა, დავრდომილთა და აუტანელი ტკივილებით შეჭირვებულთა მშველელი, კეთილთათვის კეთილი სიტყვის შემაწევარი, თბილი მოსაუბრე, ზოგჯერ იუმორით აღსავსეც. ლამაზი, ეშხიანი ექიმი, რომელსაც დრო და დრო, სევდა უკრთება თვალებში, როგორც ამბობს, დარდის მიზეზი მისი პაციენტებია, რამდენ ჭაქვინჯელ თანასოფლელს გასჭირვებია, რამდენი თვალცრემლიანი შემოსულა მის კაბინეტში, თუმცა იმედი არასოდეს გადაუწურავს მათთვის, ნუგეშს აძლევს, კაცი იმედითაა. იმედი რომ არა, ამ ქვეყნად ცხოვრებასაც აზრი არ ექნებოდაო, ამბობს და ამატებს–იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
ლალი სოფელში ჩამოსვლის პირველ დღეს იხსენებს: –  თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბატონი ვახტანგ კუკავას რეკომენდაციით, მოვხვდი სოფელ ჭაქვინჯში. რომ მოვედი, პირველად გავიცანი ქალბატონი მადონა სიჭინავა, აქვე, მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც მრავალ წვრილმანში დამაკვალიანა, ამბულატორიას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა დათმობილი. შეუძლებელი იყო მუშაობა, მაგრამ მედდების: ნანა თოდუასა და მარინე ბეშიას ხელშეწყობით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სოფელს ჰქონდა საიმედო ადგილი, სადაც მისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იზრუნებდნენ. მინდა, აღვნიშნო, 2016 წლის დეკემბერში  ბატონ ედიშერ თოლორაიას დახმარებით და ლაშა გოგიას მხარდაჭერით და ჩვენი სოფლის გამგებლის ბესიკ ერემაძის ძალისხმევით გადმოგვეცა გარემონტებული ფართი.

-ქალბატონო ლალი, რთული პროფესია გაქვთ, თავიდან რომ ირცევდეთ მას, ისევ აირჩევდით?

 დედაჩემი, ინეზა მშვიდაძე და მამაჩემი რევაზ ჩემია, ორივე ეკონომისტია პროფესიით. მე კი თავიდანვე ექიმობა მინდოდა და კვლავ ექიმობას ავირჩევდი. იმიტომ, რომ მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მიყვარს ჩემი პაციენტები. 2016 წლის დეკემბერშსი ედიშერ ტოლორაიას დახმარებით ლაშა გოგიასა და ჩვენი სოფლის გამგებლის ბესიკ ერემაძის ძალისხმევით გადმოგვეცა გარემონტებუ

–ოჯახისთვის დრო თუ გრჩებათ?

– 6 თვის განმავლობაში ჭაქვინჯში დავდიოდი ჭკადუაშიდან, ჩემი სახლიდან. ექვსი თვის შემდეგ დავქორწინდი ჭაქვინჯელ პაატა ჩუხუაზე. მყავს ორი ქალიშვილი: მარიამი 16 წლის და ნინი, 11 წლის. ოჯახში დედამთილი მყავს ქალბატონი მედეა მხეიძე. ის ჩემი მეორე დედაა, განათლებული პიროვნებაა, გერმანისტი გახლავთ. ყველაფერში მეხმარება–შვილების გაზრდაში, თუ საოჯახო საქმეებში. ჩემი მეუღლე, პაატა ჩუხუაც გვერდით მიდგას. ადრე, სოფლის გამგეობაში მუშაობდა. ძალიან ერთგული ადამიანია, ის ისევე განიცდის ჩემი ავადმყოფების მდგომარეობას, როგორც მე და მედდები.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!