“ფენაზეპამი” და “ბებიების მოკითხვა” ზუგდიდის საკრებულოში


ზუგდიდის ქალაქის საკრებულოში დაპირისპირება ტრადიციად იქცა. დეპუტატებს ვერც სახელდახელოდ მიღებულმა “ეთიკის კოდექსმა” უშველა,- უკვე თავად აყენებენ მას შეურაცხყოფას და ერთმანეთს მისი “ცხვირზე აფარებით” ემუქრებიან. დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დაპირისპირება ილია ჭავჭავაძის ბიუსტის გადატანამ და მის ირგვლივ მიწის გაყიდვაზე ჭორ-მართალმა გამოიწვია.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დეპუტატმა „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავამ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის შემაჯამებელ სხდომაზე ითხოვა, სადაც საბოლოოდ უნდა დაედგინათ შეესაბამება, თუ არა სიმართლეს ჭავჭავაძის ბიუსტის გადატანის და მისი მიმდებარე მიწის გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა, დღევანდელი  სხდომის დღის წესრიგში არ იყო ნათქვამი, რომ ამ საკითხზე გაიმართებოდა მსჯელობა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე თოდუამ, ისევ თენგიზ ხარჩილავას თხოვნით, განმარტა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მერიას ოფიციალურდ არ მიუღია და  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ადამიანებს აქვთ უფლება განსხვავებული აზრიქონდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეორე დღეს აუქციონს ვაცხადებდით მიწის გაყიდვაზე”, ანუ ეტყობა, ვიღაცას მოთვალიერებული ჰქონდა ჭავჭავაძის ბიუსტი და მისი მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ… ამასობაში ინფორმაციამ გაჟონა და ეს საკითხი “დროებით”გადაიდო. დეპუტატმა” ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძემ,  სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის სავარაუდო თარიღიც კი დაასახელა. სწორედ ამ “მტკიცება-არმტკიცებაში”, “ტყუილია-მართალიაში” და დასამშვიდებლად ერთმანეთისთვის “ფენაზეპამის დალევის” რჩევაში, დეპუტატებმა კარგა გვარიანად გაილესეს კბილი. პოლემიკაში ჩაერთო დეპუტატი თენგიზ ქოჩუა, რომელმაც ახალმიღებული “ეთიკის კოდექსი” შეახსენა კოლეგა წითლიძეს. ეს უკანასკნელი კი ქოჩუას “ნალოლიავები” კოდექსის “ცხვირზე აფარებას” “შეჰპირდა”, “აფარების” ჟესტით გაღიზიანებულმა ქოჩუამ უპასუხოდ არ დატოვა კოლეგის შეთავაზება და აფარება-მიფარებაზე პასუხის შემდეგ “ბებიის მოსაკითხად” გაგზავნითაც დაემუქრა. შემდეგ კი, ორივე დეპუტატი  ერთმანეთისათვის  სასამართლოში საჩივლელად  მოემზადა. იქვე, ეთიკის კომისიაც ამუშავდა “წითლიძე -ქოჩუას” დაუსრულებელი დაპირისპირების განხილვის სურვილით. ერთი სიტყვით, კიდევ ერთი სასეირო სხდომა ჰქონდათ დღეს ქალაქის საკრებულოს წევრებს და ჟურნალისტებს, რომლებიც რიგგარეშე  თურმე იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილება შეეტანათ სტიქიის,- წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ოჯახების სასარგებლოდ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 240 ათასი ლარით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე. ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხა ქალაქის ტერიტორიაზე 12-13 ნოემბრის სტიქიის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოხმარდეს. რიგგარეშე სხდომაზე იყო სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მაგრამ როგორც ჩანს, “ფენაზეპამზე”, ბებიების მოკითხვაზე მნიშვნელოვანი არა.

ჩვენ, გვინდოდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის “მაჟორული კადრები”, ყოველგვარი რედაქტირების და “მიჭრა-მოჭრის” გარეშე, შემოგვეთავზებინა, მაგრამ დღეს ზუგდიდში, ინტერნეტი ან არ მუშაობდა, ან ძალიან სუსტად მუშაობს და კადრები ამ დრომდე ვერ ავტვირთეთ. მოგვინებით აუცილებლად შემოგთავზებთ მას.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!