საშობაო პუანსეტია


ხასხასა წითელი ფერის ულამაზესი ყვავილები, რომელიც ამ დღეებში, თქვენ ყურადღებას, აუცილებლად, მიიქცევდა, საშობაო ყვავილია-პუანსეტია. მას საშობაო ვარსკვლავს, ან ბეთლემის ვარსკვლავს უწოდებენ. თურმე, მექსიკაში, ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა. ერთ-ერთ შობას, მოძღვართან, ყველამ საჩუქარი მიიტანა.
ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს, მღვდლისთვის, მათ, ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება.
პუანსეტია, ესპანელებმა, მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს სწორედ, შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno, ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.
თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე “დააბნელოთ”. ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც – წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.
პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ, ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ.
თუ პუანსეტია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს.
ოთახი, სადაც მცენარე გიდგათ, ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს, მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.
პუანსეტიას ყვავილობის დროს (ზამთარში), ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, წლის დანარჩენ პერიოდში კი, მცენარე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე (18-25 გრადუსზე) ამყოფეთ.
პუანსეტიას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს – რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, წყალიც მით უფრო ხშირად შეასხურეთ, განსაკუთრებით კი ყვავილობის პერიოდში. მხოლოდ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი უნდა იყოს.
მორწყვიდან მორწყვამდე პუანსეტიას ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს, რადგან ფესვთა სისტემაში ზედმეტი ტენიანობა მცენარის ლპობას გამოიწვევს.
მომდევნო ყვავილობისთვის „ძალების მოსაკრებად“, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე (გაზაფხულიდან შემოდგომამდე), ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
ფორმის შესანარჩუნებლად, საჭიროა მცენარეს ტოტები ოდნავ დაუმოკლოთ ხოლმე. ასე ის უფრო მეტად გახშირდება და „ფუმფულა ბუჩქის“ სახეს მიიღებს.
პუანსეტია გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) უნდა გადარგოთ.
გადარგვის წინ მცენარეს ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ, ხოლო მსხვილ ტოტებზე 3-5 ყველაზე ძლიერი განშტოება დაუტოვეთ. შემდეგ გადასარგავი მცენარე კარგად განათებულ, თბილ ოთახში მოათავსეთ და დროდადრო ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყლით მორწყეთ.
როგორც კი მცენარე ახალ ფოთლებს გამოიღებს, გადასარგავად მზად არის და ნეიტრალური მჟავიანობის ნიადაგში გადარგეთ. გადარგვისას ნურც კარგ დრენაჟს დაივიწყებთ – ქოთნის ძირში მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები ჩაუფინეთ.
გადარგვის შემდეგ მცენარე სითბოში დადგით, რეგულარულად მორწყეთ და წყალი შეასხურეთ.
მცენარე მალე ახალ ტოტებს განივითარებს.
ამ ტოტებიდან მხოლოდ 5-6 ყველაზე ძლიერი ტოტი დაუტოვეთ, დანარჩენი ფრთხილად მოაჭერით და ახალი მცენარის დასაფესვიანებლად გამოიყენეთ.
პუანსეტია გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში გაამრავლეთ. გასამრავლებლად კი კენწეროს კალამი გამოიყენეთ.

თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან დღის მეორე ნახევარში ბნელ ადგილას დადგით ან მუქი ფერის ნაჭერი გადააფარეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს.
კენწეროების ფოთლები ნელ-ნელა ფერს შეიცვლის, 2-2,5 თვეში კი კაშკაშა წითელ შეფერილობას მიიღებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!