კიდევ ერთხელ ილიას სიახლოვეს…


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგზრდობის სასახლის აღსაზრდელები, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტის „ყვარელი 2017“, ყვარელს და საგურამოს ესტუმრნენ. როგორც სასახლის პროექტების კოორდინატორმა მედეა თორიამ „ზუგდიდელებთან“ საუბარში აღნიშნა, სასახლის წარმატებულ აღსაზრდელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,

 შესაძლებლობა მიეცათ, სამი დღე, დიდი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, ჟურნალისტის, ბანკირის ცხოვრების ნაკვალევზე ევლოთ და არაერთი საინტერესო დეტალი დაეკონკრეტებინათ ილიას  ცხოვრებიდან. ყვარელში, ზუგდიდელ მოსწავლეებს,  შემოუერთდნენ ყვარელის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ჭერიაშვილი. სტუმარ-მასპინძელმა გაიცნო ერთმანეთი და დაგეგმა  მომავალი ერთობლივი ღონისძიებებიც. ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა, სასახლის ლიტერატურის, ნორჩ ჟურნალისტთა, ინტელექტუალთა და თეატრალური კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელები მ. თოდუა, ნ. მოსიძე, ჯ. ქვარცხავა, ნ. ტოტოჩავა)  მონაწილეობა მიიღეს წინასწარ დაგეგმილ PEN-მარათონში, ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის“ და წარმოადგინეს ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია.

როგორც ღონისძიების მონაწილეები აღნიშნავდნენ, ექსკურსია სახლ-მუზეუმებში, სადაც დიდი ქართველი დაიბადა, ან ცხოვრობდა, იყო შემოქმედებითი ტური და დიდი საგაკვეთილო პროცესი ილიასთან ერთად, რომელიც დაიხუნძლა, უპირველესად, ახალი ინფორმაციებით, შემდეგ კი, ემოციებით, რომლის დიდი ნაწილი პოზიტიური და მომავალზე გათვლილი გახლდათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!