ინტერნეტი კლავს


კლავს გაზეთებს! – ბეჭდვით მედიას და არა მარტო. მართალია, პირდაპირ მკვლელობაზე არ მიუთითებენ ჩვენი რესპონდენტები, მაგრამ მათი საუბრებიდან იკვეთება, რომ ბეჭდვით მედიას წლების წინ ტელევიზია დაემუქრა -“ჩაგაძაღლებო”, მაგრამ ინტერნეტმა ორივეს ძალიან მალე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.თან ისე სწარაფად, რომ გაზეთების პანაშვიდზე იქნებ, მაგრამ დაკრაძალვაზე ნამდვილად არ იქნებიან წარმოდგენილი ფერადსათვალება ტელევიზიები, შავსათვალეებიან რადიოებთან ერთად.

ადამიანები არ ყიდულობენ გაზეთს, რადგან გაზეთი, ყოველდღიურიც კი, ვერ ახერხებს ახალი ამბების ოპერატიულად მკითხველისთვის მიწოდებას, თან ფული ღირს, ამიტომ, მოქალაქე ნიუსს ინტერნეტში, ან სოცქსელებში, ან მის რჩეულ საიტზე ეძებს. ძნელია დაელოდო ტელეინფორმაციებს და ამისთვის ტელევიზიის წინ მოკალათდე საათობით, მაშინ როდესაც შენი მობილური, რომელიც ინტერნეტშია ჩართული, გაძლევს საშუალებას, ისევ სოცქსელებს კითხო, ან ისევ შენი საიტის მობილურ ვერსიას ენდო და მისგან გაიგო ახალი ამბავი. რადიოც ძალიან ოპერატიული გვეგონა და ტაქსის მძღოლს ვთხოვდით, ჩვენთვის სანდო არხი ჩაერთო მგზავრობისას, მაგრამ, ვერც რადიოს საინფორმაციომ მოგვისწრო ჩვენი მგზავრობის ვადებში და ისევ ან მობილური, ან პლანშეტი გავაცოცხლეთ ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით და საიდანაც ოპერატიულად დღის ინფორმაცია გადმოგვიხტა.

მაშ, ასე – ინტერნეტი, მასმედიის ახალი საშუალება, მკვლელია პირდაპირი მნიშვნელობით, მასმედიის ძველი და გამოცდილი საშუალებების – გაზეთის, ტელევიზიის და რადიოსი. არ ვიცი, მათ რა მეთოდებით  მოუწევთ გაბრძოლება გადარჩენისათვის, მაგრამ პრესის ზუგდიდელი გამყიდველები ჩვენთან საუბრისას, ასე აღწერენ არსებულ კრიტიკულ რელობას ბეჭდვით მედიაში.

ვიოლეტა უბილავა,  საქ.პრესის ზუგდიდის განყოფილების უფროსი:  „დღეს, ბეჭდვით მედიაზე მოთხოვნა დაბალია. შარშანდელთან შედარებით, წელს მხოლოდ ჟურნალ – გაზეთების 20%  თუ იყიდება. ადგილობრივი  გაზეთები  ყოველთვის  ცუდად იყიდებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს,  იშვიათად  თუ მოიკითხავენ. გამონაკლისია ჟურნალი „ზუგდიდელები“, რომელიც საკმაოდ კითხვადია, მაგრამ ადრე უფრო მეტი იყიდებოდა.

გაზეთებს ახალგაზრდები ნაკლებად  ეცნობიან. ისინი ინფორმაციებს ძირითადად, სოციალური ქსელებიდან  იღებენ და თუ ვინმე კითხულობს გაზეთებს, ეს  შუა ასაკის ადამიანები არიან.

რაც შეეხება,  ცენტრალურ ჟურნალ – გაზეთებს,  აქაც ცუდი მდგომარეობაა.  კითხულობენ მხოლოდ „კვირის პალიტრასა“ და „ასავალ დასავალს“,  ჟურნალებიდან  „სარკეს“ და „თბილისელებს“ შედარებით დაბალი ფასების გამო.

ადრე, საქ.პრესის მანქანა კვირაში  ხუთჯერ ჩამოდიოდა ზუგდიდში პრესით დატვირთული,- დღეს მხოლოდ ორჯერ ჩამოდის. მიზეზი ის გახლავთ რომ მთელი რიგი გაზეთებისა და ჟურნალების ტირაჟმა იკლო ან დაიხურა.

ჩვენ ვღებულობდით წიგნებსაც,- დიდი მოთხოვნა იყო,  ხუთას ცალს ვყიდდით თვეში, ახლა  მხოლოდ 50 ცალს თუ გავყიდით. ვფიქრობ, რომ ეს განპირობებულია დაბალი სოციალური ფონის გამო, ანუ მოსახლეობა არ არის მსყიდველობითუნარიანი, ადამიანებს არა აქვთ საარსებო მინიმუმი, და რა თქმა უნდა, ჟურნალ – გაზეთებს ვერ იყიდან. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფორმაციის ძირითადი წყარო ინტერნეტი გახდა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ადრე ჟურნალ-გაზეთებს კითხულობდა, ახლა, ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას.“

ფიქრია ჭურღულია, გაზეთების გამყიდველი:  „დღეს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ მედიას ძალიან უჭირს. იშვიათად კითხულობენ ადგილობრივ  გაზეთებს, ამას წინათ, მოიკითხეს „ეგრისის მაცნე“. ყველაზე მეტი მკითხველი მაინც „კვირის პალიტრას“ და „ასავალ დასავალს“ ჰყავს“.

ფატიმა ქუთელია, გაზეთების გამყიდველი: “ სამწუხაროა, მაგრამ ანალოგიურ მდგომარეობაშია ცენტრალური გაზეთებიც. შეიძლება სპორტის მოყვარულებმა შეიძინონ მხოლოდ „ლელო“ და „მსოფლიო სპორტი“.  ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემი ჯიხურის წინ დამდგარა პატარა და დედამისისთვის უთხოვია საბავშვო ჟურნალი მიყიდეო, მაგრამ თანხის უქონლობის  გამო დედას უარი უთქვამს. შემცოდებია პატარა და მიჩუქნია. იყო შემთხვევები, მყიდველს მოსწონებია ესა თუ ის ჟურნალ – გაზეთი, მაგრამ მომატებული ფასის გამო თავი შეუკავებია და არ უყიდია“.

ხათუნა ბულია, „ელვა სერვისის“ კონსულტანტი: „ადგილობრივ ბეჭდვით მედიას იშვიათად თუ მოიკითხავენ, ძირითადად მაინც ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებს ანიჭებენ.  შექმნილი მდგომარეობა იმან განაპირობა, რომ ჟურნალ – გაზეთები ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ვფიქრობ, საზოგადოებისათვის თუ ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალ-გაზეთები, ანუ დაბალი ფასები ექნება მას, შეიძლება გაიყიდოს.“

ერთ-ერთმა რესპონდენტმა ლაბირინთიდან გამოსასვლელი ერთ-ერთი გზა გვიჩვენა: „ ვფიქრობ, საზოგადოებისათვის თუ ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალ-გაზეთები, ანუ დაბალი ფასები ექნება მას, შეიძლება გაიყიდოს”-ო. შეიძლება, მაგრამ გაზეთების რედაქციებს ძვირი უჯდებათ პროდუქციის ბეჭდვა, მისი თბილისიდან ჩამოტანა /ადგილებზე სტამბა არ არის/, გავრცელება. იქნებ, უფრო საინტერესოდ წერონ ჟურნალისტებმაო, ამანაც გაიჟღერა ჩვენს მკითხველებთან საუბარში, – არ არის დასამალი, ანალიტიკოსი ჟურნალისტები, დარგის ექსპერტები არ გვყავს რედაქციებში. როგორც ყველა სხვა პროფესიებში, ჟურნალისტიკაშიც თავი იჩინა დილეტანტიზმმა, საქმის ზედაპირულმა ცოდნამ და ზერელე დამოკიდებულებამ. თუმცა,  ევროპის ბებერ გაზეთებსაც, სადაც აშკარად ძლიერი ჟურნალისტები და ექსპერტები ჰყავთ, დააკლდა მყიდველი და მკითხველი, მათი მულტიმედია პროდუქტი ინტერნეტმა ცოცხალმკვდარი დატოვა. ასევე სჭირთ ცნობილ ტელერადიოკომპანიებსაც… დრომ მოიტანა და, უკვე კერძო, მოქალაქე ონლაინჟურნალისტებს უფრო ოპერატიული, აქტუალური თემები აქვთ და მეტად სანდონიც არიან…

კიდევ ერთი რამ,- მედიაპროდუქტების ბოლო სასიცოცხლო გაბრძოლება ძალიან საშიშია თავისუფლების ხარისხისთვის,- ოღონდ გადავრჩეო და მიპატრონოსო, მიმონოსო…  მშიერი დამოუკიდებლობა რაში მჭირდებაო… ყველაფერი ხდება… მედიაპროდუქტებიც ცოცხალი ადამიანებივით არიან – სუნთქვა უნდათ…

არაპროფესიონალიზმი გვკლავს, ახალი ტექნოლოგიები, თუ დრო ?

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!