ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუშაობა დაასრულა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, გუშინ, ცაიში-თბილისის გზაზე, ტრაგიკულად დაღუპულ, გამგებლის მოადგილეს თამაზ ჟორჟოლიანს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. საკრებულოს სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლაშა გოგიას ანგარიშის მოსმენა უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი მოადგილის  ტრაგიკული გარდაცვალების გამო, გამგებლის მოსმენა არ შედგა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, მან ბოდიში შეომუთვალა დეპუტატებს და ანგარიშით მათ წინაშე მოგვიანებით წარსდგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ დღეს ზუგდიდისთვის არის უმძიმესი წუთები, რადგან მათგან  წავიდა ადამიანი, რომელიც მათთვის იყო ეტალონი. “ადამიანი, რომელიც იყო ღირსების, განათლების, კულტურის, ერუდიციის განსახიერება. ბატონმა თამაზმა თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვა ქართველობას, ეროვნულობას და მის ტრადიციებს.”

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ მოკლედ შეაფასა საკრებულოს საქმიანობის ცხრა თვე. მაიზერ ნანავას შეფასებით, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებული იყო.  კითხვაზე თუ რომელი პროექტები იყო მნიშვნელოვანი, მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშისა და გერბის მიღება. საკრებულოს თავმჯდომარე ყველაზე ღირებულ პროექტად მიიჩნევს სოციალური სახლების მშენებლობას და პროექტს “ერთი თბილი სახლი”.

საკრებულოს სხდომის ბოლოს, მაიზერ ნანავამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გაწეული სამსახურისთვის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!