ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი


ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ფუნქციონირებს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი, პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ის მიზნად ისახავს, ოჯახში, ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას, კონკრეტულ შემთხვევებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას, ძალადობის პირველად და მეორეულ პრევენციას, შემთხვევებზე ადეკვატურ რეაგირებას, საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით. პროექტი მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული მომსახურების მიწოდებით ეხმარება ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვსა და ახალგაზრდას, რათა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია. ვინაიდან ძალადობის გამომწვევი მიზეზები ქვეყნის სოციალურ-კულტურულ სტრუქტურებშია ინტეგრირებული, პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელიც მიმართულია ძალადობის პრევენციისა და შემთხვევების დროული აღმოჩენისკენ. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს ახორციელებს სამეგრელოში რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, აჭარაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან”და international childcahtolicbureau (BICE) – სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და child help linelnternational. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის” თავმჯდომარე ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ: ზუგდიდში ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი 2017 წლის მარტის თვიდან ფუნქციონირებს, პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ფარგლებში. ეს არის პირველი პრეცედენტი სამეგრელოს რეგიონში, როცა 0-დან 21 წლამდე ასაკის ბავშვსა და ახალგაზრდას, მათ მშობლებს, ბავშვის და ახალგაზრდის კეთილდღეობით დაინტერესებულ ყველა პირს, აქვს საშუალება, მისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით, მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურეობა. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რესურსცენტრთან, ასევე, არასამთავრობო სტრუქტურებთან, რათა ბავშვმა და ახალგაზრდამ, და მათმა მშობლებმა სხვადასხვა სტრუქტურისა და სპეციალისტების ჩათვლით, მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება”.

ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის მომსახურების მენეჯერი ირმა ალასანია გვესაუბრება ცენტრში მომართვაზე და ცენტრის თანამშრომლებზე:`”2017 წლის მარტის თვიდან, რაც ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი გაიხსნა ზუგდიდში, დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ბენეფიციარების რიცხვი. ცენტრში მომართვა ხდება ან სატელეფონო კომუნიკაციით, ან უშუალოდ ცენტრში მოსვლით. მოგვმართავენ თვითონ ბავშვები. ახალგაზრდები, მშობლები, ოჯახის წევრები, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები (მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, სოციალური მუშაკები). პირველი გასაუბრება ხდება სერვის მენეჯერთან, მას შემდეგ რაც გამოიკვეთება შემთხვევის სამართავად ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ მუშაობას უკვე ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, ან მათ მშობლებთან.
მომსახურების მენეჯერთან ერთად, ცენტრში მოსულ ადამიანს დახვდება ორი ფსიქოლოგი – მარიამ ლემონჯავა და ნინო კაკაჩია. მათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ სწორი მიმართულება მისცენ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს პრობლემების სამართავად თუ აღმოსაფხვრელად. პროექტის კოორდინატორი ხათუნა ბეჭვაიაა, რომლის ხელმძღვანელობითაც რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრს „თანაზიარს” სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქალზე და ბავშვზე ძალადობის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა დაცვის საკითხებზე და ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლებს, გვაქვს საშუალება გავიზიაროთ ბავშვთა დაცვის საკითხებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოცდილება”.
მარიამ ლემონჯავა, ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის ფსიქოლოგი გვესაუბრება ბენეფიციარის მომართვის მიზეზებზე:
“ჩვენი ცენტრისთვის მომართვის ძირითადი მიზეზი, რაც მშობლების თუ ბავშვთან ახალგაზრდასთან დაკავშირებულ პროფესიონალისგან სახელდება, არის ბავშვის ახალგაზრდის რთული ქცევა, გამოვლენილი ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ გარემოში, გამოვლენილი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიმართ; მომართვის მიზეზი ასევე არის გაყრილი ან გაყრამდე მისული ოჯახების ბავშვის, მოზარდის მხარდაჭერა, რათა მათ განვითარებაზე არ იქონიოს უარყოფითი გავლენა ოჯახში მიმდინარე პროცესებმა; არის ცალკეული შემთხვევები, როცა მომართვა ხდება მშობლის მხრიდან, რათა დავეხმაროთ მას ბავშვთან, ახალგაზრდასთან ურთიერთობისას შეძლოს საკუთარი ქცევის გაკონტროლება. მომართვა ხდება თვითონ ბავშვის ახალგაზრდის ინიციატივითაც, რათა დავეხმაროთ მას გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, ასევე მართმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ ბავშვთან, ახალგაზრდასთან დაკავშირებით მოგვმართავენ, რათა შემთხვევის შესწავლის საფუძველზე, გაიცეს სასამართლოზე წარსადგენი ფსიქოლოგიური დასკვნა. ცენტრში შემოსულ ქეისზე მუშაობა იწყება მომართვისას  დასახელებულ პრობლემაზე მუშაობით. რაც შეიძლება მოიცავდეს უშუალოდ ბავშვთან, ახალგაზრდასთან მუშაობას, ან და მის მშობელთან ოჯახის წევრთან მუშაობას. მინდა აღვნიშნო, რომ მშობლებს ცალკეულ შემთხვევაში, წარმოუდგენიათ, რომ ფსიქოლოგის მუშაობა მხოლოდ ბავშვთან უნდა ხდებოდეს, მაგრამ მუშაობის პროცესში აღმოჩნდება რომ პრობლემა, რომლითაც მოგვმართავენ, ხშირად მშობლის მიზეზით არის გამოწვეული, ამიტომ ბავშვთან ახალგაზრდასთან ერთად, მშობლებთან მუშაობა ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობელთან მუშაობა შეიძლება მოიცავდეს: მშობლის ინფორმირებას, უნარების განვითარებას, რათა მან აღზრდის ძალადობრივი მიდგომა ჩაანაცვლოს პოზიტიური აღზრდის მეთოდებით და შეძლოს შვილთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, შეძლოს შვილის ცხოვრებაში ეფექტურად ჩართვა. შეიძლება მშობელს სჭირდებოდეს შვილის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, რათა მას ასაკის შესაბამისი მოთხოვნები ჰქონდეს შვილის მიმართ და მისთვის გასაგები იყოს ამა თუ იმ ქცევის ასაკობრივი თავისებურებით განპირობებულობა.
ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის მომსახურების მენეჯერის თქმით, ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახში ბავშვზე და ახალგაზრდაზე ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: „ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებს ვაწყობთ სკოლებში, რესურსცენტრის ხელმძღვანელის მეშვეობით შევხვდით სკოლის დირექტორებს, დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ შეხვედრები უშუალოდ სკოლებში, ცენტრის ფსიქოლოგებმა ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან თითო საათიანი სამი შეხვედრაც კი მოაწყვეს.
19-20 ნოემბერს ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიასთან დაკავშირებით, გამართა რიგი ღონისძიებები, სადაც მთავარი მონაწილეები ბავშვები იყვნენ, მოეწყო ზღაპრის კითხვა 10-11 წლის ბავშვებთან და ხაზი გაესვა ღიმილის მნიშვნელობას და მოეწყო 5-22 წლის ბავშვების და ახალგაზრდების მიერ „მე და მამა”თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა.
ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი თბილისისა და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით თქვენს გვერდითაა. თუ თქვენ ღელავთ რომელიმე ბავშვის გამო, გახსოვდეთ, რომ თქვენ მის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეგიძლიათ.  მიმართეთ ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრს ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე: ზუგდიდი, კედიას ქ. N 3, ბინა 2.
ტელეფონი: (0415) 22 24 75 ან დარეკეთ ბავშვთა დახმარების ხაზზე 116 111;”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!