ზუგდიდში ზაზა სარალიძის მხარდამჭერები განცხადებას ავრცელებენ


ზუგდიდში, ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებმა დაანახათ, რომ აქციის ძირითადი მიზანი, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტული ძალმომრეობითი სისტემის აღმოფხვრისაკენ, რომელმაც თავის მხრივ შეიწირა ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე, გადაიზარდა პარტიულ ქიშპში, რომლის ფარგლებში პარტიული “სინიდკატები” ცდილობენ აქციიდან დივიდენდების მიღებას.

“ახალგაზრდები პირველივე დღიდან გულწრფელად იდგნენ და დგანან შვილმოკლული მშობლების გვერდით, განსაკუთრებით აქციის შემომქმედი ზაზა სარალიძის გვერდით, რომელმაც არსებული სისტემის წიაღში ვერ იპოვა სამართალი. ძალმომრეობითი სისტემა, რომელიც დამკვირდებულია და ფესვგადგმულია ხელისუფლების ცალკეულ შტოებში, სათავეს იღებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების პერიოდიდან, რომელიც არის და იყო მორგებული პრივილეგირებულთა შტოს. სამოქალაქო პროტესტის ფარგლებში, აქციის აქტორებმა, კერძოდ ახალგაზრდებმა მიუხედავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არაერთი მცდელობისა არ დაუთმეს მათ ტრიბუნა, ვინაიდან გულწრფელი პროტესტი არ გადაზრდილიყო პარტიულ მოწოდებებში. ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა რჩება უცვლელი, კერძოდ ხელისუფლებამ უზრუნველყოს დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებზე, პასუხის გაცემას. გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობას იღებდა დანაშაულებრივი ქმედების დაფარვაში და მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ამასთანავე, რაც მნიშვნელოვანია სამართალდამცავ და პროკურატურის სისტემაში უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ეფექტური საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას და ადამიანის უფლებების ჯეროვან დაცვას. ახალგაზრდები არასოდეს შევეგუებით უთანასწორო დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ და ყოველთვის დავდგებით სამართლიანობის სადარაჯოზე. აქვე დავსძენთ, რომ ჩვენ თვალყურს მივადევნებთ განვითარებულ მოვლენებს, რის საფუძველზეც ერთად შევიმუშავებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას”.- ნათქვამია განცხადებაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!