დათო პაჭკორია ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს


დათო პაჭკორია 17 წლისაა. მშობლებთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს სენაკში, შოთა მესხიას სახელობის კოლეჯში, მეხილეობაზე, აგრონომიის განხრით. დათომ შემთხვევით შეიტყო, რომ ის ნაშვილებია და გადაწყვიტა ბიოლოგიური მშობლების მოძებნა. მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გამზრდელმა მშობლებმაც.

დათოს მწირი ინფორმაცია აქვს მათზე. მხოლოდ ის იცის, რომ აფხაზეთიდან დევნილები არიან. დედა მაია ნაჭყებიაა, მამა ტოჩი ქანთარია. გაიგო, რომ ყავს და, რომელსაც სავარაუდოდ,”ნათია” ჰქვია, რომელიც მასზე ოთხი წლითაა უფროსი.“ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ ზუსტად არ იცის მათი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა ბოლო ვერსიით, ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში ცხოვრობენ.

-მე არასოდეს მიგრძვნია და არასოდეს მქონია იმის შეგრძნება, რომ  სხვები იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები. როცა ეს ამბავი გავიგე,  ვერ დავიჯერე. ძალიან მოულოდნელი იყო და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. როდესაც ადამიანი ასეთ სიმართლეს იგებს მის შესახებ, უამრავი შეკითხვა უჩნდება.

-როდის გაიგე ნაშვილები რომ იყავი?

-ერთ დღეს, უხასიათოდ ვიყავი, არ ვიცოდი რა მჭირდა. შემთხვევით დავიწყე სახლში ნივთების „ქექვა“. საერთოდ წესი მაქვს, პატარაობიდანვე, დაკეცილ ქაღალდს, ან რვეულს რომ ვნახავდი, ყოველთვის, ვფურცლავდი, მაინტერესებდა რამე ჩემზე ხომ არ ეწერა. შემთხვევით წავაწყდი გადამალულ ხელწერილს. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს ხელწერილი 16 წლის განმავლობაში მანდ ყოფილა შენახული.  წერილი წავიკითხე, „შოკში“ჩავვარდი. წერილში ეწერა, რომ ოჯახური პირობების გამო, ბავშვის გაზრდა არ შეეძლოთ და მეუღლის თანხმობით, გადაწყვიტეს, ბავშვი გაეშვილებინათ. ძალიან ცუდად გავხვდი, მიუხედავად ამისა, წერილი დავკეცე და ისევ თავის ადგილას დავაბრუნე. ამის შესახებ, ჩემს გამზრდელ დედას ვერაფერს ვეტყოდი. ის ცუდად იყო და უფრო ცუდად, რომ არ გამხდარიყო და არ ენერვიულა, თავი შევიკავე სიმართლის თქმისაგან. მეორე დღეს, ჩემი გულისნადები ახლობელ ადამიანს გავანდე,- ვკითხე, ნაშვილები ვიყავი თუ არა. მაგრამ მან, რა თქმა უნდა, უარი მითხრა.

– როდის უთხარი შენს გამზრდელ მშობლებს, სიმართლის შესახებ ?

-დედაჩემს რამდენიმე კვირის შემდეგ ვუთხარი. გულახდილად და გულწრფელად ვისაუბრეთ. მან ყველაფერი ამიხსნა,- რა როგორ მოხდა. დედაჩემმა მითხრა, ამ წერილს იმიტომ ვინახავდითო, 18 წლის როცა გახდებოდი, ყველაფერს გეტყოდითო, ტყუილში არ გაცხოვრებდითო. გამზრდელი მშობლები  არ მიშლიან, რომ ვიპოვო ჩემი ბიოლოგიური მშობლები. მითხრეს, მოძებნეო, იქნებ და გყავდესო, ან ძმაო, აუცილებლად უნდა იცნობდეო. თავიდან, როცა სიმართლე გავიგე გაუცხოება დამეწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, დავმშვიდი და ვცდილობ სიმართლეს შევეგუო. ამ ამბის შემდეგ, უფრო დავუახლოვდი ჩემს მშობლებს, მანამდეც არ მქონდა ცუდი დამოკიდებულება მათთან. მე მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ჩემს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. მშობლები ყველანაირად მიდგანან გვერდში, ცდილობენ, გული არ მატკინონ. რა თქმა უნდა, ადრე, მათზე  ნაწყენი ვიყავი. კარგი იქნებოდა პატარაობიდანვე მცოდნოდა სიმართლე, მაგრამ წყენამ გამიარა. ალბათ, მშობლები ძალიან მიფრთხილდებოდნენ, არ უნდოდათ ადრეულ ასაკში გამეგო. მშობლები თავიდან შეშინებულები იყვნენ, ეგონათ,  სახლიდან წავიდოდი, მაგრამ მე არსად ვარ წამსვლელი.  ჩემი დიდი სურვილია ჩემს ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. მინდა მათ მშვიდად დაველაპარაკო, გავარკვიო რა იყო ჩემი გაშვილების მიზეზი. ალბათ იქნებოდა რაღაც მიზეზი და მინდა, ამის გარკვევა. მინდა დასთან ჩვეულებრივი და-ძმური ურთიერთობა მქონდეს. უერთმანეთოდ დაკარგული 17 წელი ავანაზღაუროთ, თუმცა დაკარგულ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც არ ვიქნებით.

-დათო როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი მშობელსა და შვილის ურთიერთობაში?

– პირველ რიგში, მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ნდობა.

– გამზრდელ მშობლებზე მომიყევი…

– მამა ელგუჯა პაჭკორიაა, დედა-მაია ჩალიგავა. მამა მუშაობს გაზის კანტორაში. დედა დიასახლისია.

დათო, ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლების გაცნობის შემდეგ, შვილი მათთან გადასულა საცხოვრებლად…

-დიახ. თუ ბავშვს, ან მოზარდს არ სურს გადასვლა, მას ვერც ბიოლოგიური დედა დააძალებს და ვერც მამა. ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, ის წყვეტს დარჩეს თუ არა. მე როგორც აღვნიშნე,  არსად ვაპირებ წასვლას. ჩემს დასთან რამდენიმე დღით წასვლა და დარჩენა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან გადავალ საცხოვრებლად. მათაც შეეძლებათ ჩემთან მოსვლა და დარჩენა. ერთი სული მაქვს მალე გამოჩნდნენ. არ მინდა იფიქრონ, თითქოს მათზე ვიყო გაბრაზებული და აგრესიულად ვიყო განწყობილი. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე და რომ მყავდა.  ძალიან მინდა ყველას ვიცნობდე.

-მეხილეობაზე სწავლობ, მაგრამ ჟურნალისტიკაზე გინდა ჩააბარო…

– მეხილეობა საინტერესო სფეროა. ჩვენ ზუგდიდშიც დავდივართ პრაკტიკაზე. 2019 წელს ვამთავრებ სწავლას. აქედან გამომდინარე, სხვა განხრით ვაპირებ სწავლას და უნივერსიტეტში ჩაბარებას. მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ წარმატებული ჟურნალისტი გავხდე.

ეკა ფარულავა

 

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!