გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გუბერნიის წინ


დღეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გასული ფარული ჩანაწერები, რომელიც ეხებოდა, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს.  

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები: “სალომე პუტინის პროექტი”, “რუსეთი ოკუპანტია”, “სალომე კანაფის დედოფალი”, “ბიძინას+სალომე=პუტინს”, “მოღალატე სალომე”. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და “ენმ” ადგილობრივმა ხელმძღავნელობამ. “ენმ” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან გააჟღერა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოსდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გადადგა, თუმცა ზოდელავას ინფორმაცია უარყო გუბერნატორის პრესსამსახურმა.

მურთაზ ზოდელავას განმარტებით, ხელისუფლებამ ბავშვების მკვლელობა გადააქციეს ვაჭრობის საგნად. მისი თქმით, დღეს, დანაშაულებრივ და მაფიოზურ მმართველობაში ვცხოვრობთ. “მთავარი გზავნილი ის არის, რომ დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. მმართველობა, რომელიც გაიშიფრა. ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა მირზა სუბელიანის როლთან დაკავშირებით, ამ დანაშაულებრივ სისტემაში, სხვა ადამიანების: სოზარ სუბარის, ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, უამრავი სხვა ადამიანის, რომლებიც იყვნენ ბოლო წლების განმავლობაში. ადამიანებმა თავისი ყურით მოისმინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებდათ. ყველა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად დავინახეთ და გავიგონეთ, რომ ივანიშვილი საქართველოს მართავს მაფიოზური მეთოდებით, როგორც ჩვეულებრივი ბანდიტი და ეს ჩვეულებრივი ბანდიტი ჩამოშორდეს ხელისუფლებას”. მურთაზ ზოდელვამ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ 28 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.

აქციაზე იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, ერთადერთი გზა ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და მისი მომავლის, არის გამარჯვება 28 ოქტომბერს. “შემდგომ უკვე, მთლიანად დასუფთავება ქართული ოცნებისგან ჩვენი ხელისუფლების”.

ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!