გაერთიანებული ოპოზიცია გახარიას მოუწოდებს, ხალხს ჩაეხუტოს და არა “მაყურებლებს”


დღეს, “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. შეხვედრაზე მან ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტზე ზუგდიდში. მურთაზ ზოდელავას განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, ხალხის ნაცვლად, “ჩაეხუტა” “მაყურებლებს”, 

“ბანდიტებს”, “მომპარავებს” და მათი მეშვეობით ცდილობს საარჩევნო სიტუაციის შეცვლას სამეგრელოში. “გამოკვეთილია ზუგდიდში ვინმე ხვიჩა ცხაკაია, რომელიც არის ქალაქის მაყურებელი, ასევე არის მანჩო ქარჩავა, რომელიც ხობის მაყურებელია. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ უშუალოდ გახარიას დავალებით, მათთან უშუალო კონტაქტში იმყოფება მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, რომელიც ზუგდიდში დაბრუნდა. მინდა მივმართო ბატონ გახარიას, სირცხვილია. თქვენ ძალიან მოკლე დროში გადაიქეცით ჯანყარაშვილად, ჰქონდათ ამბიციები გებრძოლათ ქურდულ სამყაროსთან, ამის დემონსტრირებას ახდენდით, მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეთ ბოლო ორ კვირაში”. მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, გააქტიურეს კანონიერი ქურდების ნათესავები. “ზუგდიდში არის გაბისონია ბაჩანა, რომელიც არის კანონიერი ქურდის ადუ შამუგიას სიძე, არის ვინმე ფარფალია ჯუმბერი კანონიერი ქურდის კახა ფარფალიას ბიძა”.

მურთაზ ზოდელვას თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებზე მუშაობენ კანონიერი ქურდი ზაალ მახარობლიძე “გლეხოვიჩი”, და მისი ძმა რიჩარდ მახარობლიძე, ძაძუა ლევანი და ალფენიძე გიზო. ენმ-ის წარმომადგენლის განმარტებით, ხვიჩა ცხაკაიას საგანგებოდ დაუბურეს ავტომანქანა „რენჯროვერი“ სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომლითაც გადაადგილდება, მოსახლეობას თანხას ურიგებს და დაშინების გზასაც მიმართავს.

“მოგიწოდებთ ბატონო გახარია, პირდაპირ გეუბნებით, სჯობია ჩაეხუტოთ ხალხს, ნახოთ, მიხვიდეთ მათთან და ელაპარაკოთ, მათი პრობლემები მოისმინოთ ვიდრე ეკონტაქტოთ ამ ადამიანებს.”-თქვა ზოდელავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!