ალექსანდრე მოწერელია: “საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება”


დღეს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საზოგადოებას ახლადდანიშნული გუბერნატორი წარუდგინა. ალექსანდრე მოწერელიამ ხელისუფლებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

“მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლებას იმ ნდობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ჩემდამი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ თანამდებობაზე დანიშვნით. მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა და ვეცდები, ჩემი საქმიანობით გავამართლო ეს ნდობა”-განაცხადა მოწერელიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ეცდება საკითხების ძირფესვიანად შესწავლას. გუბერნატორმა საკადრო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები იქნება. “თუცა აქვე მინდა დავამატო, რომ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს კეთისინდისიერად და ამომწურავად ასრულებდნენ, აუცილებლად იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები”.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი გუბერნატორი შემოიტანს დამატებით დინამიკას რეგიონის განვითარებაში. “სამეგრელო-ზეო სვანეთს, როგორც რეგიონს, გააჩნია დიდი პოტენციალი იყოს უფრო განვითარებული, კომფორტული საცხოვრებლად მისი მოქალაქეებისთვის და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია ამ რეგიონს, გახლავთ გამყოფი ხაზი, საერთო ტკივილი აფხაზეთი, რომელიც გვავალდებულებს საქართველოში ვიყოთ ყველაზე კარგები, წარმატებულები და განვითარებულები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონი უნდა გახდეს ყველაზე განვითარებული”.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა, რაც გუბერნატორებს დაუსახა პრემიერ მინისტრმა, მაქსიმალური ურთიერთობა და კონტაქტია ადგილობრივ მოსახლეობასთან. “გუბერნატორის მოვალეობა იქნება, უზრუნველყოს რეგიონის შიგნით მუნიციპალიტეტის ერთიანი განვითარება და შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყანაში საერთო სტრატეგიას და განვითარების საერთო დონეს.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!