როგორ მოიძებნა ზუგდიდში ირაკლი ბაღათურიას შესაფერი ქალი


თურმე, ქალაქში ამბობდნენ, ირაკლი ბაღათურიასათვის შესაფერისი ქალი არ მოიძებნებაო. მოიძებნა… თანაც თავისი ფეხით მივიდა მასთან. მოეწონათ, შეუყვარდათ და ლამაზი ოჯახიც შექმნეს. ირაკლი ბაღათურიას ზუგდიდელები იცნობენ, როგორც ჭკვიან, განათლებულ და წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ეტაპზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელია.

ის წარმოშობით სოხუმელია, მაგრამ გაიზარდა ზუგდიდში და შეიძლება ითქვას, დღეს სხვა ზუგდიდელეზე არანაკლები ზუგდიდელია. ირაკლი პროფესიით პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალსა და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში, მუშაობდა ფრილანსერად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ციურიხსა (შვეიცარია) და ბრიუსელში (ბელგია) სხვადასხვა ორგანიზაციებში, ირაკლის რჩეული სალომე ლატარიაც ზუგდიდელია. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ოჯახურ ტრადიციას არ უღალატა და სტომატოლოგი გახდა. ოჯახის შექმნამდე მუშაობდა სტომატოლოგიურ კლინიკა “აპექსში”. “დედაჩემი სტომატოლოგია, დეიდებიც ექიმები არიან. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს და მხიბლავს”.
– სალომე, დიდმა სიყვარულმა ზუგდიდში ჩამოგიყვანათ…
– ჩემი ბედი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან, როგორც ამბობენ, კარს მომადგა. ზუგდიდში, ზაფხულში, დასასვენებლად ვიყავი ჩამოსული. იმ დროს მეზობლები ხელმოწერებს აგროვებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი შემოვიდა სახლში და ეს მეზობელი აღმოჩნდა ირაკლის უახლოესი მეგობარი, რომელიც სუფრასთან მოვიწვიეთ. სტუმარმა გვითხრა, დიდხანს ვერ შევყოვნდები, შინ სტუმარი მელოდებაო, მამაჩემმა უთხრა სტუმარიც მოვიწვიოთო და ეს სტუმარი სწორედ ირაკლი აღმოჩნდა.
ირაკლი: – სალომეში დანახვისთანავე მომხიბლა მისმა სილამაზემ. მოგვიანებით კი, იმ ადამიანურმა თვისებებმა, რაც სალომეს გააჩნია. შემდეგ, როგორც დღევანდელ რეალობაში ხდება, ინტერნეტით შევეხმიანე და უფრო გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე თბილისში მუშაობდა, პერიოდულად აკითხავდა ზუგდიდში მშობლებს და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ხან მე ვაკითხავდი თბილისში. რაც დრო გადიოდა, თანდათან ვგრძნობდი, რომ სალომეს გარეშე ყოფნა არ შემეძლო. ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი გრძნობები გამემხილა მისთვის, სალომემაც სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხა.
სალომე: – ირაკლი იმდენად კარგი და დადებითი ადამიანია, შეუძლებელია არ მომწონებოდა. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ჭკვიანი პიროვნებაა. რაც მთავარია, იცის ქალის პატივისცემა, ყურადღება და დაფასება. სასიამოვნოდ მახსენდება ჩვენი პირველი პაემანი. ცოტას ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნელ-ნელა ძალიან დავუახლოვდით და შევეწყვეთ ერთმანეთს.
– სალომე, რთული დასათმობი ხომ არ იყო შენთვის სამსახური, მეგობრები და დედაქალაქური ურთიერთობები…
– რთული დასათმობი იყო, მაგრამ ირაკლის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა. ვფიქრობ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა „რაღაცეები“, უნდა დათმოს. ცხოვრების ახალ ეტაპს კი, სიახლეებით უნდა შეხვდეთ, თანაც, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს ცხოვრებაში, მიუღწეველი არაფერია. ასე, რომ კარიერის აწყობა არასდროსაა გვიან.
– და მალევე, შეუღლდით….
სალომე: დიახ, ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვენს გრძნობებში გავრკვეულიყავით. ირაკლი აღმოჩნდა ის მამაკაცი, რომელთანაც ვისურვებდი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრებას. ტრადიციისამებრ, ირაკლიმ ჩემთან სახლში ხელი მთხოვა, რამდენიმე თვე დანიშნულები ვიყავით, შემდეგ კი ქორწილის დღეს ჯვარი დავიწერეთ.
ირაკლი: – ჯვარი დაგვწერა მამა კირიონმა ხობის უძველეს მონასტერში. ცხოვრების ეს ულამაზესი წუთები სამუდამოდ მემახსოვრება. ჯვრისწერის დღეს სალომე განსაკუთრებული იყო, არაჩვეულებრივი პატარძალი, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
– ნამდვილად, სალომე, ულამაზესი პატარაძალი იყავი…
სალომე: – ყველანაირად ვეცადეთ ცხოვრების ეს ულამაზესი წუთები ჩვენთვის და სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მეჯვარეებად ავირჩიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი სიყვარულის გამზიარებლები იყვნენ. ჩემი მეჯვარე იყო ბავშვობის მეგობარი სესილი ლატარია. ირაკლის მეჯვარე იყო, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი გრიგოლ დაგარგულია. გვინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მათ მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ ორივე ძალიან გვიყვარს.
ირაკლი: – ქორწილის დღეს გვქონდა ხელისმოწერის ცერემონია ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე. რესტორან “თავადურში” გვყავდა სტუმრები მოწვეული. ქორწილმა მოლოდინს გადააჭარბა, ყველაფერმა ლამაზად და კარგად ჩაიარა, რაც მთავარია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეს ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები.
– როგორც ვიცი, თაფლობისთვე ეგვიპტეში გაატარეთ.
ირაკლი: – დიახ, ეს მოგზაურობა არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი იყო ჩვენს ცხოვრებაში.
სალომე: – ჰურგადაში ვისვენებდით და საინტერესო და დასამახსოვრებელი ტური გამოგვივიდა, ქაიროშიც ვიყავით, პირამიდებიც ვნახეთ,მოვინახულეთ მუზეუმი, ბედუინების სოფელშიც ვიმყოფებიდით, საფარიზე და დაივინგიც გამოვცადეთ, ულამაზესი იყო წითელი ზღვის წყალქვეშა სამყარო.
– დაბრუნდით, ახალ ოჯახში, როგორ შეეჩვიეთ ახალ გარემოს?
სალომე: – ირაკლის იმდენად კარგი და მოსიყვარულე მშობლები ჰყავს, რომ მათთან ურთიერობა არ გამჭირვებია, ფაქტიურად, მათთვის მესამე შვილი ვარ. მე დედისერთა ვარ, ჩემს მშობლებს მეორე შვილი დაემატათ ირაკლის სახით.
ირაკლი: – არ გვინდა მშობლებს თავი მოვანატროთ, ამიტომ ხან სალომეს მშობლებთან ვართ, ხან ჩემთან. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან.
– ირაკლი, როგორი მეუღლეა სალომე?
– ერთი სიტყვით, შეიძლება სალომეზე ვთქვა, რომ ის იდეალური ქალია.
– სალომე, ირაკლი, ყურადღებიანი მეუღლეა?
– ყურადღებიანი არის, შეყვარებულობის პერიოდში საჩუქრებს ხშირად მჩუქნიდა, მაგრამ ურთიერთობაში მთავარია ყურადღება, პატივისცემა და ნდობა. ოჯახში არასდროს არ ვამბობთ ჩემი და შენი. ოჯახი ორი ადამიანის ერთობლიობაა.
-პატარას ელოდებით, სახელი თუ შეარჩიეთ?
ირაკლი: – სახელთან დაკავშირებით, ბევრი ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი “ერეკლეზე” შევაჩერეთ.
სალომე: ერეკლე ირაკლის სახელსაც შეეფერება. აგვისტოს თვეში ველოდებით და ვემზადებით მასთან შესახვედრად.
ირაკლი: – ოჯახში ერეკლე იქნება პირველი შვილიშვილი, მის დასახვედრად საგულდაგულოდ ვემზადებით.
-და ბოლოს… რას ეტყვით ჩვენს მკითხველებს?
სალომე: თქვენი ჟურნალის მკითხველებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვუსურვებ ბედნიერებას, მხნეობასა და გაერთიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას! უფლის მფარველობა და წყალობა არ მოგკლებოდეთ..
ირაკლი: ქრისტე აღსდგა! ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკურ წინსვლას!
ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!