,,ჩემი მოძღვარი-დეკანოზი გიორგი ყიფშიძე”


რიგითი მკითხველის ნაფიქრალი დოდო აბშილავა-თითმერიას ნაშრომზე

რატომღაც ხშირად მახსენდება 55 წლის წინ, ბავშვობის ასაკში როგორი გატაცებით და შეუსვენებლივ წავიკითხე პირველად ,,ანა ფრანკის დღიური“. შემდგომ წლებშიც იყო არაერთი ასეთი შემთხვევა.

ახლა, ბოლო 20 წლის შემდეგ, 65 წლის ასაკში, კვლავ განმეორდა სურვილი იმისა, რომ წიგნი წამეკითხა ,,სულმოუთქმელად“ და არ გადამედო შემდეგი დღისათვის, მიზეზი ასე მინდა ავხსნა:

1. როგორ შეიძლება გატაცებით და გაკვირვებით არ წაიკითხო გამორჩეული ქართველი ადამიანის (ამჟამად 2003 წლიდან წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ  ოქროს და ორგზის  გამშვენებული ჯვრით დაჯილდოებული) დეკანოზ გიორგი /ლაშა/ ყიფშიძის   ცხოვრების საფეხურები, რომელსაც 5-6 წლის ასაკში ზეპირად ცოდნია ქართველი პოეტების უთვალავი ,,არასაბავშვო“, ქართული  პოეზიის საგანძურად აღიარებული ქმნილებები – ლექსები. 10 წლის ასაკში სპორტულ შეჯიბრებებში (ცურვა, ძიუდო) პირველობას და წარმატებებს აღწევდა, 9 წლის ასაკში ქართულ ცეკვებში მედლით დაჯილდოვდა, 10 წლის ასაკში უთქვამს: “ახლა ჩემზე ამბობენ შადიმანის შვილია…. შემდგომ იტყვიან – ლაშას მამააო”,  ,,მოგვიანებით“ 11 წლის ასაკში თურმე, მისი  ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე მე-9 კლასის მოსწავლეს არაერთი საოცარი ნახატი, პლაკატი შეუქმნია პროტესტის გამოსახატავად და ყველას სანახავად.

როგორ შეიძლება არ გაგიტაცოს იმ გარემოებამ, რომ უზადო წარმომავლობის  ოჯახის წევრებისაგან დამოუკიდებლად, ლაშას თავად უჩნდება ქრისტიანული რწმენისა და სულიერებისაკენ სწრაფვა,  რაც 14 წლის ასაკიდან რელიგიურ ნახატებში აუსახავს, ცხადია, ეს ღვთიური ძალა იყო, რამაც ეკლესიამდე  მიიყვანა და აღამაღლა. ამაში დარწმუნდებით წიგნში გადმოცემული პატრიარქის და სამღვდელო პირების არაერთი შეფასებით და გამონათქვამებით.

როგორ შეიძლება არ გაგიტაცოს წიგნში ასახულმა, მისი შემდგომი ცხოვრების ბიოგრაფიულმა შტრიხებმა სხვადასხვა დროსა და სივრცეში. მისი ნახატების, ნამუშევრების პერსონალურ გამოფენებზე გამოთქმული საოცარი შეფასებების კითხვამ, რომელიც გამოუთქვამს  არაერთ გამოჩენილ მხატვარს, ხელოვნების მოღვაწეს თუ მოყვარულს,  პოლიტიკურ მოღვაწეს, თუ უბრალოდ, რიგით ადამიანს.

როგორ არ გაგიტაცებს საერო მხატვრობიდან მღვდლად კურთხევის გზა, უწმინდესის კურთხევით, მამა გიორგისა და მისი მშვენიერი მეუღლის მადონა ლანჩავას მიერ წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოხატვა. უწმინდესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოფენებზე წარმოდგენილი ყოფილა მამა გიორგის და მადონა ლანჩავას მიერ შესრულებული ნახატები და ხატები. ქალბატონ მადონა ლანჩავას ოსტატობით და სიყვარულით შეუქმნია მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის არაჩვეულებრივი ხატები, ღვთისმშობლის ,,სწრაფლშემსმენელი“, დაუწერია არაერთი წმიდანის ხატი. ქართულ პოეზიაზე შეყვარებულს თავადაც უმშვენიერესი ლექსები შეუქმნია.

არ შეიძლება არ გაგახაროს მეუღლესთან ერთად დეკანოზ  გიორგი ყიფშიძის საეკლესიო ცხოვრების გაცნობამ, სიმდაბლემ და სიმაღლემ…

არ შეიძლება ადამიანმა ,,ჩაბალახებულად“ წაიკითხოს ყოველივე ეს

2. წიგნის კითხვისას გამაოცა და დამაინტერესა დეკანოზ გიორგი ყიფშიძის ოჯახის, ახლობლების, მეგობრების და მასთან ურთიერთობის მქონე ადამიანის მიერ დეტალურად შემონახულმა ბიოგრაფიულმა ცნობებმა და შემოქმედებითმა შტრიხებმა, დოკუმენტური მასალების, მეხსიერებაში აღბეჭდილის ასე სრულად და უზადოდ მიწოდებამ წიგნის ავტორისათვის.

წიგნის კითხვამ გამიტაცა იმიტომაც, რომ ავტორი ჩემი უახლოესი ადამიანია, გამორჩეული ფილოლოგი და ,,მექართულე“, მრავალმხრივ განვითარებული, ჯუმბერ თითმერიას /უკომენტაროდ/ მეუღლე, არაჩვეულებრივი შვილების, თამარ და ლევან თითმერიას დედა.  ჩემი გადასახედიდან წიგნის ავტორის შესაფასებლად, ამავე წიგნიდან მოვიპარე ერთი წინადადება ,,მეგონა, რომ კარგად გიცნობდი….“ (ზვიად ნიკოლეიშვილი) და ვაღიარებ, რომ თურმე ბოლომდე არ ვიცნობდი დოდო აბშილავა-თითმერიას. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის შესაძლებლობები კარგად ვიცი, მაინც მიკვირს როგორ შეძლო ასე მწყობრად, ასე ქართულად, ასე ქრისტიანულად და ასეთი სიყვარულით ამ წიგნის გამოცემა. ალბათ, ალბათ  კი არა, ნამდვილად ღვთის შეწევნამ და მოძღვრის სიყვარულმა შეაძლებინა.

გამოცემულ წიგნზე მხოლოდ სამი დღეა შევიტყვე.

წიგნის კითხვისას აღვივსე ,,კეთილი შურით“. ნეტავ, მეც შემეძლოს ჩემს მოძღვარზე ასე სიყვარულით გადმოვცე…

…და ბოლოს, დასანანია, რომ ჩემნაირმა ბევრმა სხვა ადამიანმა ბოლომდე შეიძლება არ იცოდეს რა საოცარი და სათაყვანებელი შვილი ჰყავს საქართველოს დეკანოზ გიორგი /ლაშა/ ყიფშიძის სახით და მე მინდა ეს იცოდეს ყველამ.

დარწმუნებული ვარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ სიხარულით აღივსებით…

 ნანი მიქენაია

16.11.2015


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!