როგავების ,,HOME’’- საოჯახო ბიზნესად ქცეული „დროებითი სამუშაო’’


პეკინზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და პრესტიჟულ ადგილას, განლაგებულ ,,HOME”-ში ადრეც ვყოფილვარ. მაგრამ ის, რომ მისი მფლობელები ზუგდიდელები, მაყვალა და მანანა როგავები არიან, მას მერე გავიგე, რაც ბატონმა თორნიკე ჯოჯუამ, წინა ნომრის რესპონდენტმა, სწორედ ისინი დაასახელა მომავალ სტუმრად რუბრიკისთვის ,,ზუგდიდელები ზუგდიდს გარეთ’’. თორნიკესავით ისინიც წარმოშობით ახალსოფლიდან არიან და მათზე მეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. ორიგინალური სუვენირების და საოჯახო ნივთების იმპორტიორი ,,ჰოუმი’’ საკმაოდ პოპულარულია და სულაც არ იკარგება ცნობილი ბრენდების ,,გარემოცვაში’’. მისი დახვეწილი ასორტიმენტი გემოვნებაზე მეტყველებს და, ალბათ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, უდაოდ წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. საინტერესოა ისიც, რომ წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონები, ერთი-ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი და მეორე-ექიმი-ოტორინოლარინგოლოგია. პირველი შეხვედრა საოჯახო ბიზნესის შემქმნელთან და ხელმძღვანელთან, ქალბატონ მაყვალა როგავასთან შედგა. მის მიერ დაწყებულ საქმეში ამჟამად, დის გარდა, ძმა და დისშვილებიც არიან ჩართულნი და მომავლის სერიოზული საერთო გეგმები და ოცნებებიც აქვთ.
-მიშა როგავას ასპირანტი ქალიშვილი ბიზნესმენი გახდა, თავისი ექიმი დის ოჯახიც თბილისში წაუყვანია, კარგი დედ-მამის კარგი შვილებია…-ასეთი რამ არაერთხელ მსმენია ახალსოფელში.… თბილისური მაღაზია ,,ჰოუმი’’ კი ჩემი ქალიშვილის ერთ-ერთი ,,ფავორიტია’’ განსაკუთრებით საახალწლო საჩუქრების ძიებისას. სასიამოვნოა, რომ უფრო ახლოს გაგიცნობთ.…
– ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი მშობლიური კუთხის ჟურნალი ჩვენით დაინტერესდა და თქვენ კი, ჩემი საყვარელი მასწავლებლების რძალი ბრძანდებით.…
– პოსტსაბჭოთა პერიოდის უმუშევრობის ხანაში, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი კომერციით რომ ცდილობდა გადაერჩინა თავი, ეს ჩვენი რეალობა იყო, არც ახლაა ბევრად შეცვლილი მდგომარეობა, მაგრამ… თქვენ სამსახური ჰქონდათ, ხარისხი, პერსპექტივები მეცნიერულ კარიერაში……
-ქვეყანას მაშინ ეკონომიკურად დუხჭირი პერიოდი დაუდგა… მამას ფინანსურად ყოველთვის გამართული ოჯახი ჰქონდა და ამ მხრივ ძალიან ლაღად გავიზარდეთ. მაგრამ გარდა იმისა, რომ ზოგადი პრობლემები ჩვენც შეგვეხო, დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – მამას უკურნებელი სენი შეეყარა (ცხვირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა). ჩემი და ოტორინოლარინგოლოგია და სრულად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ავადმყოფობისგან განკურნების ყოველგვარი ცდა ამაო იყო. მაგრამ ეს შვილებისთვის თავგადადებულ მამას ეხებოდა. მამას, რომელმაც თავის შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმი გააკეთა ოჯახისთვის. გადავწყვიტეთ, გულხელდაკრეფილი არ დავლოდებოდით მის აღსასრულს. გავყიდეთ, თუ რაიმე ღირებული გაგვაჩნდა და… შვილებმაც მაქსიმუმი გავაკეთეთ და ღმერთის წყალობით წელიწადნახევრის სიცოცხლე ვაჩუქეთ.
ეს არ იყო მარტო სიცოცხლის კალენდარული გახანგრძლივება. შეიძლება მრავალი წელი იცოცხლო და არ განიცადო ის, რასაც მამა ერთი წლის განმავლობაში განიცდიდა. ამაყი იყო, რომ ასეთი შვილები გაზარდა, ტრაბახობდა იმ უნიკალური ოპერაციით შვილებმა რომ გაუკეთეს. იგრძნო, რომ ტყუილად არ გაისარჯა ჩვენთვის და, ჩვენც ზურგგამართული დავდივართ, რომ ფიზიკური ტკივილი, სულიერი სიამტკბილობით დავუამეთ.
გარდა ამისა, დედას კოქსარტროზი აწუხებდა და 11 წელიწადი ლოგინად იყო ჩავარდნილი. მისი მოვლა გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.დედაც შვილებისთვის თავგანწირული მშობელი გახლდათ, მათთვის დაუღალავად მშრომელი, ქალი, რომელმაც სწორი აღზრდა და განათლება მოგვცა.
სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა ჩვენი კომერციული საქმიანობის წამოწყება. და ვფიქრობთ, ჩვენი წარმატების გარკვეული საწინდარი ესეც არის – კეთილ საქმეში უფალმა ხელი მოგვიმართა.
– ადვილი არ იყო პროფესიის დათმობა?
-დიახ, სხვათაშორის, ყველაზე მეტად დედაჩემი წუხდა, ამდენი ისწავლე, წარჩინებით, სკოლაში, უნივერსიტეტში, ასპირანტურაში, შენს პროფესიას როგორ ტოვებო, ცხადია, მეც განვიცდიდი, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი წლების განმავლობაში, შესაბამისი ცოდნა მქონდა მიღებული… ქიმია, მეცნიერული ძიება ახლაც მიზიდავს, თანაც, როდესაც, გაჭირვებულ დროში, ოჯახის დახმარების მიზნით, წავედი ორივე სამსახურიდან-უნივერსიტეტის გარდა სკოლაშიც ვმუშაობდი -ვფიქრობდი, ეს დროებით, რამდენიმე თვით იქნებოდა საჭირო,… მაგრამ, ჯერ ერთი, ძალიან რთული დრო იყო, ინფლაციის პირობებში, სანამ რაღაც საქონელს ჩავაბარებდი და ის გაიყიდებოდა, ფული უკვე გაუფასურებული იყო… და მერეც, ეს სფერო, საინტერესოც აღმოჩნდა და მომგებიანიც, ეს კი გაძლევს შესაძლებლობას რეალურად გადაწყვიტო შენი პრობლემები, სხვებსაც დაეხმარო, და, რაც მთავარია, ბიზნესი განავითარო… ასე გახდა ეს ჩემი ცხოვრების საქმე… და არა მხოლოდ ჩემთვის … ჩემი დისთვისაც. მანანა წლები ოტორინოლარინგოლოგად მუშაობდა, კარგი კვალიფიკაცია მიიღო და ძალიან უყვარდა თავისი პროფესია… ხშირად არასამუშაო დღეებში საკუთარ შვილებს ტოვებდა და პაციენტებთან გარბოდა. ასე გადაარჩინა კიდევაც ერთი ბავშვი სერიოზულ გართულებას… მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ ექიმის ხელფასით შვილებს კარგ განათლებას ვერ მიცემდა, საკუთარ წარმატებას შვილების წინსვლა არჩია და ისიც შეელია თავის პროფესიას. თბილისში მიიღო ბიზნესგანათლება და “HOME”-ში გადმოვიდა სამუშაოდ. მანჩო კომერციულ საქმიანობაშიც წარმატებული აღმოჩნდა, შვილებმაც (ლევან და ცირა მაქაცარიები) ბიზნესფაკულტეტები დაამთავრეს. ცირამ საფრანგეთში გაიღრმავა ცოდნა მარკეტინგული განხრით და ახლა, ორივე, ჩვენს კომპანიაში მუშაობენ.
კომპანიის საქმიანობაში ჩაირთო ასევე ძმაც-თემური. თუმცა, ხშირად უწევს ზუგდიდში ყოფნა-მისი წყალობით მამისეულ სახლში ძველებურად დუღს ცხოვრება-მოვლილია ეზო, ხარობს ვენახი, იწურება ღვინო, მოდის სტუმარი, იშლება სუფრა… სახლისგან თავისუფალ დროს თემური “HOME”-ში ატარებს და ძალიან გვეხმარება. განსაკუთრებით წინასააახალწლო დღეებში. ასე გადაიქცა ოჯახისთვის წამოწყებული “დროებითი” საქმიანობა საოჯახო ბიზნესად.
-ეტყობა, ბიზნესის, კომერციის ნიჭი გაქვთ როგორც თქვით, საქონლის მცირე პარტიების ჩაბარებით დაიწყეთ და ახლა უკვე საცალო და საბითუმო მაღაზიების ქსელის მქონე, იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ბრძანდებით. თავიდანვე ანალოგიურ საქონელზე მუშაობდით?
-დიახ, ლამაზი და სასარგებლო საოჯახო ნივთები თავად მომწონდა და როდესაც ბიზნესზე დავიწყე ფიქრი, გადავწყვიტე, სწორედ ამით დამეწყო. ვცდილობდი, საუკეთესო საქონელი შემერჩია, რომელიც პრაქტიკულიც იყო და ორიგინალურიც, გემოვნებით შერჩეულ ნივთს, პატარა სუვენირსაც შეუძლია განუმეორებელი გახადოს ინტერიერი, სასიამოვნო გარემო შექმნას…უნდა ვთქვა, რომ ეს დარგი საკმაოდ განვითარებულია. გამოფენებზე მწარმოებლები ძალიან მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობენ.… ხანდახან გინდა, რაც შეიძლება მეტი განსხვავებული საქონელი შეუკვეთო, მაგრამ 3 ათას ცალზე ნაკლებ შეკვეთას არ იღებენ. პროდუქცია ისე უნდა შეარჩიო, სწრაფად რეალიზებადი რომ იყოს. სხვაგვარად ნაშთი გაიზრდება და ახალი პროდუქციის შესაკვეთად ახალი სახსრების მოძიება იქნება საჭირო. მოკლედ, ადვილი არ არის წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბება. ჩვენთან, ამჟამად, 20 000 დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი…
აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მომგებიანი ნიშა ავირჩიეთ… მას იმდენად არ შეეხო ის პრობლემა, რომელიც დაუდგა ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე მომუშავეებს, ცნობილი ბრენდული მაღაზიების გახსნის შემდეგ, რომლებიც დახვეწილ მარკეტინგულ პოლიტიკას ატარებენ.”
სრული ვერსია ჟურნალი “ზუგდიდელები” #52

ესაუბრა მარინა ქარდავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!