ნანუკა გულუა: ვერ გადავიტან დოჩი უწესო ქალი რომ გახდეს


როცა ნანუკა გულუასთან ინტერვიუს ჩაწერა დავამთავრე, ჩავფიქრდი,- სჭირდებოდა ნანუკას დოჩი, რომ ის ისე ყვარებოდათ ზუგდიდელებს, როგორც ახლა უყვართ… ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, განათლებული, კარგი ზუგდიდური ოჯახის შვილი, პოპულარობისათვის, სიყვარულისთვის, რას დაესესხა დოჩის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“?
-ყოველთვის არასაკმარისი იყო ჩემთვის ის, რაც მქონდა. სულ სითბოს, სიყვარულის და პოზიტივის უკმარისობას განვიცდიდი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე ბლომად მომდიოდა ოჯახისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან. თურმე ეს მჭირდებოდა – ყოველ წამს, ყოველ ნაბიჯზე მიღებული სითბო… და ეს მე დოჩიმ მომცა
პირველი შეხვედრა დოჩისთან
პირველად სერიალის სცენარს მაშინ გავეცანი, როცა დარწმუნებული ვიყავი, კასტინგზე არ მივიდოდი, მეგონა, ვერ შევძლებდი. დოჩი რომ გავიცანი, ყველაფერი შეიცვალა ჩემში. ეგრევე მივხვდი, ქასტინგს კი არა, მთებს გადავდგამდი და დოჩის არავის დავუთმობდი.
ე.ი ნანუკამ დოჩის პიროვნებაში საკუთარი თავი აღმოაჩინა? სერიალში ნანუკა ცხოვრობს დოჩის სახელით?
-მსგავსებაზე მეტად იმას მივხვდი, რომ დოჩის კარგად შეასხამდა ხორცს ნანუკა. ისე დეტალურად იყო მისი ტიპაჟი გადმოცემული სცენარში, მინდოდა ზუსტად ასეთივე სიზუსტით მეთამაშა იგი. ფილმში ნანუკა ეგრევე დოჩი ხდება, როგორც კი დოჩის მაკიაჟს და ბეწვს ვიმოსავ, ნანუკასგან არაფერი რჩება ვიდრე კვლავ არ „განვიბრენდები”. როგორც ვხუმრობ ხოლმე, გადაღების დამთავრებისას.
-იმდენად მორგებული აქვს ნანუკას დოჩის დიალოგები, მაყურებელი ფიქრობს, რომ ამის დაზეპირება შეუძლებელია. რომ ეს ნანუკას იმპროვიზაციაა… რომ ყველაფერს რეჟისორი და სცენარისტი ვერ უკარნახებს მსახიობს…
-იმპროვიზაციის გარეშე პერსონსჟს ხორცს ვერ შეასხამ, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას და მანერას ვერავინ „გაგიწერს“. ტექსტით უნდა იგრძნო.
ანუ, ნანუკას აქვს თავისუფლება რეჟისორისგან, სცენარისტისგან, რომ საკუთარი გემოვნებით შექმნას დოჩი?
-გარდა იმისა რომ ფენომენი წერს სცენარს, ფენომენი რეჟისორი გყავს გადაღებაზე, რომელიც ბოლომდე გაძლევს იმ ენერგიას და მიმართულებას რითიც უნდა იხელმძღვანელო, მე ძალიან ბევრჯერ ვკითხულობ სცენარს, დეტალურად ვსწავლობ ტექსტს, რომ ის აზრი არ დავკარგო, რაც სცენარისტმა ჩადო და ვცდილობ, იმპროვიზაციაც ზუსტად იმის გამოსახატად გავაკეთო, რასაც ქეთი წერისას და გიორგი გადაღებისას გულისხმობს.
-ეს „თხა, ჭაკი, ჯუა“… საიდან იცოდა დევდარიანის ქალმა… ან ქელეხის სუფრის მენიუ… სულ მგონია ნანუკას ორიგინალი რეპერტუარია…
– ეგ ნანუკას თარგმანია. დევდარიანის ქალი ქართულად მინთებს ქარ-ცეცხლს და შესაბამისად, ძალიან ვცდილობ მეგრულადაც ეგრე ხორციანად ვთარგმნო
-ხშირად, მსახიობის ცხოვრებას წარმატებული როლი ყლაპავს… კონკრეტული როლის შემდეგ გარდასახვა ჭირს… ნანუკას რომ შესთავაზონ სხვა როლი, შესძლებს დოჩისგან გაქცევას?
– ჩემი ცხოვრება დოჩის არ ჩაყლაპავს… პირიქით, ძალიან საინტერესო და საოცრად ფერადი გახადა, უფრო გამალაღა და გამახარა. მე რომ მსახიობი ვყოფილიყავი, აუცილებლად მექნებოდა ამ შეკითხვაზე პასუხი. ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, შევძლებ თუ არა სხვა პერსონაჟის და როლის მორგებას.
– როგორ ფიქრობ, დოჩი მეგრელი რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა შენთვის და მაყურებლისთვის ასეთივე საინტერესო პერსონაჟი?
– წარმოდგენაც არ შემიძლია დოჩის არამეგრელობის, მისი მთელი ხიბლი სწორედ მეგრელობაშია.
-რატომ უთხრა ნანუკამ უარი ჟურნალისტიკას … მშვენიერი შოუვუმენიც იქნებოდა…
– ხშირად ვფიქრობ მაგაზე… მაგრამ ასე მოხდა… მაშინ რომ ეს უნარ-ჩვევა მქონოდა, უფრო შევძლებდი „რაღაცეების“ დაძლევას და გადატანას, პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი, რომ ჟურნალისტობამდე ეკლიანი გზისთვის უნდა გამეძლო
-პოპულარობა ღლის… „მონომახის ქუდიცაა“ იმავდროულად. პოპულარობა ხომ მარტო ფეიერვერკი არ არის… თუმცა ნანუკაზე „ცუდი“ ჭორები ჯერ არ გამიგია. ვერ წარმოუდგენია ხალხს რომ დოჩი უწესო ქალი აღმოჩნდეს…
– მეც რომ ცხოვრებაში ძალიან მიყვარს სითბოს გაცემა და ხმაური… არ მღლის ხალხთან ურთიერთობა და სიყვარული. მათგან ნეგატიური დამოკიდებულება საერთოდ არ მიგრძვნია და ასეთი პოპულარობა კი არ გღლის, გაბედნიერებს. დოჩი უწესო ქალი ვერ იქნება, მაგას ვერ გადავიტანთ მე და მაყურებელი…
– იქნებ, სცენარის ბოლოშია „ბომბი დადებული“?
-არ ვიცი წინ რა ელის დოჩის… სცენარს არც მე და არც არავინ არ იცნობს. მეც არანორმალური ინტერესით ველოდები ხოლმე სცენარს.
– ჯერ არ ვიცით ვინ „ჰყავს“ დოჩის, მაგრამ ხალხს აინტერესებს, ვინაა ნანუკას გვერდით, ვის უზიარებს წარმატების სიხარულს. ვის თვალებში კითხულობს,- კარგი გამოუვიდა თუ არა როლი.
-ნანუკას გვერდით, ბავშვობიდან, ძალიან ბევრი მეგობარია, რომლებსაც ჩემსავით უხარიათ და იზიარებენ ჩემს წარმატებას… და ჩემი ოჯახი, ვისაც ჩემზე მეტად უხარია ეს ყველაფერი.
– გარდა ამისა, მაყურებელს და მკითხველს ერთი სული აქვს გაიგოს, რომ ნანუკას გვერდით მამაკაცია, მისი სიყვარული… მას რატომღაც მსახიობზე ინტრიგები სჭირდება…
– ვწუხვარ… ინტრიგებით ვერ ვიჩენ თავს, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ნანუკასგან მაყურებელი ამას ელის…
– მსახიობის პირადი ცხოვრება,- ცხოვრება ელარჯს იქით…
იქნება „რაღაც“ ელარჯის იქით… გული მიგრძნობს, მეგრელი ბიჭი იქნება… ნანუკასთვის რომ გაიმეტებს ჩემი უსაყვარლესი მაყურებელი ისეთი.
– ვისია პირველი ზარი სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ…
– ზუგდიდიდან , ჩემი მშობლების… ისინი მირეკავენ…
– რას ამბობს ბატონი ნუგზარ გულუა -მიიღო დოჩი მეოთხე ქალიშვილად…
– მემგონი ყველაზე ძალიან უყვარს დოჩი… ძალიან ამაყია ჩემით! ეს შეგრძნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა.
– რამდენად ძვირადღირებულია ნანუკას დოჩი? ჰონორარს ვგულისხმობ…
– კონკრეტულად ვერ დავასახელებ მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ.
– დოჩიმ ხომ არ ავნო ნანუკას ბიზნესს? მოუცლელობა… გადაღებები…
-ისეთი გუნდი მყავს უჩემობას ძალიან კარგად გაუმკლავდნენ, თან მეც სულ ხაზზე ვიყავი.
– დოჩი უკვე შენი ბრენდია, ხომ არ გიფიქრია ეს შენს სამოდელო ბიზნესში აისახოს… დოჩის კაბები, აქსესუარები…
-არავითარ შემთხვევაში! დოჩი არ მინდა გამოვიყენო ჩემი ბიზნესისთვის, ან ფულის საკეთებლად. ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას ჩემთვის. მაყურებლისგანაც და ჩემი გუნდისგანაც (ჩცდ) მგონია რომ სიყვარულს და პატივისცემას დავკარგავ თუ ამას ამ კუთხით გამოვიყენებ.
– ნანუკა… ვთქვათ, სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ დოჩის საყვარელი გამოუქექოს მილანში და ეროტიკული ფრაგმენტები ჩადოს სერიალში… ყველაფერი ხდება…
– არ გამოუქექავს… სცენარისტმა სულ ზუსტად იცის მის პერსონაჟებს როგორი ადამიანები თამაშობენ. მეც მაგაზე თანახმა არასოდეს ვიქნები, მე ხომ მსახიობი არ ვარ და ყველაფრის თამაში არ მომეთხოვება.

– რა იქნება დოჩის შემდეგ, დოჩის გარეშე?

-აუუ, მეც როგორ მაინტერესებს… ვხვდები, რომ მარადიული არაფერია და დოჩიკოც წარმავალია, მაგრამ ლამაზ კვალს ნამდვილად დატოვებს ჩემ მთელ ცხოვრებაში.
– ნანუკა დაუბრუნდება ბიზნესს, ჟურნალისტიკას თუ გახდება მსახიობი… საქართველოს ცოტა ჰყავს სახასიათო როლების პროფესიონალი შემსრულებლები…
მე მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი დიდი გეგმებით, არც მიმიტოვებია ამ დროის განმავლობაში რაც შეეხება მსახიობობას გულწრფელად გეტყვით ამბიციები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ
– და ბოლოს, დოჩი ზუგდიდელებს და ნანუკა გულუა ზუგდიდელებს რას და როგორ ეტყვის…
– ნანუკასთვის ყველაზე დიდი წარმატება ჩემი ქალაქელების ასეთი დადებითი დამოკიდებულებაა! მე წარმატებას მათი უკმაყოფილების ხარჯზე ნამდვილად ვერ შევიგრძნობდი! დიდი მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის და ამ ენთუზიაზმისთვის, რომელიც მომცეს! არაერთხელ ვთქვი და არ დამეზარება მილიონჯერ გავიმეორო ჩემი მეგრელებისგან ნათქვამი: „შენით ვამაყობთ“,- ძალიან ფასეულია ჩემთვის! დიდი მადლობა… ამაყი ვარ რომ აქ დედაქალაქში ჩემი უსაყვარლესი მაყურებელი მეუბნება „დოჩი გვასწავლე მეგრული”, “წაგვიყვანე ზუგდიდში“.
-მადლობა, წარმატებებს გისურვებ
ნ. მიქავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!