მერაბ ქვარაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დამრჩეს უკმაყოფილობის განცდა საკუთარი თავის მიმართ

merab qvaraia

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან, მერაბ ქვარაიასთან ინტერვიუ, ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, ოჯახურ გარემოში შედგა. ჩვენი ინტერვიუს გმირები, ბატონ მერაბთან ერთად, მისი მეუღლე, ქალბატონი ქეთი, დედა, ქალბატონი ლალი შონია და ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, რვა თვის დანიელ ქვარაია იყო,  რომელიც მამის პასუხებს მშვიდად და „გულისხმიერად“ უსმენდა.

ამ ოჯახურ იდილიაში, მოგვიანებით, ბატონი მერაბი, ჟურნალისტთან იტყვის, რომ ისინი, მთელი ოჯახი, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჯერ საყვარელი ქალაქის განვითარებას, შემდეგ კი, სრულიად საქართველოს აღორძინებას. ცხადია, ასეა,  რადგან მათ ბიოგრაფიაში, უკვე არის მნიშვნელოვანი დეტალები ამ ყველაფრისთვის თავდადების.

მერაბ ქვარაია: -პოლიტიკური საქმიანობა, ჩემთვის არ არის ახალი, გარკვეული გამოცდილება მიღებული მაქვს, არც კანონმოქმედებითი საქმიანობაა ჩემთვის უცხო, სამი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი, მაგრამ  საქართველოს პარლამენტის წევრი პირველად ვარ და ეს სიახლე აღმოჩნდა ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, მით უფრო რომ ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. ერთია იყო პარლამენტის წევრი, რაც თავისთავად პასუხისმგებლობას გულისხმობს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია იყო შენი ოლქის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულებასთან საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის შერწყმა მთავარი ამოცანაა. პარლამენტარმა უნდა შესძლოს სამივე მიმართულების შეთავსება. პარლამენტის წევრობის შემდეგ ისედაც დინამიური ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო დატვირთული გახდა, ინტენსიური მოძრაობის გრაფიკი, თბილისს, ქუთაისსა და ზუგდიდს შორის. დროის სწორად მართვის საშუალებით ვცდილობ დრო თანაბრად გავანაწილო. მაჟორიტარის ბიურო  მეხმარება სრულად და ყოველდღიურად ვიყო ჩართული ჩემი ოლქის პრობლემების განხილვაში, ასევე, საკანონმდებლო და საკომიტეტო საქმიანობაში.

_ საკანონმდებლო ორგანოში თქვენ რამდენიმე კომიტეტის წევრი და თავჯდომარის მოადგილე ხართ…

_ ძალიან გამიხარდა, როცა უმრავლესობისგან მივიღე შემოთავაზება ამ პოსტებზე. ორივე პოზიცია  ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახლობელია.  თვითმმართველობა ჩემთვის ძალიან ნაცნობი თემაა — თვითმართველობის პრობლემები, განვითარება და ზოგადად მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის სწორად განვითარება ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის საწინდარია, შესაბამისად, სიხარულით მივიღე შემოთავაზება ვყოფილიყავი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, პატიმრობაში ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ამ სისტემაში, რა ძირითადი ფასეულობები უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით თანამედროვე სამყაროში. დღეს მართალია, პატიმრის პრობლემები იმდენად მწვავედ არ დგას ჩვენს ქვეყანაში, პენიტენციალური სისტემა ძირეულად შეიცვალა „ქართული ოცნების“  მოსვლის შემდეგ და ზოგადად, ადამიანთა უფლებები პირველ ადგილზე დადგა, მაგრამ სხვა პრობლემებია დღის  წესრიგში. ეს გახლავთ სოციალური თემატიკა, უმწეოთა, დევნილთა,  მრავალშვილიანოჯახთა, ოჯახური ძალადობის, შშმ.პირების და სხვა მსგავსი პრობლემები, რომლებზე მუშაობითაც ვარ ამ ეტაპზე დაკავებული.

_ თქვენ, თავის დროზე, აქტიურად იბრძოდით, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად, ზუგდიდისათვის ქალაქის სტატუსის მისანიჭებლად, როგორია თქვენი აზრი, ქალაქის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით?

_ მე სახელმწიფო პოლიტიკური და საპარლამენტო თანამდებობის პირი ვარ და გარკვეულწილად მევალება ვიყო უფრო ობიექტური, ვიდრე სუბიექტური. ამიტომ ვიქნები ერთგვარი თავშეკავებული შეფასებებში, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, ვიყავი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რათა მისცემოდა თვითმმართველობებს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის თვითმმართველობა უზრუნველყოფილი. მიმაჩნია, რომ ასევე ფუნქციონალურად უნდა დაიტვირთოს რეგიონალური მმართველობის შუალედური რგოლიც, უფრო მეტი შესაძლებლობები  მიეცეს, რათა   იზრუნოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ამ ეტაპზე ეს არის სამინისტროს მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები, რომელიც ჯერჯერობიც დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ შეგვიძლია კომპეტენტურად ვიმსჯელოთ მოსალოდნელ  ცვლილებებზე. ამიტომ დაველოდოთცვლილებათა პაკეტის საბოლოო ვარიანტს, რომელიც მომზადების შემდეგ  შემოვა პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო კომიტეტებში მოგვიწევს ამ ცვლილებებზე მუშაობა. ნებისმიერი ნაბიჯი და ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს და განახორციელებს, უნდა იყოს მიმართული თვითმმრთველობის გაძლიერებისკენ. ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ქმედითი ბერკეტები იმისათვის, რომ განავითაროს საკუთარი ქალაქი, რეგიონი თუ თემი, ადგილობრივ მოსახლეობას კი შესაძლებლობა აირჩიოს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება  და თავად იყოს ჩართული საკუთარი მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარებაში.  მე ამ პოზიციების დაამცველი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობით საინტერესო მექანიზმებია გათვალისწინებული. ნებისმიერი მუნიციპალიტეტის გაყოფას თუ შეერთებას აუცილებლად უნდა უძღოდეს კონსულტაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საკრებულოსთან, ექსპერტებთან, ანალიტიკურ ჯგუფებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ უნდა იქნეს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. ამდენად სპონტანური, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა არ არსებობს. მერწმუნეთ, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც შემოგვთავაზებს მთავრობა, იქნება კარგად გაანალიზებული, შესწავლილი და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი, ქვეყნის განვითარებისთვის მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები მიღებული.

_ და მაინც ბატონო მერაბ, რა მისცა სამი წლის „ქალაქობამ“ ზუგდიდს?

_ პირველ რიგში, ხალხმა შესძლო  პირდაპირი წესით აერჩია პირველი პირები, რაც მე მიმაჩნია, წინ გადადგმულ ნაბიჯად. ის, რომ გვყავს არჩეული ხელისუფლება ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია აკონტროლო შენს მიერ არჩეული მთავრობა. მოხდა დაახლოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ჩართულობის ახალი მექანიზმები იქნა ამუშავებული. მოქალაქეებს გაუჩნდათ კომუნიკაციის შესაძლებლობა ხელისუფლებასთან. თვითმართველობებს გადაეცათ  ბიუჯეტის განკარგვის უფლება.

_ როგორი ურთიერთობა გაქვთ, თქვენს ზუგდიდელ კოლეგებთან პარლამენტში?

_ ჩვენ, ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნევთ რეგიონის განვითარებაზე ზრუნვას, შესაბამისად, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ისე ჩემს კოლეგებთან პარლამენტში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით გვაქვს ხედვები და დიალოგი ჩვენს  ზუგდიდელ კოლეგებთან. ვფიქრობ ჩვენ,ქართული ოცნების სამეგრელოს წარმომადგენლობა პარლამენტში, შევძლებთ, ჩვენი სიტყვა ვთქვათ რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. ზუგდიდელ კოლეგებთან ოპოზიციიდან მაქვს კონსტრუქციული და საქმიანი უთიერთობა, როცა საკითხი ეხება ქალაქთან დაკავშირებულ საკითხებს. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და ვალდებული ვარ, კომუნიკაციის რეჟიმში ვიყო არა მარტო ჩემს მხარდამჭერებთან, არამედ ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებთანაც. გავიზიარო მათი ხედვები, წინადადებები და საჭიროებები. ვცდილობ, ვიყო ქალაქის მაჟორიტარი და არ გავარჩიო ჩვენი მოქალაქეები პარტიული ნიშნით.

_ რამდენად წარმატებული იყო თქვენი მოღვაწეობა საკრებულოში. იქნებ გაიხსენოთ კონკრეტული თემა, რომელიც თქვეს სახელს უკავშირდება თვითმმართველობაში?

_ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავხსენით ხელისუფლებასა და ხალხს შორის „ჩაკეტილი კარები“. წლების განმავლობაში, მოქალაქეებისთვის სირთულეს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად, გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან მოხვედრა რთული იყო. ჩვენ გავხსენით ეს კარები, გავამარტივეთ კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობთ. მოქალაქეთა მიღების დღეების გამარტივება მოვახდინეთ, ანგარიშვალდებული პრინციპების დანერგვა. ამის შემდეგ დავიწყეთ შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან.  მყარი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება შევძელით კერძო სექტორთან, სხვადასხვა პრობლემის შესწავლა და მასზე მუშაობა დავიწყეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაკეთდა ინფრასტრუქტურის  მიმართულებით, აღსანიშნავია წყლისა და კანალიზაციის მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და დაგეგმილ ვადებში დასრულდება. მიმდინარეობს ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, განსაკუთრებული პროექტია სტადიონი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზე იქნება აღჭურვილი.  ძალიან მალე დაიწყება ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაცია. ქალაქში მოწესრიგდა ტროტუარები, სანიაღვრე არხები, განათდა ათეულობით ქუჩა. რეკონსტრუცია ჩაუტარდა მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეს, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. გარემონტდა საბავშვო ბაღები, კეთილმოეწყო ეზოები, არაერთი მრავალბინიანი სახლი გადაიხურა. ინფრასტრუქტურული მიმართულებით ქალაქში ბევრ მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი. მე ვთვლი, რომ მმართველ გუნდთან ერთად ჩემი საქმიანობა საკრებულოში იყო საკმაოდ აქტიური, ქალაქზე და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული.  თუმცა, ჯერაც ბევრი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა რჩება, რომლის ერთბაშად გადაჭრა, ბუნებრივია ძალიან ძნელია.

_ ბატონო მერაბ, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეზე, ქალბატონ ნატალია შეროზიაზე რას გვეტყვით. მოგეხსენებათ, ქალაქის საკრებულო ხმაურიანია, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს?

_  ჩვენ შევძელით საკრებულო ჩამოგვეყალიბებინა ორგანოდ, სადაც მოხდებოდა ნებისმიერ საკითხზე გუნდური მუშაობა, მსჯელობა, საზოგადოებრივი ჩართულობა და სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ქალბატონი ნატალია ჩვენი თანამოაზრეა, ჩვენ ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ის არის პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნატალია დაკისრებულ საქმიანობებს წარმატებით გაუძღვება.

_ მაჟორიტარის ბიუროზე გვითხარით. ბიუროს ერთ-ერთი წევრი ჯონი ჯიქია, ყოფილი პოლიტპატიმარია, მასთან ერთად,  ხომ არ იხდიდით სასჯელს?

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქნებით ყოველდღიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. ბიუროში ამისთვის ოთხი ადამიანი იმუშავებს. თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აკისრია. ბიუროს უხელმძღვანელებს ჯონი ჯიქია, რომელიც წლების განმავლობაში, სხადასხვა თანამდებობზე მუშაობდა. ოფისის მენეჯერად დაინიშნა ნიჭიერი ახალგაზრდა ირაკლი ბაღათურია, საზოგადოებასთან ურთიერთობას უხელმძღვანელებს სოფიო კვარაცხელია, ტექნიკურ ნაწილს ლადო ჯოლოხავა. ბიუროს სამუშაო დღეები იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10 — საათიდან 18- საათამდე. მოქალაქეებს შეეძლებათ მიმართონ ბიუროს წინადადებებით, საჭიროებებით, რომელიც მათ გააჩნიათ. პერიოდულად, დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან. ბიუროში ვგეგმავთ ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის განხორციელებას. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევასწავლით ბიუროსა  და საკანონმდებლო ორგანოში  მუშაობას. საგულისხმოა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბიურო თანამშრომლობს NDI-ს ოფისთან, რაც დამატებითი მხარდაჭერა და შესაძლებლობაა ბიუროს ეფექტური საქმიანობისთვის. რაც შეეხება ბიუროს ხელმძღვანელს, მე და ჯონის ერთად არ მოგვიხდია სასჯელი, მაგრამ ის იმ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლდათ და წლების განმავლობაში, უკანონოდ, იხდიდა სასჯელს. ჯონი ოფიციალურად არის პოლიტპატიმრის სტატუსის მატარებელი. მისი საქმე ამ ეტაპზე განიხილება და გამართლების რეჟიმშია.

_ დავასრულოთ პოლიტიკაზე საუბარი და გადავინაცვლოთ სულიერ ცხოვრებაში… თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ახერხებთ თუ არა მედავითნეობის გაგრძელებას.

_ ქალაქგარეთ ყოფნის დროს, იმ ქალაქის ტაძრებს ვსტუმრობ, სადაც ვიმყოფები. მე ვარ დედაეკლესიის ნაწილი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია, მით უფრო, რომ მე ვარ მედავითნე და სტიქაროსანი, ვცდილობ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ხელს არ უშლიდეს ჩემს სულიერ ცხოვრებას.

_ დანიელის ამ ქვეყნად მოვლენას, ლამის მთელი საქართველო ელოდა… რა შეგრძნებები გქონდათ ოჯახში?

_ ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. დანიელმა პირველი შეხვედრისთანავე დაიპყრო მისი მშობლების გული, მან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. დანიელის დაბადება დაემთხვა საპარლამენტო არჩევნებს, მას შემდეგ ჩემი განუყრელი თანამგზავრი გახდა ამ სიტყვის პირდაპირიმნიშვნელობით, ფაქტობრივად გზაში და მოგზაურობაში გაიზარდა, თუმცა ძალიან კარგად  ეგუება ამ ამბავს, მოსწონს კიდევაც მუდმივად საზოგადოებაში ტრიალი.

_ სახელი წინასწარ გქონდათ მოფიქრებული?

_ სახელის შერჩევა მოხდა ოჯახური კონსულტაციების შედეგად, თუმცა გეტყვით, რომ წინადადება ქეთისგან წამოვიდა და ერთიანი მოწონება დაიმსახურა.

_ ვის მოანათლიეთ ნანატრი შვილი?

_ დანიელს ჰყავს სამი ნათლია, სამი სასულიერო პირი. ძალიან გვიხარია, რომ მისი ნათლიები არიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,  დეკანოზი ილარიონ შენგელია, რომელიც ჩვენი  მოძღვარი და ოჯახის მეგობარია და მამა დავით  კონჯარია, რომელიც თბილისში,  ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღოლია.

_ რა არის თქვენთვის ოჯახურ ურთიერთობებში ყველაზე მთავარი?

_ ოჯახურ ურთიერთობებში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სადაც სიყვარულია,იქ ყველაფერია — იქ მზრუნველობაა, ყურადღებაა, დათმობაა, ურთიერთგაგებაა, პატიება და მიტევებაა, რაც მთავარია იქ ერთობა და ერთგულებაა.

_ვის ამსგავსებენ დანიელს?

საუბარში ოჯახის დიასახლისი ქალბატონი ქეთი ჩაგვერთო:

_ გარეგნულად მამას გავს, ყველაფერი მერაბისი აქვს, ერთადერთი რაც არ ჩანს, სისხლის ჯგუფი აქვს მხოლოდ ჩემი . აქტუალურ თემას კომენტარის გარეშე არ ტოვებს ბატონი მერაბის დედა, ქალბატონი ლალი:

_ დანიელს როცა ვუყურებ მერაბის პატარაობა მიდგას თვალწინ. მამა და შვილი ძალიან გვანან ერთმანეთს. მე შვილმკვდარი დედა ვარ, როდესაც უმცროსი ვაჟი ირაკლი გარდამეცვალა, არ მეგონა ჩემს ცხოვრებას აზრი როდესმე თუ მიეცემოდა და სიცარიელეს თუ რამე შემივსებდა, მაგრამ დანიელისა და ირაკლის დაბადებამ ჩვენს ოჯახს ცხოვრების ხალისი დაუბრუნა. უფალს ვთხოვ მომცეს იმის შესაძლებლობა შვილიშვილების აღზრდაში მივიღო მონაწილეობა.

მერაბი: როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩვენს ოჯახში 25 წლის განმავლობაში ბავშვი არ დაბადებულა, რაც მტკივნეული იყო ოჯახისთვის. შარშან ჩემი ძმისშვილი პატარა ირაკლი მოევლინა ქვეყანას, ოთხ თვეში კი დანიელი დაიბადა. ასე რომ გასული წელი ჩვენი ოჯახისათვის იყო განსაკუთრებით სასიხარულო.

_  ქალბატონო ქეთი, ბავშვის აღზდაში მამა რამდენად მონაწილეობს?

- მერაბი ძალიან კარგი მამაა. ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან მეხმარება და გვერდში მიდგას.  მერაბი თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახში ბავშვთან ატარებს.

_ თქვენი საყვარელი ადგილი სახლში რომელია?

_ სახლში პატარა აივანი გვაქვს, როცა კარგი ამინდია დანიელთან ერთად გავდივართ, ვსაუბრობთ, ვისვენებთ, დანიელს ვეთამაშებით, ზღაპრებს ვუყვები და მასაც ძალიან მოსწონს.

_ წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ დანიელის მომავალი?

_ პირველ რიგში, მე მინდა ჩემი შვილი ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, დანარჩენს  დანიელი გადაწყვეტს.

_ და ბოლოს, ბატონო მერაბ…

_ ძალიან მინდა ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობით ღირებული წვლილი შევიტანო ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის შენებაში, რათა ჩვენი ქვეყანა დადგეს ევროპული განვითარებული ქვეყნების რიგებში  მოწესრიგებული სისტემებით, დახვეწილი სერვისებით, ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურებით, კანონის უზენაესობით, მაღალი სამოქალაქო კულტურით, დემოკრატიული ფასეულობებით, მაღალი პენსიით, სოციალურ უზრუნველყოფის გარანტიებით, დასაქმების და განვითარების შესაძლებლობებით… გული მტკივა როცა ყოფით გასაჭირში მყოფ ადამიანებს ვხედავ. დროა, უკვე,საქართველომ დაიბრუნოს ემიგრანტი შვილებიც, რომლებიც უცხოეთში არიან წასულები და აქ, თავის სამშობლოს მოახმარონ თავიანთი პოტენციალი… ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს გამთლიანებაა, ღმერთმა შეგვაძლებიოს ჩვენი თაობის დროს დაკარგულის ჩვენი თაობის მიერვე შემოერთება…… ძალიან მინდა ეს ხელისუფლება და პარლამენტი სამაგალითო და ისტორიული იყოს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ წლების შემდეგ არ დამრჩეს უკმაყოფილობის განცდა საკუთარი თავის მიმართ.

ეკა ფარულავა 

 

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes