მაია ღურწკაია: მე გეტყვით, რატომ უნდა შემოხაზოთ ციფრი “6”


მაია ღურწკაიამ ჟურნალისტობიდან დაიწყო. ეს პროფესია დაეხმარა გაეცნო საზოგადოება და საზოგადოებასაც გაეცნო ის. შემდეგ, როცა პოლიტიკაში გადმოინაცვლა და „რესპუბლიკელებს“ შეუერთდა, არ გასჭირვებია თამამად წამოეწია ადამიანების საჭიროებები როგორც პოლიტიკოსს, მოგვიანებით კი, როგორც საჯარო მოხელეს.  სწორედ ჟურნალისტობის დროინდელი გამოცდილება დაეხმარა ხალხის ენაზე ესაუბრა, მათი ფიქრით ეფიქრა და მათი მზერით ემზირა.

-ჩემთვის ორივე პროფესია ღირებულია, საპასუხისმგებლო პროფესიაა ჟურნალისტობა, ასევეა პოლიტიკოსობაც. ჩემთვის ისეთივე წმინდაა ჩემი პირველი პროფესია, როგორც ჩემი პარტიის პოლიტიკური პლატფორმა. პოლიტიკით პირადად დავინტერესდი იმიტომ, რომ 2008 წლამდე არ მომეცა შესაძლებლობა მეღვაწა როგორც თავისუფალ ჟურნალისტს. ერთ მშვენიერ დღეს,”საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” ვესტუმრე, მაშინ ამ ორგანიზაციას ქალბატონი ხელძღვანელობდა. ეს სტიმული იყო ჩემთვის გამეგრძელებინა ბრძოლა სამართლიანობისათვის. 2008 წლიდან დღემდე, ვარ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და ვთვლი, რომ აქ გავიზარდე. როცა ქვეყანა პოლიტიკურად დალაგდება, მაქვს დიდი იმედი, მედიაში მომიწევს გავაშუქო პოზიტიური პოლიტიკური ვითარებები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე წლებში ვასრულებდი ჟურნალისტის მოვალეობას, ეს იყო”მოქალაქეთა კავშირის” პერიოდი – როცა ქვეყანა უკვე ნანგრევებად იყო ქცეული სამოქალაქო ომის, დაპირისპირებების შედეგად. აფხაზეთი უკვე დაკარგული იყო. ჩემს კოლეგებთან ერთად, თითქმის ყოველი დღე მიწევდა ოკუპანტი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კამათი, მუდმივად გვთხოვდნენ აკრედიტაციას, – სხვის ტერიტორიაზე შედიხართო, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვუმეორებდით, ჩვენს სამშობლოში ვართ, ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რისთვის გვინდა აკრედიტაციაო. ერთი ასეთი შემთხვევისას, 2001 წლის 7 ნოემბერს, მე და “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტი აგვიყვანეს ენგურის ხიდზე. ძალიან ბევრჯერ გვიხდებოდა მეომრების, პარტიზანი ბიჭების დახმარებით რეპორტაჟების გაკეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყოფილი გუბერნატორი, ზაზა გოროზია, აფრთხილებდა ჩემს რედაქტორს, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი არჩევნებზე, უბანზე და არ უნდა გამეკეთებინა მწვავე, კრიტიკული რეპორტაჟები, თორემ დაუხურავდნენ გაზეთს, ჟურნალს. სწორედ მსგავსმა ფაქტებმა, ბრძოლამ სამართლიანობისათვის, მე მომიყვანა პოლიტიკურ პარტიაში. რატომ ამ პარტიაში? იმიტომ, რომ ეს პარტია”რესპუბლიკური პარტია” ერთადერთი პარტია იყო 2008 წელს, რომელიც მარტო იბრძოდა, მარტო უმკლავდებოდა მოქალაქეების დაშინებას, უმკლავდებოდა ძალმომრეობას, ბოროტებას, ბიზნესზე ზეწოლას, ამ პარტიაში იმდენ ხანს დავრჩები, სანამ ჩემს ქვეყანაში არ იქნება პირველ ადგილზე სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და განათლება.   “რესპუბლიკური პარტია” იბრძოდა თავისუფლებისათვის, იბრძვის ახლაც და იბრძოლებს მომავალძიც!- მინდა ჩემს მკითხველს ეს ხმამაღლა ვუთხრა.
– არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს თქვენს პარტიას?
– მე”რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო სიის ერთ – ერთი კანდიდატი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზეწოლაა ჩვენს პარტიაზე, ის თავის საქმეს აკეთებს კეთილსინდისიერად და სწორად, რადგან მათ იციან როგორ აკეთონ პოლიტიკა და იციან სიტყვის ფასი. იციან, რომ აქ ქვეყანაზე ადამიანების სიცოცხლე გაცილებით ღირებულია, ამ პარტიის ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ადამიანია. ჩემს პარტიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი რესურსები,  ზუსტად ვიცით ჩვენი პოზიციები, ჩვენ ვიცით ჩვენი პარტიის ფასი, ჩვენი სიტყვის ფასი და სავარაუდოდ, ღირსეულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში.

-რა არის რესპუბლიკელების მთავარი გზავნილი ამომრჩევლებისადმი?
– ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისაგან, ჩვენთვის მთავარია  ყველა ოჯახში იყოს წყალი, იყოს განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი, გათავისუფლდეს საზოგადოება შიშისაგან, სტრესისაგან, ბიზნესი ზეწოლისაგან. გზა ევროპისკენ, ჩვენი კულტურის შერწყმა ევროპულ ცივილიზაციასთან, ჩვენი გზა და ჩვენი მომავალი არის ევროპასთან ურთიერთობა და ამერიკული სამხედრო ბაზები ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისათვის. ჩვენი მესიჯი გახლავთ სწორედ მეტი ქალის პოლიტიკაში გაერთიანება.
– როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პროცესებს?
– ბოლო, რამდენიმე დღის მანძილზე, ვნახეთ ძალიან მძიმე კადრები, ინციდენტი გორში, დიდინეძში, რაც დასაგმობია. ძალადობა გახლავთ შეცდომა. საზოგადოებამ იცის “ნაციონალური მოძრაობის” წარსული, ის მთელი 9 წლის მანძილზე ტერორით იყო დაკავებული. მათ ენით აღუწერელი დანაშაული ჩაიდინეს კაცობრიობის წინაშე, ეს არის პატიმრის წამება. ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ჩემი ბიძაშვილის ტრაგედიის მძიმე დღეებში, დასაფლავების პერიოდში, გავრცელდა ციხის წამების კადრები. მეგობრები მაწვდიდნენ ლინკებს. ცალკე ჩემი ოჯახის ტრაგედია, მეორე მხრივ პატიმრის კადრები, რომელსაც პოლიცია ელექტრო შოკებით აწამებდა, მამაკაცის სასოწარკვეთილი ბღავილი… ჩემთვის,”ნაციონალური მოძრაობის” მოსვლამდე, ქართველი კაცი იყო ქვეყნის, ოჯახის, სამშობლოს სიმბოლო, სიძლიერის სიმბოლო. მაგრამ ნაციონალებმა ეს ადამიანური ღირსება “მიწასთან” გაასწორეს. “ქართულმა ოცნებამ” ვერ მიაქცია ამ ფაქტს სათანადო ყურადღება. დიდის შეცდომა იყო ამის გამმართლებელი ხელისუფლება სათანადოო, რომ არ დაისაჯა, ანუ სამართლიანობა ვერ აღსდგა. მოსახლეობის, ჩვენი ამომრჩევლის წინასაარჩევნო პრეტენზია იყო სწორედ სამართლიანობის აღდგენა. ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიზიარებთ, როგორც კოალიციური ხელისუფლების წარმოამდგენლები. ისინი ამბობენ, რომ ” ქართული ოცნება” 2012 წელს დაჰპირდა მოსახლეობას, მოქალაქეებს, სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი პარტიის ლიდერი, თინა ხიდაშელი იყო ერთადერთი დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ითხოვდა საპარლამენტო კომისიის შექმნა, რასაც “ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა.
-ქალბატონო მაია, ვინ არიან თქვენი მშობლები?
– მამა ვალერი ღურწკაია, მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე, სპეციალობით იყო ეკონომისტი, დედა ირა ლაშხია უმაღლესი განათლებითაა. ძალიან მკაცრი დედა მყავს, ვართ სამნი- ორი და და ერთი ძმა. მყავს დისშვილები, ძმისშვილები.
-თქვენზე ამბობენ, წუნია არისო.
– არა, აქამდე არავინ დამიწუნია.
– რა არის თქვენთვის ყველაზე აუცილებელი ნივთი?
– რა თქმა უნდა ჩანთა, რომელიც მუდმივად მაქვს მოუწესრიგებელი. არ მიყვარს ბევრი მაკიაჟი, მაგრამ ჩანთით ვატარებ, მუდამ თან მაქვს მობილური ტელეფონი და ძალიან ბევრი სუნამო, რომ ხშირად ვიპკურო. ათ ცალს თუ დააკლდება, მაშინ ცუდად ვხვდები, დისკოფორტს განვიცდი ( იცინის).
-რა ჟანრის წიგნების კითხვა გიყვართ?
-განსაკუთრებით მიყვარს ისტორიული ჟანრის წიგნების წაკითხვა, ძალიან მიყვარს ტოლსტოი და ზოგადად, რუსი მწერლები (ვისაც რა უნდა იფიქროს). ჩემი სამაგიდო წიგნი არის კონსტანტინე გამსახურდია. მერამდენეჯერ ვკითხულობ “დავითა ღმაშენებელს”.
– თქვენი ზოდიაქო?
– მშვილდოსანი ვარ, 4 დეკემბერს ვარ დაბადებული.
– თავისუფალი დრო?
-თითქმის არ ვარ თავისუფალი, არც მაქვს თავისუფალი დრო. ისე, ძალიან მიყვარს დიასახლისობა, ხშირად ვაკეთებ ტორტებს, ნამცხვრებს, მაგრამ ახლა ჩემმა რძალმა ჩამანაცვლა.
– რა არ მოგწონთ ადამიანის თვისებაში?
-ამპარტავნება. ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ვყოფილიყავი მოკრძალებული, თავმდაბალი, რამაც ძალიან დამაზარალა
– რას ეტყვით თქვენს ამომრჩევლებს?
-ვურჩევ,შემოხაზონ ძალიან ბევრი “6”, თუ უნდათ, რომ გქონდეთ ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფის და ის ძალიან მოკლე ხანში იქნება ევროპასავით ცივილიზებული, განათლებული. ვიქნებით თავისუფალი პიროვნებები და აღარ შეგვეშინდება ვიღაცის ზეწოლის, ჩვენი აზრის გამოთქმის. დიახ, სწორედ ამიტომ მხარი უნდა დაუჭიროთ “რესპუბლიკურ პარტიას”, სწორედ ამიტომ უნდა შემოხაზოთ ციფრი “6”.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!