ლევან გვილავა: ფეხბედნიერი ახალი წელი, ზუგდიდელებო…


დიდინეძი-კახათის ახალგაზრდა გამგებელი გავიცანი. ლევან გვილავა საოცრად დახვეწილი, საქმიანი რესპონდენტი აღმოჩნდა; საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო შვილი, მამა და მეუღლე. საზოგადოებრივი საქმეებისთვის თავდადება, ყოველდღიური შრომა, ამ ახალგაზრდის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, იგი უყვართ დიდინეძში.
-წარმოშობით დიდინეძელი ვარ, პროფესიით იურისტი, 2014 წლიდან ვარ, სოფელ დიდინეძი-კახათის გამგებელი. 2014 წელს დიდინეძს გამოეყო დიდინეძი–კახათი. ორი უბანია გვაქვს: კუკავების და საქირიოს უბანი. სულ 150 კომლი ცხოვრობს სოფელში. 
-რითი იყო გამორჩეული გასული წელი თქვენთვის და თქვენი თანასოფლელებისთვის?
-სოფელში საფუძველი ჩაეყარა გზის მშენებლობას, რომელიც კომუნისტების დროსაც არ ყოფილა. ეს არის გზა, რომელსაც წლებია ვნატრობთ. ჩვენს სოფელში არ არის საბავშვო ბაღი და ამ წელს, გვინდა, ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, ეს პრობლემაც მოვაგვაროთ. მათივე დახმარებით მოგვარდება, ჩვენს სოფელში, ნაპირსამაგრების პრობლემა, კუკავების უბანშიც გაკეთდება გზა.-

–ახალგაზრდა გამგებლის დღის წესრიგი როგორია?

-დილით ადრე მივდივარ სამსახურში. ჩემთვის, ყოველი დილა, საზოგადოებრივ პრობლემებზე ფიქრითა და მის დაძლევის გზების ძიებით იწყება. ბუნებრივია, დილის საოჯახო საქმეებთან ერთად.
-თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიცია…
-ყოველ 31 დეკემბერს, ოჯახის შვილები, ჩვენ–ჩვენი ოჯახებით, ტრადიციულად, ვიკრიბებით და ერთად ვხვდებით ახალ წელს. მყავს ორი ძმა: გიორგი გვილავა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა და ირაკლი გვილავა, ქირურგი-სტომატოლოგი, ორივე დაოჯახებულია.
-თამადობა თუ გიწევთ? რომელია თქვენი გამორჩეული სადღეგრძელო?
-ხშირად მიწევს თამადობა. ჩემი გამორჩეული სადღეგრძელოა-გაუმარჯოს საქართველოს.
-როგორი ხართ ოჯახში მკაცრი, თუ ლმობიერი?
-როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, ოჯახში მკაცრიც ვარ და ლმობიერიც.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
-მამაჩემი-იანი გვილავა, რამდენიმე წელი მუშაობდა განათლების სიტემაში, ახლა მუშაობს ზუგდიდის სასაფლაოების მართვის ცებტრში. დედაჩემი, დოდო ქირია, კი პედაგოგია. ჩემი მეუღლე თამარ აბსანძე, ზუგდიდის მერიის თანამშრომელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი. გვყავს ორი შვილი ილია და ნია.
-ჩვენი ტრადიციული კითხვა: ადამიანის თვისებაში რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?
-მომწონს და მიყვარს უბოროტო ადამიანები. არ მიყვარს მოღალატე და უსამართლო ხალხი.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-ზუგდიდელებს ვუსურვებ ლაღ და მშვიდობიან ცხოვრებას. 2018 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!