ლაშა თოდუა: „არასდროს ჩემი თანასოფლელებისათვის ზურგი არ შემიქცევია“


ლაშა თოდუა ნარაზენელია, თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებული, – სხვაგან ვერსად ვიცხოვრებო ამბობს. ალბათ, ამ სიყვარულისთვის აირჩია ის სოფელმა სოფლის დეპუტატად, მის ხმად მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

–  სპეციალობით სამართალმცოდნე ვარ. სტუდენტობის დროს, მე-3 კურსიდან, სტაჟირებას გავდიოდი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 2012-2013 წლებში სტაჟირებას გავდიოდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ზუგდიდის ფილიალში. 2013-2014 წლებში ვმუშაობდი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”  ზუგდიდის რაიონის კოორდინატორად. ამჟამად ვარ  სოფელ ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მოგეხსენებათ, ნარაზენი ყოველთვის გამოირჩეოდა ზუგდიდის რაიონში თავისი ინტელიგენციით, ნიჭიერი, გონიერი ხელმძღვანელებით. ცნობილი სოფელია, მე მაქვს სურვილი მთელი ჩემი შესაძლებლობები მოვახმარო ამ სოფელს. არის პრობლემები, რომელთა დაძლევა თავისუფლად შეიძლება მონდომების შემთხვევაში. ვფიქრობ, დეპუტატის სტატუსი ჩემი სოფლისთვის უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას მომცემს.

– თქვენი მუშაობის პრინციპი?

_ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მე წარმოვადგენ “რესპუბლიკურ პარტიას”. ჩემი საქმიანობის განხორციელებისას მთავარი პრინციპია უშუალობა, პასუხისმგებლობა, საჯაროობა, მაქსიმალურად პრობლემების გადაწყვეტაა. ის, რაც აწუხებს ნარაზენელებს, მინდა  მივიტანო თვითმმართველობამდე, ცენტრამდე და დახმარება გავუწიო ჩემს თანასოფლელებს, ჩემს ამომრჩეველს.

– თქვენზე ამბობენ, საქმეში უკან დახევა არ იცისო…

– დიახ, ადრეული ასაკიდან მომყვება პრინციპულობა. არ მახასიათებს საქმეში უკან დახევა, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვცდილობ, რაც არ უნდა დაძაბული სიტუაცია იყოს, რაც არ უნდა რთული საქმე, მაქსიმალური სიმშვიდით და ცივი გონებით მოვეკიდო.

მე გავიზარდე ამ სოფელში, აქაა ჩემი ოდაბადე, არასდროს არცერთი ჩემი თანასოფლელისათვის  ზურგი არ შემიქცევია  და ვფიქრობ, არც თვითონ  შემაქცევენ ზურგს.

გინანიათ თუ არა თქვენი არჩევანის შესახებ და რომ შეგეძლოთ შეიცვლიდით პროფესიას?

_  არა,  ნამდვილად არ მინანია და ვფიქრობ და ვთვლი რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მეტნაკლებად კარგად გამომდის და მეტნაკლებად ვერკვევი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკა არის ჩემი ცხოვრების მთავარი სფერო და ამ პოზიციაზეც მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაც  შეიძლება მეტი გავაკეთო ჩემი სოფლისთვის და ჩემი ხალხისთვის. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება არასდროს არ მინანია და მომავალშიც არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას, დიდხანს ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას.

  მკაცრი ხართ თუ პრეტენზიული?

– ვერ ვიტყოდი, პრეტენზიულობითა და სიმკაცრით გამოვირჩევი მეთქი, – უბრალოდ, ჩემს ხასიათში არის პრინციპულობა.

თქვენი ოჯახი გააცანით ზუგდიდელებს.

– მამა გახლავთ თამაზ თოდუა,  დედა გულნარა  ტიბუა-თოდუასი.  ძმა კოტე თოდუა, რომელიც არის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი ბებია-ბაბუაც – გოგოლა სვანიძე და დავით თოდუა მშრომელი ადამიანები იყვნენ, ბებია მრავალი ჯილდოს, ორდენისა და მედლის კავალერი იყო. ის შრომობდა თავისი სოფლისთვის და ოჯახისთვის. მეც მზად ვარ, წინაპართა ტრადიციების გასაგრძელებლად.

როზა როგავა  


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!