ზურაბ კანკია და ბენდი «ზუგდიდი»

IMG_2200

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ბენდი «ზუგდიდი» 2009 წელს შეიქმნა. ბენდი «ზუგდიდის» ვოკალის პედაგოგი გახლავთ ზურაბ კანკია. ბატონ ზურაბს არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი.
ინტერვიუზე მისულს გვითხრა, ჩემს ნაცვლად ბავშვები ჩაწერეთ, ბენდის წარმატებებზე ისინი მოგიყვებიანო. თუმცა, დიდი მცდელობის შემდეგ ბატონი ზურაბიც დავითანხმეთ ინტერვიუზე. «პროფესიით მუსიკოსი ვარ. 1973 წლიდან ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა ანსამბლს. 1977 წელს ჩავატარე ბავშვებთან პირველი გაკვეთილი, მას შემდეგ სულ ბავშვებთან მიწევს ყოფნა. ბენდის წარმატებები და მიღწევები ამ ბავშვების დამსახურებაა, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ თავისი ქალაქი ასახელონ. ბავშვებს გვერდში უდგანან მშობლები, რომ არა მათი მხარდაჭერა და მონდომება დღეს ჩვენ იმის გაკეთებასაც ვერ შევძლებდით, რაც გავაკეთეთ».
- ბენდი «ზუგდიდი» არაერთი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის გამარჯვებულია…
- დიახ, ბენდი «ზუგდიდი»არაერთი საერთშორისო ფესტივალის, კონკურსის გამარჯვებულია. ბენდი, როცა დაარსდა, ზუგდიდის გამგებელი იყო ბატონი ალიკა ქობალია, რომელიც თავის დროზე ძალიან დაეხმარა ბენდს. ბენდი 2012 წელს საერთაშორისო ფესტივალზე «ოქროს ვარსკვლავი» გრანპრის მფლობელი გახდა, ასევე, ბენდმა ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე „სლავიანსკი ვენეც“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც პირველი ადგილი და სპეციალური პრიზი «ჟიურის რჩეული» დაიმსახურა. ბენდის ოთხი სხვადასხვა თაობა უკრავს საქსაფონზე, დრამზე, ბასგიტარაზე, სოლოგიტარაზე, რითმგიტარაზე, დასარტყამ და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, გონგზე და ფლეიტაზე. ბენდის წევრები მღერიან როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებს, ისე მსოფლიო ჰიტებს.
- ბენდი ხშირად მართავს კონცერტებს თავის ქალაქში და მაყურებლის ოვაციებსაც იმსახურებს…
- ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ გულშემატკივრობს შენი ქალაქი. ბავშვებისთვის სტიმულის მიცემა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვს ვგრძნობთ ჩვენი თანაქალაქელების მხარდაჭერას და გვერდში დგომას. ჩვენს ქალაქში, ტრადიციულად, ვატარებთ საახალწლო კონცერტებს. კონცერტებს ვატარებთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე, ბავშვთა დაცვის დღეს. გვაქვს საანგარიშო კონცერტები. ძალიან ბევრ კონცერტში მიგვიღია მონაწილეობადა მაყურებლის სიყვარული, სიმპატია დაგვიმსახურებია. ჩვენი შესრულებით მსმენელი აღფრთოვანებულა. ყოფილა შემთხვევა, სცენაზე გავსულვართ, გვიმღერია და მაყურებლის თხოვნით ხელმეორედ შეგვისრულებია.
-ბატონო ზურაბ, ბენდში რამდენი აღსაზრდელი ირიცხება?
- ბენდში 29 ბავშვი ირიცხება. გვყავს უფროსი, საშუალო და პატარა ჯგუფი. არ მიყვარს ბავშვების შექება და წახალისება. თუ წამომცდა და შევაქე, მაშინ უხარიათ. ძალიან კარგი ბავშვები არიან. რაც მთავარია, მოტივირებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები.
- ბენდს, საზღვარგარეთის ქვეყნები როგორ ხვდება?
- ყველგან, სადაც კი ჩავსულვართ, მუდამ ოვაციებით და აპლოდისმენტებით გვხვდებიან. ერთ-ერთ კონკურსზე ჟიურიმ არ დაიჯერა, რომ ბავშვები, თავისუფლად უკრავდნენ ინსტრუმენტებზე. კონკურსზე ოთხი სიმღერა უნდა ჩაგვეტანა. ჟიურიმ რომ მოგვისმინა, მოგვთხოვა მთლიანი კონცერტის ჩატარება. ჩვენც ჩავატარეთ სამსაათიანი კონცერტი და მაყურებელის დიდი მოწონება დავიმსახურეთ.
- ბენდის სახელწოდება «ზუგდიდი» ვისი იდეა იყო?
- ბენდის სახელწოდება «ზუგდიდი» ეკუთვნის სასახლის დირექტორს ქალბატონ ნინელი ჭითანავას. ჩვენც მის არჩევანს მხარი დავუჭირეთ.
- როგორც ვიცი, ბენდში სწავლა უფასოა?
-დიახ, ბენდში სწავლება უფასოა. ჩემთან ერთად მუშაობს ხმის რეჟისორი ბატონი გოდერძი წიწავა. სხვათაშორის 2008 წელს დამირეკეს მადონა ჯაბუამ, ნინო მამფორიამ და გოდერძი წიწავამ მითხრეს ჩამოდი შენს ქალაქს სჭირდებიო. ბენდში ვოკალის დღე არის ოთხშაბათი. შაბათი და კვირა რეპეტიციის დღეებია.
- თქვენი დიდი გულშემატკივარი ვინ არის?
- ჩემი დიდი გულშემატკივარი გახლავთ ბავშვები. ისინი მუდამ ჩემს გვერდით არიან. ყოფილა შემთხვევა, როცა უხასიათოდ ვარ და მათ გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან.
-კულისებს მიღმა, ალბათ მასწავლებელი ნერვიულობს?
- მიუხედავად იმისა, რომ ბენდის წევრები დიდი მონდომებით და ყურადღებით ეკიდებიან დაკისრებულ საქმეებს, სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის ვნერვიულობთ, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ კონცერტის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნერვიულობა და დაძაბულობა უსაფუძვლო გვეჩვენება.
- ბატონო ზურაბ, თქვენი ჰობი?
- ბავშვებთან ურთირთობა ჩემი ჰობია.
- საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ ოჯახზე მომიყევით…
- 1994 წელს, რუსეთში წავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ იქ მყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილები. მთელი ჩემი სანათესაო, ახლობლები და სამეგობრო რუსეთშია. ზუგდიდში 90 წლის დედა მყავს, რომელსაც ვუვლი. ოჯახი ძალიან მენატრება, მაგრამ ჩემს ცოდნას, გამოცდილება და ნიჭი მომავალი თაობების აღზრდას უნდა მოვახმარო.
- სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი გეგმები ასოცირდება ბენდ «ზუგდიდთან». დაფინანსების მხრივ, მშობლების იმედად ვართ. აპრილის თვეში მიწვევა გვაქვს ალანიაში, მაგრამ ფინანსების გამო ვერ მივდივართ. ამის გარდა, მიწვევა გვაქვს ბოდრუმში, მაისის თვეში გვინდა მარმარისში წასვლა, მაგრამ ეს საკითხი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ვნახოთ როგორ იქნება.
ეკა ფარულავა

 

მოგეწონა სტატია? - გააზიარე!

Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes